მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდინარე პროგრამებს გაეცნო

აჭარის ჯანდაცვის პროგრამები

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდინარე პროგრამებს გაეცნო. ასევე, შეხვედრა გამართა სამედიცინო პერსონალთან და სერვისებით მოსარგებლე მოქალაქეებთან. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი და მოადგილე, ნონა ეფაძე. შეხვედრაზე მიმოიხილეს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით არსებული პროგრამები და სამომავლო პროექტები.

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის სკრინინგული კვლევები. ჩვენ მოვიცავთ თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფს - დაწყებული 47 გენეტიკურ დაავადებაზე ახალშობილობის, ასევე მუცლად ყოფნის პერიოდში და ოსტეოპოროზის კვლევით ხანდაზმულებში. ხაზი მინდა გავუსვა სიახლეს, რომელსაც მომავალი წლიდან ვგეგმავთ - რძის ბანკის შექმნა, სადაც შეეძლებათ ახალშობილებს, რომლებსაც გარკვეული მიმართულებით პრობლემები გააჩნიათ, იკვებონ ბუნებრივი რძით. ყველა სკრინინგული პროგრამა რომელსაც ვახორციელებთ დღეს, რამდენიმე წლის შემდეგ განტვირთავს იმ რეაბილიტაციის პროგრამებს, რომლის ფარგლებში 3 000 -ზე ბავშვი სარგებლობს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჯანსაღი მომავალი თაობის ფორმირებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ამ მიზნით 10-მდე სკრინინგულ და სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებას ახორციელებს, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც ჯანმრთელობის, ასევე საგანმანათლებლო ღონისძიებებს, თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკის შემცირებას და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაცვას. ჯამში, ყოველწლიურად 10 000-მდე ბენეფიციარს აქვს შესაძლებლობა რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში ისარგებლოს აღნიშნული სერვისებით.

შეხვედრის დასასრულს, ორსულებს დაურიგდათ დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნი, რომელიც აერთიანებს როგორც ორსულობის, ისე ახალშობილისა და ბავშვის განვითარების მონიტორინგის საკვანძო კომპონენტებს.