მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასტრაზენეკა“ არის მაღალი ხარისხის ვაქცინა, არაფრით ჩამოუვარდება „ფაიზერს“ - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1615788218
COVID-19

„ასტრაზენეკა“ არის მაღალი ხარისხის ვაქცინა, არაფრით ჩამოუვარდება „ფაიზერის“ ვაქცინას“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კოვიდვაქცინის საჯაროდ გაკეთების შემდეგ მედიას განუცხადა. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ეზუგბაიამ აღნიშნა, ის კოვიდვაქცინაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია სწორედ ინფექციურ საავადმყოფოში დაიწყო, რადგან ამ ცენტრში დადასტურდა ვირუსის პირველი შემთხვევა და ასევე პირველი გამოჯანმრთელებულიც ამავე ცენტრში იყო.

„თავს კარგად ვგრძნობ. ჩვენი ცენტრი ძირითადი ფლაგმანია ზოგად ინფექციურ დაავადებებში, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებში. სიმბოლურია ის, რომ პირველი მოქალაქე აიცრა ჩვენს ცენტრში. იმიტომ რომ პირველი დადასტურებული შემთხვევა ჩვენს ცენტრში იყო, ასევე ჩვენს ცენტრში იყო პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი. რამდენი ხანია ქვეყანა ელოდებოდა ვაქცინაციის დაწყებას და როგორც იქნა ვაქცინა შემოვიდა, ასტრაზენეკას სახით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, რაც კი შექმნილა კოვიდ 19-თან მიმართებაში“, - აცხადებს ეზუგბაია.

ინფექციონისტი მოსახლეობას, ასევე თავის კოლეგებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ კოვიდინფექციაზე ვაქცინა გაიკეთონ.

„პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციის ჩატარება. აქედან გამომდინარე ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ, რომ აუცილებელია ჩაიტაროს ვაქცინაცია, რათა მოსახლეობაში შეიქმნას ის იმუნური ფენა, რომელიც შექმნის ამ დაავადების დამცველ კოლექტიურ იმუნიტეტს.

ამიტომ მოგიწოდებთ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს, რომლებმაც უნდა მისცენ პირადი მაგალითი მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს, რომ ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს. „ასტრაზენეკა“ არის მაღალი ხარისხის ვაქცინა, არაფრით არ ჩამოუვარდება „ფაიზერის“ ვაქცინას, ამიტომ ის საუბრები, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას აქვს უფრო მეტი გვერდითი მოვლენები, ვიდრე „ფაიზერს“ ეს არ არის მართალი.

ის გვერდითი მოვლენები, რის გამოც თითქოს შეჩერებული იყო ეს ვაქცინა, ამაზეც კითხვის ნიშანი მოიხსნა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და წამლის სააგენტომ დასკვნები წარმოადგინა, რომ „ასტრაზენეკა“ ისეთივე უსაფრთხო და მაღალხარისხოვანია როგორც „ფაიზერი“ და დანარჩენი სხვა. ამიტომ, საქართველოში ყველა მოქალაქეს მოგიწოდებთ, რომ მობრძანდეთ და აიცრათ“, - დასძინა მარინა ეზუგბაიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. ქვეყანამ „კოვაქს“ პლატფორმის დახმარებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მიიღო.

👉 საქართველოში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

👉 „ვაქცინა გავიკეთე, ამაში საშიში არაფერია“ - იმნაძე

👉 პაატა იმნაძემ კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა