მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აჭარა ტექსტილის“ კლასტერი გაფართოვდა - ზუგდიდიში კორონავირუსი კიდევ 11 პირს დაუდასტურდა

ინფექცია, 2020
1617470801
COVID-19

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტი 51 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან ინფიცირება 11-ს დაუდასტურდა.

ორსანტიაში კორონავირუსის ახალი კერა, სავარაუდოდ , ფოთში მდებარე „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება, სწორედ აქ მომუშავე 4 ქალბატონს დაუდგინდა თავდაპირველად ვირუსი.

„სოფელ ორსანტიაში დღეს გამოკვლეული 51 ადამიანიდან თერთმეტს კორონავირუსი დაუდგინდა, ისინი არიან ფოთის „აჭარა ტექსტილის“ ფაბრიკაში მომუშავე ოთხი ქალბატონის კონტაქტები, რომლებიც ამ სოფელში ცხოვრობენ.

საერთო ჯამში, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ორსანტიაში კოვიდინფექცია 17 მოქალაქეს დაუდასტურდა. ჩვენ პრევენციისთვის ამ სოფელში დავიწყეთ ტესტირებები, მოხდება სოფელში მცხოვრები ადამიანების თერმოსკრინინგი და მათი მასიური ტესტირება, რათა დროულად იქნას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები და არ მოხდეს ვირუსის გავრცელება“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ.

გამოკვლეულია კოვიდ დადებითი მოქალაქეების კონტაქტები, მათი ნაწილი დღეს გაიტესტა და პროცესი გრძელდება.

სოფელში პოლიციასთან ერთად მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინინგი, ჯანდაცვის მუნიციპალური დანაყოფის მიერ ხორციელდება ადგილობრივების ტესტირება.

სოფელში მომდევნო 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

ინფორმაციისთვის, ფოთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, „აჭარა ტექსტილის“ საწარმო დროებით დაიხურა.

ეპიდვითარება საყურადღებოა კასპის რეგიონის სოფლებში: იგოეთი, სამთავისი და ქვემო ჭალა.

აღნიშნულ სოფლებში სპეციალური საკონტროლო პუნქტებია მოწყობილი და მიმდინარეობს მოსახლეობის მასობრივი ტესტირება და თერმოსკრინინგი.

მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება ასევე მიმდინარეობს ოზურგეთში, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა.