მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონში გერმანელი „ტურისტები“ რომ ჩასულიყვნენ და პაბებში გერმანული სიმღერები ემღერათ, რა რეაქცია ექნებოდა ბრიტანეთს? რა შუაშია ქსენოფობია? - ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, აგრესიის შემდგომი დიდი ტალღის საფრთხეს ქმნის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებაში ნერგავს შიშს და იძახის „ოღონდ ომი არ იყოს და ყველაფერზე წავალთ“.

როგორც „მთავარი არხის“ ეთერში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის თაობაზე საუბრისას ბოკერიამ განაცხადა, სწორედ ეს რიტორიკა არის მტრის დაპატიჟება. 

ბოკერია ამბობს, რომ მმართველი გუნდი დგას ქსენოფობიაზე და ქვეყანაში მოქალაქეებს ყოფს. 

„ქსენოფობია არის შიში და სიძულვილი განსხვავებული ადამიანის მიმართ და ეს არის, ის რაზედაც „ქართული ოცნება“ წლებია დგას. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაყოფა ამა თუ იმ ნიშნით, სიძულვილზე აგება ძალადობრივი კამპანიის, აი, ეგ არის ქსენოფობია. 

მტრული სახელმწიფოს, პუტინის რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით ან საგრძნობლად მეტი რაოდენობით შემოსვლა ან ბიზნესის დაწყება, მაშინ როცა მთელი სამყარო უპირისპირდება და გუდავს რუსეთს, ეს იწვევს ნებისმიერი ნორმალური ადამიანის შეშფოთებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ გყავს ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს იცავს. ეს ქსენოფობია არ არის და ამას ჰქვია ნორმალური, პატრიოტი ადამიანის ინსტინქტი“, - აღნიშნა ბოკერიამ. 

ბოკერია მიიჩნევს, რომ მხოლოდ სავიზო რეჟიმის დაწესება არ შველის ქვეყანას, რადგან ხელისუფლება არის შესაცვლელი.

„ჩვენ პირველ რიგში ხელისუფლება გვყავს შესაცვლელი, სავიზო რეჟიმიც არ გვიშველის და ლაპარაკიც არ გვიშველის. ხომ ხედავთ, რომ ამ ვითარებასაც იყენებენ თავიანთი უტიფარი კამპანიისთვის. 

ომის შიშზე, რაც ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს, აგებენ ტყუილების კამპანიას. წარმოიდგინეთ, რა აბსურდთან გვაქვს საქმე, თუკი რამე გვიზრდის საფრთხეს მომავალში შემდგომი აგრესიის დიდი ტალღის, არის ის, რომ თუ ასეთი ხელისუფლება გყავს, რომელიც საზოგადოებაში ნერგავს შიშს და იძახის „ოღონდ ომი არ იყოს და ყველაფერზე წავალთ“. აი, ეს არის მტრის დაპატიჟება. 

უკრაინაში ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც პუტინმა განახორციელა ბოლო აგრესიის ტალღა, ეს იყო მისი სპეცსამსახურების ინფორმაცია და პრორუსული პოლიტიკოსები, ვინც იძახდნენ უკრაინაში, რომ „უკრაინაში წინააღმდეგობა არ შეგხვდებათ, შემოდით და დალაგდებით“. 

ესენი ყველაფრის აღრევას ახდენენ, სიძულვილი ადამიანის, ეთნიკური ან ნებისმიერი სხვა ნიშნის მიხედვით არის კატეგორიულად მიუღებელი, „ოცნება“ ჩვენს მოქალაქეებს ყოფს. მტრული სახელმწიფოს მოქალაქეების შემოსვლა დიდი რაოდენობით უკონტროლოდ, როცა ხელისუფლება თავის ადგილზე არ დგას, მინიმუმ, ამაზე შეშფოთება არის სრულიად ნორმალური. 

წარმოიდგინეთ და ისტორიული ვითარება მოვიყვანოთ მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონში ბევრი გერმანელი „ტურისტი“ რომ ჩასულიყო და პაბებში გერმანული სიმღერები რომ ემღერათ, რა რეაქცია ექნებოდათ გაერთიანებულ სამეფოს? რა შუაშია აქ ქსენოფობია? ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შეზღუდეს რუსეთის მოქალაქეების შესვლა, რატომ უსაფრთხოების მოსაზრებებით. რა შუაშია აქ ქსენოფობია? ამათ ერევათ მოქალაქეობა და ეთნიკური წარმოშობა“, - აცხადებს გიგა ბოკერია. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️  თქვენი პარტიის, „ნაცმოძრაობის“ მიტინგი იყო რუსთაველზე, როდესაც დავით არახამიამ რუსულ ენაზე მოგმართათ და არავის რეაქცია არ ჰქონია

✔️ თუ თქვენ გაქვთ ზიზღი რიგითი რუსის მიმართ, მაშინ თქვენ არაფერი გსმენიათ არც ადამიანის უფლებებზე, არც საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებზე, არც კულტურაზე - ირაკლი კობახიძე „მთავარის“ ჟურნალისტს