მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს ვაქცინა ბევრის გულს მოიგებს“ - თენგიზ ცერცვაძე ახალ ამერიკულ ვაქცინაზე

ინფექციურის დირექტორი
1616609386
COVID-19

„ასევე ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა იქნება ის, რომელიც ივნისში შემოვა და ეს გახლავთ „ნოვავაქსი“, რომელიც ტრადიციულ მეთოდს, ცილებს იყენებს და არა - რნმ-ს, ამით კი, ეს ვაქცინა ბევრის გულს მოიგებს. საქართველო კი, ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამ ვაქცინას მიიღებს“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

მან „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინები შეადარა და აღნიშნა, რომ ისინი დაახლოებით ერთნაირია.

„Pfizer-ის ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, მიეკუთვნება ახალი ტიპის ვაქცინებს. ფართო პრაქტიკაში მისი გამოყენება პირველად ხდება. ამით ორგანიზმში შეგვყავს უშუალოდ კორონავირუსის რნმ და ის ასწავლის შემდეგ ორგანიზმს როგორ გამოიმუშაოს ამ ვირუსის ცილები.

დღეს საზოგადოების ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ Pfizer-ით არის აცრილი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ვაქცინა ყველას სჯობია და იმასაც ვერ ვიტყვი, რომ დიდად „ასტრაზენეკას“ სჯობს, სულ ცოტა უსაფრთხოების თვალსაზრისით. ისინი დაახლოებით ერთნაირია.

მათ გართულებების ერთნაირი სიხშირე აქვთ და ეს სიხშირე მიზერული და მინიმალურია. Pfizer-ი ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, მაგრამ ნუ შევქმნით იმ განწყობას, რომ ის განსაკუთრებულია რაიმე კუთხით“, - განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაცინების შემდეგ საქართველო ჩინურ ვაქცინას მიიღებს.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უკანასკნელი მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 4048 ადამიანია აცრილი.