მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღეს არ გადავუყვანივარ“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე Pia.ge

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მისი საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

სააკაშვილი მადლობას უხდის ციხესთან მისულ მის გულშემატკივრებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას მორალური მხარდაჭერისთვის.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, მას იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი შედეგებს გამოიღებს:

„მადლობა ყველას, ვინც ციხესთან მოვიდა. მეგობრებო, დღეს არ გადავუყვანივარ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ციხის ექიმები ყველანი შეშფოთებულები არიან და ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია ჩემი დაუყოვნებლივ სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით, სანამ შევძლებ ნამდვილ მკურნალობას, მაგრამ ეს ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი, სადაც ჩემზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელთა შედეგადაც დადგა ჩემი დღევანდელი მდგომარეობა.

ძალიან მადლობელი ვარ საზოგადოების სოლიდარობის, განვიცდი ბათუმში დაკავებებს. ასევე, მადლობელი ვარ საერთაშორისო თანამეგობრობის მორალური მხარდაჭერის. იმედია, ეს ყველაფერი შედეგებს გამოიღებს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, 8 მაისს, საღამოს საათებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და აგრეთვე, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაჰყავდა.

აღნიშნული ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურში უარყვეს. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა Pia.ge-ს განუცხადა, სასწრაფო და საბადრაგო მანქანა ნამდვილად მივიდა რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, თუმცა ეს სხვა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება, რომელიც საპატიმროდან გაიყვანეს. 

მოგვიანებით, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი საპატიმროდან კლინიკაში არ გადაუყვანიათ.

მისივე თქმით, პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა.

აგრეთვე, 8 მაისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდება და საჭიროების შემთხვევაში მას მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

აგრეთვე, მათივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 - საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.

ამავე თემაზე:

🔴 სააკაშვილის საპატიმროდან გაყვანას პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს

🔴 „სააკაშვილი არსად გაუყვანიათ“ - იუსტიციის მინისტრი