მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰანს ჰენრი კლუგე: პანდემია შორსაა დასრულებიდან

ჯანმო-ს ევროპის ოფისის ხელმძღვანელი
1626773013
COVID-19

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დადგა, პანდემია შორსაა დასრულებიდან. პანდემიურმა დაღლილობამ გავლენა მოახდინა ჩვენს კოლექტიურ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ბუნებრივია, რომ ასეთი რთული პერიოდის შემდეგ ყველას დასვენება გვსურს, - ამის შესახებ WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა ჰანს ჰენრი კლუგემ განაცხადა.

„გასულ ზაფხულს იგივე სიტუაციაში ვიყავით. როდესაც მთელ რეგიონში შეზღუდვები ნაადრევად შემსუბუქდა, აღინიშნა კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის კატასტროფული ზრდა, რამაც ისევ ლოქდაუნისკენ მოგვაბრუნა. ახლა, ჯანდაცვის სისტემებზე, სკოლაზე, საარსებო წყაროებზე, ეკონომიკებზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ერთწლიანი ზეწოლის შემდეგ, იგივე შეცდომის დაშვება არ შეგვიძლია.

ევროპის რეგონში ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის აცრილი, ამავდროულად კი ვრცელდება ძალიან გადამდები ვარიანტები. ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების შემსუბუქება, რაც იწვევს COVID 19-ის შემთხვევების ზრდას; მოსახლეობის იმ ფენებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები არ არის მაღალი, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებს შორის, იზრდება ზეწოლა ჯანდაცვის სისტემებზე და ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

წელს, მიუხედავად იმისა, რომ გვინდა, რომ ზაფხულში მაქსიმალურად დავისვენოთ, სიფრთხილე გვმართებს, რათა თავიდან ავირიდოთ ავად გახდომა, სიკვდილი და პანდემია მალე დავასრულოთ“, - აცხადებს WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი.

მისი თქმით, მიზნის მისაღწევად, რამდენიმე გზა არსებობს: „პირველ რიგში - ეს არის ვაქცინა. მეორე, თუ მოგზაურობა გსურთ, დაფიქრდით მის საჭიროებაზე. თუ მაინც გადაწყვეტთ იმოგზაუროთ, გააკეთეთ ეს უსაფრთხოდ“.

„უსაფრთხოდ მოგზაურობა ნიშნავს COVID 19–თან დაკავშირებული რისკების გაზომვას. სახლიდან გასვლის მომენტიდან დანიშნულების ადგილას მისვლამდე. ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავების რისკის მენეჯერები. რისკები უნდა შევაფასოთ და მივიღოთ უსაფრთხოების ზომები ყოველ ნაბიჯზე: დავიცვათ ფიზიკური დისტანცია, თავი ავარიდოთ ხალხმრავლობას და ვატაროთ პირბადე.

მოერიდეთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს. შეხვდით ადამიანებს გარე სივრცეებში, ან ღია და კარგად ვენტილირებულ სივრცეებში, ამით ვირუსის გავრცელებას შევამცირებთ.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად დავუშვებთ დიდი სპორტულ ღონისძიებები და ფესტივალები გახდნენ ვირუსის სუპერ გამავრცელებელი სივრცეები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით“ - განაცხადა ჰანს ჰენრი კლუგემ.

მისი თმით, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს წვდომა უნდა ჰქონდეს ვაქცინებზე, რათა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემცირება მოხდეს.

„ვაქცინაციას უკვე აქვს დადებითი გავლენა და კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს და ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლას. მიუხედავად ამისა, მილიონობით მეტი ვაქცინაა საჭირო რისკის ქვეშ მყოფი პირების ასაცრელად, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ ელოდება პირველ დოზას. ჯანდაცვის მუშაკებს, ასაკოვან ადამიანებს და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ წვდომა უნდა ჰქონდეთ ვაქცინებზე, რათა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის გრძელვადიანი შემცირება მოხდეს.

ამჟამად, ევროპის რეგიონში მოსახლეობის 41%-ია ერთი დოზით აცრილი, 29% კი - სრულად აცრილი. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ პანდემია არ დასრულებულა, მათ შორის, არც იმ ქვეყნებში, რომლებმაც ვაქცინაციის მაღალ დონეს მიაღწიეს. რეგიონში ვაქცინების გადანაწილებაში უთანასწორობა რჩება ჩვენს უდიდეს გამოწვევად.

უფრო გადამდები დელტა ვარიანტი იწვევს შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის ზრდას. შესაბამისად, აუცილებელია ჩვენს ხელთ არსებული საშუალებების გამოყენება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის გავრცელება და ვიხსნათ ადამიანების სიცოცხლე, მოვახდინოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების მორგება ადგილობრივი კონტექსტისთვის და სამართლიანი და სწრაფი ვაქცინაციის უზრუნველყოფა.

WHO-ს „საგანგებო სიტუაციაში გამოყენების დაშვების“ (Emergency Use Listing) მქონე ყველა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია კოვიდ 19-ის რთული ფორმებისა და არსებული ვარიანტების გავრცელების პრევენციის კუთხით.

ხშირად მეკითხებიან, თუ როდის დასრულდება პანდემია. პასუხი მარტივია: ეს თქვენზეა დამოკიდებული. ეს ადამიანებისა და მთავრობების ხელშია. ჩვენ ვიცით რა არის ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ; ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. არ დაკარგოთ იმედი. საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია, პანდემიის კონტროლქვეშ მოსაქცევად - და საბოლოოდ - მის დასასრულებლად.

ჩვენ ბევრს გავუძელით, ახლა არ არის ყურადღების მოდუნების დრო“ - განაცხადა WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა ჰანს ჰენრი კლუგემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო, ერთადერთი თხოვნა გვაქვს, აიცერით

👉 „თუ მოსახლეობის 70%-ს ავცრით, დღეში სიკვდილიანობა არა 20, არამედ ერთი ან ორი იქნება“

👉 „აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს „სინოვაკით“ სრულად აცრილებისთვის“