უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევენტე მადიარმა, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დათმო უნგრეთმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თავისი ტერიტორიის 2/3 „მშვიდობის გულისთვის“, რითაც მიანიშნა, რომ უკრაინამ ახლა თავისი ტერიტორიის მეხუთედი უნდა დათმოს. წერს გამოცემა Telex.
უნგრელმა დიპლომატმა გაიხსენა პირველი მსოფლიო ომი და ტრიანონის ხელშეკრულება, რომელიც 1920 წელს გაფორმდა ომში დამარცხებულ სახელმწიფოთა ბლოკის მონაწილე უნგრეთსა და ომში გამარჯვებულ მოკავშირე ქვეყნებს შორის.
მისი თქმით, მაშინ ქვეყანა დამარცხებულების მხარეს აღმოჩნდა და მხოლოდ ორი ვარიანტი ჰქონდა: ან იარაღი უნდა აეღო ხელში და ჩაედინა კოლექტიური თვითმკვლელობა, ან უნდა დათანხმებულიყო მშვიდობის პირობებს, თუნდაც ეს მას ტერიტორიის 2/3-ის დაკარგვა გამოეწვია.
მისი აზრით, იმდროინდელმა მთავრობამ მიიღო ერთადერთი გონივრული, თუმცა ტრაგიკული გადაწყვეტილება - შეენარჩუნებინა ქვეყნის, სულ მცირე, მესამედი და არ შეეწირა ყველაფერი.
„მტკივნეული იყო თუ არა ეს? რა თქმა უნდა, მტკივნეული იყო. ახალ უკრაინას უნდა დაეთმო თავისი ტერიტორიის მეხუთედი. მე არ მინდა მივუთითო, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს უკრაინამ, მაგრამ მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ჩვენი გამოცდილება აჩვენებს - მშვიდობა ზოგჯერ მტკივნეულია. კითხვა ასეთია, რა უფრო მნიშვნელოვანია - ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება თუ რამდენიმე ათას კვადრატულ კილომეტრზე მიბმა“, - აცხადებს უნგრელი დიპლომატი.
მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ ომის გაგრძელების ყოველ დღესთან ერთად, ესკალაციისა და გაფართოების რისკი იზრდება.
„საჭიროა მშვიდობა ნებისმიერ ფასად“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.