რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი 2027 წლის 1-ელ იანვრამდე მის ტერიტორიაზე რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადეს.
„რუსეთის სამხედრო ეკონომიკა წიაღისეული საწვავის შემოსავლებზეა დამოკიდებული. ჩვენ გვსურს ამ შემოსავლების შემცირება. ამიტომ, ჩვენ ვკრძალავთ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე. ონკანის დაკეტვის დროა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
კალასმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ევროკავშირი გეგმავს რუსული თხევადი გაზის სრულად მიტოვებას მომავალი წლის ბოლოსთვის.
„ჩვენი მიზანია, დავაჩქაროთ რუსული თხევადი გაზის თანდათანობითი გაუქმება 2027 წლის 1-ელი იანვრისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.