მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილა

დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა

პარლამენტმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილა.

დასკვნაში მოყვანილ შემაჯამებელ შეფასებებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პირველი თემა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო კომისიას საკვლევად განუსაზღვრა, იყო ძალადობა.

მისი თქმით, კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად: შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური, რაც ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული; დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა ატარებდა საყოველთაო ხასიათს და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პირველ რიგში კი - მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება; სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პატიმრობის პირობები ცალკე აღებული უტოლდებოდა წამებასა ან არაადამიანურ მოპყრობას; პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი.

მისივე თქმით, პროკურატურა, როგორც წამყვანი სამართალდამცავი ორგანო, არამცთუ არ ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობებს და არ ატარებდა სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პირდაპირ იყო ჩართული პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში.

თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიამ ასევე დაადგინა, რომ დაუსჯელობის სინდრომი და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა სამართალდამცავ სტრუქტურებში ძალადობის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.

„ამას მოწმობს ისიც, რომ, მიუხედავად იმ ფაქტებისა, რაც დასკვნაშია მოყვანილი, მიხეილ სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც თავად სჩადიოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ან სათავეში ედგა ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა. საგამოძიებო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით, უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა, განსაკუთრებით კი, იმ პირების შემთხვევაში, რომელთაც ადამიანის წინააღმდეგ დანაშაული აქვთ ჩადენილი“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლება არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რითაც უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობასა და ევროპულ კონვენციას.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2004-2009 წლებში, სახალხო დამცველის აპარატი იყო ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც სწრაფად რეაგირებდა საჩივრებზე, გამოავლენდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და სისტემატურად ითხოვდა მათზე სათანადო რეაგირებას.

თეა წულუკიანის განცხადებით, 2004 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა მიმართვიანობა ევროპული სასამართლოსადმი და არაერთ შემთხვევაში, მძიმედ ავადმყოფი პატიმრისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა სწორედ სტრასბურგის სასამართლოს ჩარევით მოხერხდა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი, სრულად იყვნენ ინფორმირებული ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მაგრამ არ იღებდნენ ამის საწინააღმდეგოდ არავითარ ზომას, რადგან თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების მასობრივი დარღვევა, მათ მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა მათთვის აღმოსაფხვრელი პრობლემა კი არ იყო, არამედ - სახელმწიფოს მართვის მეთოდი.

„ძალაუფლების დემონსტრირების, დაშინებისა და დამორჩილების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები და სხვა მაღალჩინოსნები ადამიანებს თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთდნენ, აწამებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, აუპატიურებდნენ ან კლავდნენ.
პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი ან ორგანიზებული მკვლელობისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები გააყალბა, საქმის შესახებ მისთვის ხელსაყრელი ვერსია გაავრცელა ან/და განზრახ არასწორად წარმართა გამოძიების პროცესი, რის გამოც, ზოგიერთ საქმეზე დღემდე შეუძლებელია ჭეშმარიტების დადგენა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში.

თეა წულუკიანის განცხადებით, დასკვნაში აღწერილ საზარელი წამებისა და მკვლელობის არაერთ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მსხვერპლად ქცეულ, განსხვავებული აზრის ადამიანებს „ჯაშუშობას“, „რუსეთის აგენტობას“ და „სამშობლოს ღალატს“ უსაფუძვლოდ აბრალებდა, რაც დღესაც ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების უცვლელ ხელწერად რჩება.

როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფის ფაქტებზე საუბრისას დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, კომისიამ დაადგინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სისტემატურად და მასობრივად არღვევდა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას.

მისივე თქმით, 2012 წლის სექტემბერში პატიმართა წამების კადრების გავრცელებით მხილებულ იქნა სისტემური დანაშაული.

თეა წულუკიანის განცხადებით, დასკვნაში მოყვანილი ფაქტებისა და ინფორმაციის ანალიზი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიამ დადგენილად მიიჩნიოს, რომ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში დაამკვიდრა მოქალაქეთა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების, პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეოკადრების ფარულად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შექმნის, შენახვისა და სხვადასხვა უკანონო მიზნით გამოყენების მავნებლური და საყოველთაო პრაქტიკა.

„ყოველივე ეს კი ხელს უწყობდა ადამიანებში შიშისა და დაუცველობის განცდის დამკვიდრებას, რამაც ზოგიერთი მათგანის ფსიქიკაზე წარუშლელი კვალი დატოვა. ამასთან, საზოგადოებაში დღემდე არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ფლობდეს მათ მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას უკანონოდ დამზადებული ჩანაწერების ასლებისგან შემდგარ ე.წ.შავ არქივს, რომელსაც, ნებისმიერ დროს, კვლავ მსხვერპლების წინააღმდეგ ან პოლიტიკური მიზნით გამოიყენებს“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

შემდეგი თემა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა, შეეხება კორუფციას, ბიზნესის რეკეტს და საკუთრების უფლების ხელყოფის უხეშ ფაქტებს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტის სხვადასხვა სქემა ჰქონდა შემუშავებული. სქემებში მონაწილეობდა არაერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, დავალებას ამ სტრუქტურის ხელმძღვანელის გვერდის ავლითაც იღებდა და ასრულებდა. სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი სტრუქტურები სამართავად გადანაწილებული ჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებიც, ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობისა და ერთმანეთის ხელშეწყობის შედეგად, სახელმწიფო რესურსის გამოყენებითა და ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის, უკანონო დაკავების, სისხლის სამართლის საქმის უსაფუძვლოდ აღძვრით და სხვა, ბიზნესის წარმომადგენლებსა და კერძო მესაკუთრეებს აიძულებდნენ, უძრავი ან მოძრავი ქონება დაეთმოთ. დადასტურდა, რომ არსებობდა დასატერორებელ ბიზნესმენთა ე.წ.შავი სია და ბიზნესის რეკეტი პირადი ან პოლიტიკური შურისძიებისთვისაც გამოიყენებოდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ნათლად გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეწყობილ, ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ სქემაში კერძო ბანკი „თიბისი“, მისი ხელმძღვანელები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ბანკის ზოგიერთი სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

თეა წულუკიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის განმავლობაში, ქონებრივი უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით კომისიაში ყველაზე მეტი - ასეულობით განცხადება შევიდა.

მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებზე საუბრისას კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2004 წლამდე ქართული მედია იყო მრავალფეროვანი და მწვავედ რეაგირებდა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, რაც თავისუფლების შედარებით მაღალ ხარისხზე მიუთითებდა.

„ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ეს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. არაერთი საქმის ანალიზის შედეგად, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სხვადასხვა მეთოდით დაიწყო მედიის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა და მედიაკომპანიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოვლინდა, ეს მისწრაფება მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ თავისი პოლიტიკური კარიერის ადრეული წლებიდან გამოავლინა. ის პირდაპირ უკავშირდებოდა მისთვის სასურველ მედიაკომპანიას და სთავაზობდა, რომ „მისი გამხდარიყო“, ხოლო სანაცვლოდ გრანტებსა და ხელშეწყობას ჰპირდებოდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობას“ აქტიურად უწყობდა ხელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

თეა წულუკიანმა ასევე ისაუბრა კომისიის კიდევ ერთ საკვლევ თემაზე - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ ქმედებებზე.

როგორც მან აღნიშნა, კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს.

თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მილიტარისტული და უპასუხისმგებლო პოლიტიკა კიდევ უფრო გამძაფრდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ.

კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს სხვადასხვა ფაქტები და გარემოებები გააცნო.

„მოყვანილმა და სხვა გარემოებებმა, ერთობლიობაში, განაპირობა სამდღიანი ომი, მარცხი, დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, დევნილთა რიცხვის ზრდა, გაუმართლებელი მსხვერპლი, როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე, სამოქალაქო მოსახლეობაში, და მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ მანამდე ოკუპირებულ 363 დასახლებულ პუნქტს, 111 ოკუპირებული დასახლებული პუნქტი შეემატა. რუსეთის ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა მანამდე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი კოდორის ხეობაც, ხოლო ახალგორი ხელოვნურად შექმნილი დროებითი ადმინისტრაციის შედეგად ასევე ოკუპირებული იქნა რუსეთის მიერ, რაც სააკაშვილის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა გააადვილა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად საბოლოოდ დადგინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, სულ ცოტა, 2008 წლის ივლისის ბოლოდან იცოდა, რომ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულზე იყო, მაგრამ არავითარი ზომა არ მიიღო იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი არეალიდან დროულად გამოეყვანა.

„უფრო მეტიც, როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მოსახლეობის დროული ევაკუაცია რეჟიმის მიზანს არ წარმოადგენდა. მოგვიანებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა - გიორგი კანდელაკმა, დავით დარჩიაშვილმა, გიორგი (გოკა) გაბაშვილმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ - გიორგი თარგამაძემ ხმა მისცეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1633 რეზოლუციას, რითაც 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით „ცხინვალის დაბომბვა“ აღიარეს და საკუთარი ქვეყნის ჯარი ომის შესაძლო დანაშაულის ჩადენაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

თეა წულუკიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა 2019 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად.

„ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები ერთობლიობაში აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს, და რა როლს ასრულებდა მოვლენების განვითარებაში თავად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც, 2019 წლის ივლისამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და არაერთი წლის მანძილზე ასრულებდა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლის ფუნქციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, თეა წულუკიანმა კიდევ ერთ თემაზე - 2012-2025 წლებში მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობაზე შეაჩერა ყურადღება.

მისი თქმით 2012-2025 წლებში, სახელმწიფოს მუდმივად უწევდა ისეთ გამოწვევასთან გამკლავება, როგორიც იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მრავალჯერადი მცდელობა, რომლის ძირითად შემსრულებლად დესტრუქციული ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ.

„ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2022 წლის თებერვლიდან სახელმწიფოს მოუწია ძალზე მტკივნეული პროცესების დაძლევა და საქართველოს ომში ჩათრევის განუწყვეტელი მცდელობების მოგერიება.
საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეშლას, მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ახორციელებენ დასკვნაში მოხსენიებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ისეთი პოლიტიკური გაერთიანებები, როგორიცაა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სრულ კოორდინაციასა და კოალიციურ მმართველობაში მყოფი „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისია განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 2012 წლიდან დღემდე პერიოდის კვლევამ ვერ გამოავლინა ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირეს თუნდაც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ მმართველ ძალას. პირიქით, მათ ყველა ზომას მიმართეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა და საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი არ გამხდარიყო.

„შემაჯამებელი შეფასების სახით, უნდა აღინიშნოს, რომ არც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და არც შემდგომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი მის მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების აღიარების ან მონანიების მიზნით. პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა და კვლავაც კეთდება იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი განვითარების ეპოქად შეირაცხოს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ძალადობრივი წარსულისაგან განიბანოს და, გარე ძალებისა და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, დაუბრკოლებლად განაგრძოს კონსტიტუციური წყობილების, სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ მის მიერ ამჟამად წარმოებული საქმიანობა“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით დადგენილების პროექტი მომზადდება, რომელსაც პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის.