მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა მოხდება, თუ დონალდ ტრამპს დააპატიმრებენ?

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაპატიმრება ემუქრება.

დაკავების შემთხვევაში, ის იქნება აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც მსგავსი სახის სისხლის სამართლის ბრალდებას წაუყენებენ.

რაში ადანაშაულებენ ტრამპს?

2016 წელს პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსი მედიასაშუალებებს დაუკავშირდა და 2006 წელს ტრამპთან ინტიმური რომანის შესახებ ისტორიის გაყიდვა შესთავაზა. 

ტრამპის გუნდმა ამის შესახებ გაიგო და მისმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა დენიელსს გაჩუმებისთვის 130 000 დოლარი გადაუხადა.

ეს ქმედება უკანონო არ არის, თუმცა თანხის გადახდის ჩანაწერში ნათქვამია, რომ ეს თანხა ადვოკატის იურიდიული მომსახურებისთვის იყო გადახდილი. პროკურორები აცხადებენ, რომ ეს ტრამპის ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებაა, რაც ნიუ-იორკის კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია. 

პროკურორებს ასევე შეუძლიათ განაცხადონ, რომ ეს არღვევს საარჩევნო კანონს, რადგან ტრამპის მიერ პორნოვარსკვლავისთვის გადახდილი თანხის დამალვის მცდელობა მოტივირებული იყო იმით, რომ მას არ სურდა, ამომრჩევლებს მისი რომანის შესახებ გაეგოთ. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში სისხლის სამართლის საქმეზე ასეთი დევნის პრეცედენტი არ არსებობს და წარსულში პოლიტიკოსებისთვის მსგავსი სახის ფინანსური მაქინაციების გამო სასჯელის დაკისრების მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.

ნამდვილად წაუყენებენ თუ არა ტრამპს ბრალს?

გადაწყვეტილება ბრალდების წარდგენის შესახებ ეკისრება ნიუ-იორკის ოლქის პროკურორ ელვინ ბრეგს. მან შექმნა დიდი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რათა გამოეკვლია, იყო თუ არა საკმარისი მტკიცებულებები სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად და ის ერთადერთია, ვინც იცის, გამოცხადდება თუ არა საბრალდებო დასკვნა.

გასულ კვირას ტრამპის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ყოფილ პრეზიდენტს შესთავაზეს დიდ ნაფიც მსაჯულთა წინაშე გამოსულიყო, რაც მიჩნეულია იმის ნიშნად, რომ გამოძიება დასასრულს უახლოვდება.

ადვოკატებმა უარყვეს განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ ან ტრამპს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მოსალოდნელი ბრალის წაყენების შესახებ და აღნიშნეს, რომ ამის შესახებ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები მედიის ცნობებს ეყრდნობოდა. 

რა მოხდება, თუ ტრამპს ბრალს წაუყენებენ?

თუ პროკურორი ბრალის წაყენებას გადაწყვეტს, ის ამის შესახებ ჯერ ტრამპს და მის ადვოკატებს აცნობებს და დაიწყებს მოლაპარაკებებს იმაზე, თუ როგორ და როდის გამოცხადდება ყოფილი პრეზიდენტი ნიუ-იორკში მისი ოფიციალური დაკავებისა და სასამართლოში პირველი მოსმენისთვის.

საბრალდებო დასკვნის გამოცხადება შესაძლოა, საოლქო პროკურატურის ოფისმა ან თავად დონალდ ტრამპის გუნდმა გაასაჯაროოს. 

დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ტრამპის წინააღმდეგ ოფიციალურ ბრალდებას, არ გახდება საჯარო იქამდე, სანამ მოსამართლე მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს არ წაიკითხავს.

ასეთი ნაბიჯის ისტორიული ხასიათისა და უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით, ტრამპის ნიუ-იორკში ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით გაურკვეველია.

ტრამპის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ის სასამართლოსთან ითანამშრომლებს, ამიტომ მისი დაკავების ორდერი გაცემული არ იქნება.

ტრამპს აქვს საკუთარი პირადი თვითმფრინავი, ასე რომ, მას შეუძლია, ნიუ-იორკში გაფრინდეს და აეროპორტიდან სასამართლოში ავტომობილით მივიდეს. 

დაადებენ თუ არა ტრამპს ბორკილებს?

პირებს, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულში ედებათ, როგორც წესი, დროებით ხელბორკილები ედებათ, თუმცა ტრამპის ადვოკატები შეეცდებიან, რომ ყოფილ პრეზიდენტს ეს თავიდან აარიდონ.

მოსამართლის წინაშე წარდგენამდე ტრამპი, სავარაუდოდ, დროებითი მოთავსების იზოლატორში იქნება გადაყვანილი.

მოსამართლის შერჩევის შემდეგ, სხვა დეტალები გახდება ცნობილი, როგორიცაა სასამართლო პროცესის დრო და გირაოს მოთხოვნები ბრალდებულისთვის.

თუ ტრამპს დანაშაულის ჩადენის ბრალდებით გაასამართლებენ, მას 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა ზოგიერთი იურიდიული ექსპერტი ვარაუდობს, რომ ტრამპისთვის გირაოს დაკისრება უფრო მეტად სავარაუდოა, ვიდრე გისოსებს მიღმა რამდენიმე წლის გატარება. 

შეეძლება თუ არა ტრამპს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კვლავ იყოს?

საბრალდებო დასკვნა ან თუნდაც გასამართლება ტრამპს საპრეზიდენტო კამპანიის გაგრძელებაში ხელს არ შეუშლის. მას შეეძლება, რომ საპრეზიდენტო კამპანია ციხიდანაც კი აწარმოოს.

მიუხედავად ამისა, ტრამპის დაპატიმრება, რა თქმა უნდა, მის საპრეზიდენტო კამპანიას გაართულებს. 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტრამპის დაკავება ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში არსებულ განხეთქილებას კიდევ უფრო გააღრმავებს და გააღვივებს.

მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 ბრძოლები იმდენად ინტენსიურად მიდის, რომ უკრაინა ყოველდღიურად 7000-მდე ჭურვს იყენებს - სტოლტენბერგი

👉 თუ რუსეთს არ სურს ტანკების მწყობრიდან გამოყვანა, შეუძლია, უკრაინიდან გაიყვანოს მებრძოლები - კირბი პუტინის მუქარაზე

👉 მოსკოვი ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებაში ხედავს - რუსეთის საგარეო უწყება

👉 საქართველო და რუსეთი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ზღვარზე არიან - რუსეთის დუმა

👉 შვედეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა