მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დელტა შტამი ჩინეთში რუსეთიდან შევიდა და საგანგაშო სისწრაფით ვრცელდება - BBC

კორონავირუსზე ტესტირება ჩინეთში
1627932318
COVID-19

კორონავირუსის ახალმა აფეთქებამ, რომელსაც უხანის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ, ჩინეთის სულ მცირე 15 პროვინცია და ქალაქი მოიცვა. ხელისუფლება სულ უფრო მეტად გამოთქვამს შეშფოთებას ქვეყნის დაუცველობასთან დაკავშირებით დელტა შტამის მიმართ.

როგორც BBC ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით იუწყება, ქვეყანაში გასული 10 დღის განმავლობაში დელტა შტამით ინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ყოველდღიურად უფრო მეტი ინფიცირება ვლინდება.

აღნიშნული მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია, თუმცა, ჩინეთისთვის - მაღალი, რადგან ჩინეთში დაახლოებით ბოლო ერთი წელია ახალი ინფიცირებულების მაჩვენებელმა ერთეულებამდე დაიწია.

რამდენიმე დღის წინ უხანში, სადაც გასული წლის ივნისის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა, 7 ადამიანი ინფიცირდა.

კორონავირუსის პანდემია უხანში, დაახლოებით, 2019 წლის დეკემბერში წარმოიშვა, თუმცა, უპრეცედენტოდ მკაცრი საკარანტინო ზომების დახმარებით ჩინეთის ხელისუფლებამ საკუთარ ტერიტორიაზე პანდემია ჩაახშო.

ახლა კი ჩინელ ექიმებს ახალ, დელტა შტამთან აქვთ საქმე, რომელიც ინდოეთში წარმოიშვა და სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა.

ჩინეთის ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ვირუსი ქვეყანაში 10 ივლისს, რუსეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი თვითმფრინავით შევიდა. თავდაპირველად ავიალაინერის მომსახურე პერსონალი ინფიცირდა, განგაში კი 10 დღის შემდეგ დაიწყო.

ლანჟოუს უნივერსიტეტის მეცნიერთა პროგნოზის თანახმად, 12 აგვისტოსთვის, მხოლოდ ძიანსუს პროვინციაში შემთხვევების რიცხვი 425-ს მიაღწევს. ახალი საფრთხე ჩინეთის მასმედიისა და სოციალური ქსელების მთავარი თემა გახდა.

კიდევ ერთი ეპიცენტრი

განსაკუთრებულ საფრთხეს ახლა იუნანის პროვინციაში მდებარე პოპულარული კურორტი ჟანჯიაჯიე წარმოადგენს, სადაც, დაახლოებით 5 000-მდე ადამიანი თეატრალურ წარმოდგენას დაესწრო, მათ შორის იყვნენ ტურისტებიც, რომლებიც შემდეგ მთელ ჩინეთში გაიფანტნენ.

ჟანჯიაჯიეში ახლა ყველა გასართობი დაწესებულება დახურულია, ხოლო ქალაქში დარჩენილ სტუმრებს საკუთარ ქვეყანაში გამგზავრებამდე კორონავირუსის ტესტის ჩაბარება მოეთხოვებათ.

„ჟანჯიაჯიე ეპიცენტრი გახდა, საიდანაც შესაძლოა, ეპიდემია მთელ ქვეყანაში გავრცელდეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჟონგ ნანიშანმა, რომელიც ფილტვების დაავადების დარგში ჩინეთის წამყვანი სპეციალისტია.

„დარტყმა დაუყოვნებლივ და ძლიერად“

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარ ტაქტიკას ჩინეთის ხელისუფლება შემდეგი სიტყვებით აღწერს: „დარტყმა დაუყოვნებლივ და ძლიერად“.

ხელისუფლება თვალს ადევნებს ინფიცირებულთა კონტაქტებს. 10 დღეში კორონავირუსზე ტესტი 9,2 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ნანკინსა და ზოგიერთ სხვა ადგილებში კვლავ მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. თუკი რომელიმე უბანში თუნდაც ერთი კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა, იქაურ მცხოვრებლებს სახლიდან გასვლა დროებით ეკრძალებათ.

აკრძალულია სატრანსპორტო გადაადგილება პეკინსა და ზოგიერთ სხვა ქალაქებში. დედაქალაქში შესვლა დაშვებულია მხოლოდ მათთვის, ვისაც სერიოზული მიზეზი და კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვს.

საიმედოა ვაქცინები?

რამდენი ადამიანი აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჩინეთში, ჯერჯერობით უცნობია. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში 1,6 მილიარდი დოზა ვაქცინაა გამოყენებული. ამასთან, დადგინდა, რომ ინფიცირებულებს შორის არიან ვაქცინირებულებიც.

ჩინეთის ინფექციური დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მკვლევარმა შაო იმინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს მოსალოდნელი იყო.

სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებმა, რომლებიც ჩინეთში გამოიყენება, კლინიკური კვლევების დროს 50%-დან 79%-მდე ეფექტიანობა აჩვენა.

ექსპერტების თქმით, ისინი კორონავირუსით ინფიცირებისგან ნაკლებად იცავენ, თუმცა, დაავადების მძიმედ გადატანისა და სიკვდილიანობის რისკს მკვეთრად ამცირებენ.

ჩინელი ექიმები აღიარებენ, რომ მათი ვაქცინები (სინოვაკი, სინოფარმი) ნაკლებად ეფექტიანია სიმპტომური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას.

ამავე თემაზე:

დელტა შტამი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა - ამერიკელი მეცნიერები

დელტა შტამი - პასუხები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან 10 კითხვაზე

ვაქცინირებული ხართ, მაგრამ მაინც ინფიცირდით - როგორ ხდება ეს? - The Washington Post