მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პირველი, რაც გაკეთდა, იყო ადრენალინი“ - ახალციხის კლინიკა „იმედის“ რეანიმატოლოგი

ახალციხის კლინიკა „იმედის“ რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური
1616185059
COVID-19

ახალციხის კლინიკა „იმედის“ რეანიმატოლოგმა გიორგი აფციაურმა სატელევიზიო ეთერში დეტალურად აღწერა ის ღონისძიებები, რომლებიც აცრილ ექთანს კლინიკაში ჩაუტარეს.

„მეგი ბაქრაძეს ჩაუტარდა ვაქცინაცია. პაციენტს დაყოვნების ოთახში ძალიან მალევე, დაახლოებით 15-20 წუთში განუვითარდა ალერგიის პირველი ნიშნები. ეს იყო ქავილი და გამოხატული ჰიპერემია. ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები. რის შემდეგაც, პაციენტის მდგომარეობა შესაბამისად დასტაბილურდა. მას ჩივილები მოეხსნა, მაგრამ მალევე დამძიმდა, რის შემდეგაც საჭირო გახდა რეანიმატოლოგის გამოძახება. ​

მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა, პაციენტი მალევე გადავიდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. იყო გულის გაჩერების რამდენიმე ეპიზოდიც, რომელიც აღდგა და შედარებით სტაბილიზაცია იყო მიღწეული. უფრო ღრმა გამოკვლევების მიზნით, პაციენტი გადაიყვანეს თბილისში“, - განაცხდა გიორგი აფციაურმა.

მისი თქმით, პაციენტს დიაზეპამის მიღების მიუხედავად, კრუნჩხვა არ მოეხსნა და მისი ხელოვნური სუთვის აპარატზე გადაყვანა გახდა საჭირო.

„სამწუხაროდ, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე გადაყვანის გარეშე ვერ მოხერხდა პაციენტის დასტაბილურება.

ჩივილების მოხსნიდან 5 წუთში პაციენტი დამძიმდა. მას აღენიშნა გონების დაკარგვა, ტონურ-ქლონური კრუნჩხვა გამოიხატა.

გაუკეთდა დიაზეპამი, რის შემდეგაც ეს კრუნჩხვა ვერ მოიხსნა და საჭირო გახდა პაციენტის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანა სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნების მიზნით“, - აღნიშნა გიორგი აფციაურმა.

რეანიმატოლოგის თქმით, პაციენტს ყველაფერი გაუკეთდა.

„მათ შორის ადრენალინი, ჰორმონი, ანტიჰისტამინური საშუალება. ყველაფერი, აბსოლუტურად. ეს იყო პირველადი დახმარება, რის შემდეგაც ჩივილები მოეხსნა, თუმცა მდგომარეობა მალევე გაუარესდა.

პირველადი დახმარება პაციენტს გაეწია გარშემო მყოფი ექიმების მიერ და როცა შეუძლებელი გახდა სიტუაციის კონტროლი, მე დამიძახეს.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პირველი, რაც გაკეთდა, ეს იყო ადრენალინი.

სამწუხაროდ, ანაფილაქსიური შოკი ზოგჯერ არ ექვემდებარება მკურნალობას და დგება ბიოლოგიური სიკვდილი“, - აღნიშნა აფციაურმა.

აფციაურის განცხადებით, ახალციხის კლინიკაში არის ყველა პირობა, რომ ასეთი შემთხვევები დაექვემდებაროს მართვას.

„კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ყველა მასალა ამოღებულია, ვნახოთ რას იტყვის გამოძიება. მანამდე პაციენტს ალერგია არ ჰქონია და არ ყოფილა დაავადებული“, - განაცხადა აფციაურმა.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს გარდაიცვალა.

სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რაიონული ამბულატორიების ნაცვლად, მრავალპროფილური კლინიკების დონეზე გაგრძელდება.