მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დაამტკიცა

მამუკა მდინარაძე

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა.

მდინარაძის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

მამუკა მდინარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 85-მა წევრმა, წინააღმდეგი არცერთი იყო.

კენჭისყრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მამუკა მდინარაძეს სუსის ხელმძღვანელად არჩევა მიულოცა და აღნიშნულ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

პაპუაშვილის თქმით, მამუკა მდინარაძე კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოების სისტემას.

„მინდა, მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რომელიც საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტში აქვს გაწეული. მოყვარემაც და, რაც მთავარია, მტრებმაც ძალიან კარგად იციან, რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში. ზუსტად ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და ჩვენი ქვეყნის მტრების საზიანოდ, დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება გამორჩეული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული და რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ მშვიდობა, კეთილდღეობის ზრდის ის ტემპები, რომელიც გვაქვს იმ რეგიონულ გაურკვევლობებში და ტურბულენტობებში, რომელსაც საქართველო გადის. მამუკა მდინარაძეს ვუსურვებთ ისეთივე წარმატებას, როგორი წარმატებული პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ლიდერიც იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევამდე მამუკა მდინარაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე დახურულ ფორმატში მოუსმინეს.

ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 23 აგვისტოს დატოვა, რის შემდეგაც სუსის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა.