68 წლის კაცის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა სოფელი კირვალი დატოვეს. მათი სოფლიდან წასვლას კირვალის ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვდა. მათი თქმით, ასეთი ფაქტი სოფელში არასდროს მომხდარა და მსგავსი პირები კირვალში არ უნდა ცხოვრობდნენ.
„არასწორი საქციელია, ასეთი რამე არ მომხდარა. ეგეთი ხალხი საერთოდ მოსახლეობაში არ უნდა გავაჩეროთ. მოსახლეობამ თქვა, რომ გადავასახლოთო“, - ამბობს თანასოფლელი.
ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთ მათგანს სანამ პოლიცია დააკავებდა, მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„სოფელმა რომ გაიგო ამ ფაქტის შესახებ, ერთ-ერთი უკვე დაკავებული იყო. მეორე სახლიდან გამოიყვანეს, აქედან წაიყვანეს და სცემეს. არ ვაპატიებთ ასეთ რამეს. კარგა ხანია ამ მხარეში ასეთი რამე არ მომხდარა. ყველა გაოგნებულები ვართ“, - აცხადებს ადგილობრივი.
ინფორმაციისთვის, კახეთში, სოფელ კირვალში ორი ახალგაზრდა 68 წლის კაცს სასტიკად გაუსწორდა. ძალადობის კადრები ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერ მამაკაცს მოძალადეების ფულის გამოძალვის მიზნით გაუსწორდნენ.
დაზარალებულის ოჯახის წევრების თქმით, კაცს სახე სრულად დასისხლიანებული ჰქონდა. ამჟამად კი კლინიკაშია გადაყვანილი.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აგრეთვე, დაგაინტერესებთ:
⭕ ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს ფიზიკურად გაუსწორდა
⭕ სანქციებისა და დეფოლტის მიუხედავად, რუბლი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტაა - CBS
⭕ „ველოდები, რომ მთელ დასავლეთს ფარდას ახდის ეს სამეული“ - ხვიჩია მმართველი გუნდიდან 3 წევრის წასვლაზე