მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენიტენციურის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, სრულიად არარელევანტურია - მარიამ ჯიშკარიანი

უნდა მოხდეს ჰუმანიტარული მისიით, მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო წესით გაყვანა ევროპის ქვეყანაში

„პენიტენციურის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, სრულიად არარელევანტურია“, - ამის შესახებ  „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კვლევები და მულტიპროფილური მკურნალობა სჭირდება. 

„პენიტენციური სამსახურის განცხადება იმის თაობაზე, რომ ადამიანის მდგომარეობა არის სტაბილური, სრულიად არარელევანტურია, იმიტომ, რომ ციხეში ადამიანი ან უნდა იყოს ჯანმრთელი, ან როგორც მინიმუმ, თუ ამბულატორიულ მკურნალობაზეა, მისი მდგომარეობა უნდა უმჯობესდებოდეს. შესაბამისად, არის საჭირო შემდგომი კვლევები და მულტიპროფილური მკურნალობა, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ აწოდებს პენიტენციური სამსახური და საქართველოს ხელისუფლება“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი. 

ინფორმაციისთვის, 8 მაისს, საღამოს საათებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და აგრეთვე, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაჰყავდა.

აღნიშნული ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურში უარყვეს. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა Pia.ge-ს განუცხადა, სასწრაფო და საბადრაგო მანქანა ნამდვილად მივიდა რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, თუმცა ეს სხვა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება, რომელიც საპატიმროდან გაიყვანეს.

მოგვიანებით, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი საპატიმროდან კლინიკაში არ გადაუყვანიათ.

მისივე თქმით, პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა.

აგრეთვე, 8 მაისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდება და საჭიროების შემთხვევაში მას მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

აგრეთვე, მათივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 - საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„დღეს არ გადავუყვანივარ“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „სააკაშვილი არსად გაუყვანიათ“ - იუსტიციის მინისტრი