მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს ჯერ კიდევ არ არის ინფიცირების პიკი, ეს კარგა ხანს გაგრძელდება“ - ირმა კვიცარიძე 

ირმა კვიცარიძე
1628676076
COVID-19

ირმა კვიცარიძე ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი აცხადებს, რომ დღეს საქართველოში რთული ეპიდვითარებაა.

მისი თქმით, ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის პიკში და ეპიდვითარების გაუარესება ჯერ კიდევ წინ არის.

როგორც ირმა კვიცარიძე აღნიშნავს, შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის თავიდან აცილება თუ რეგულაციების მოხსნა გაკეთდებოდა ვაქცინაციასთან შეფარდებით და იმ სამედიცინო რესურსის გათვალისწინებით, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს.

„საქართველოში უკვე პანდემიის ორი წილის თავზე, სამწუხაროდ ვერ დარეგულირდა ის სისტემა, რასაც ჰქვია რომელი პაციენტი უნდა იყოს ამბულატორიულ მკურნალობაზე და რომელი საჭიროებს სტაციონარში მოთავსებას. სამწუხაროდ რასაც ვაკვირდები, სიტუაციას ეს ჯერ კიდევ პიკი არ არის, ეს კარგა ხანს გაგრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს აქვთ მცდარი მოლოდინი ვაქცინასთან დაკავშირებით, როდესაც ვაქცინაციის ოთახიდან გამოდიან ფიქრობენ, რომ ყველაფერი მორჩა.

არადა ადამიანს სრული იმუნიტეტი აქვს, როდესაც ვაქცინის მეორე დოზას გაიკეთებს, იქიდან 2 კვირის შემდეგ. ჩვენც დღეს ვაქცინირებულები ვატარებთ ნიღაბს დახურულ სივრცეებში და ხალხმრავალ ადგილებში. მე თუ ვარ აცრილი და დამემართება ვირუსი, მე ამ დაავადებას ისე გადავიტან, რომ ეს შეიძლება ვერც გავიგო, მაგრამ იმ ადამიანს, ვინც არ არის აცრილი, შესაძლოა, დაავადება ისე გაურთულდეს, რომ ის მოხვდეს კლინიკაში.

აცრილებშიც არის საშიშროება, რომ დაავადდეთ, მაგრამ ორგანიზმში ვირუსის ტიტრი არის იმდენად დაბალი, რომ გავრცელების საშიშროება არის ნაკლები, რაც შეეხება, აუცრელ ადამიანს, მათ ორგანიზმში ვირუსის ტიტრი არის მაღალი, რაც ლოგიკურად იწვევს ვირუსის გავრცელებას უფრო მეტად და მეტ ადამიანზე. ასევე, ნებისმიერი აცრილი, თუ აუცრელი ვიდრე არ დასრულდება პანდემია, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის 70% არ იქნება აცრილი და ე.წ. „ჯოგური იმუნიტეტი“ არ შეიქმნება, უნდა დაიცვათ რეგულაციები სხვანაირად ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ.

ასევე დაავადებული არა აცრილი ადამიანები იწვევენ სისტემის კოლაფსს, ეს აყენებს ექიმს ისეთი გადაწყვეტილების წინაშე, როგორიც არის „ტრიაჟი“ ანუ ვის უმკურნალოს და ვის არა, ამითაც გვავნებს ჩვენ ასეთი ადამიანები. ამ ეგოისტური დამოკიდებულებიდან უნდა გამოვიდეთ და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ჯანდაცვის ის სისტემა როგორიც საქართველოშია, ეს არ არის ბოლო 10 წლის მონაპოვარი, დამოუკიდებელი საქართველო რაც არსებობს, მის შემდეგ ინგრევა ეს სისტემა და ხელისუფლებას მიუძღვის ამაში წვლილი“, - განაცხადა ირმა კვიცარიძემ.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი, ხოლო 2 635 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 461 198-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 6 230 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 409 110 პირი.

იხილეთ აგრეთვე:

🔴„ორსულებს თრომბოემბოლიის 38%-ზე უფრო მეტი აქვთ რისკ ფაქტორი, ვიდრე არაორსულებს - გამოსავალი ვაქცინაციაა“ - ზაზა სინაურიძე

🔴„ორსულებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფექცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იქნებიან“ - ლევან რატიანი

🔴„აცრილი ადამიანები ექსპერიმენტის მონაწილეები არ არიან“ - პროფესორი ზაალ კოკაია ფაიზერთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

🔴„კოვიდის შემდეგ მამაკაცებს უქვეითდებათ სპერმის გამომუშავების ფუნქცია“ - გიორგი კავკასიძე