მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

დონალდ ტრამპი: კატარის დაბომბვა არც ისრაელის და არც აშშ-ის მიზნების მიღწევას ხელს არ უწყობს

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე ისრაელის თავდასხმას გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაცია ამის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტრამპის თქმით, ეს იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილება და არა მისი.

„ცალმხრივი დაბომბვა კატარში, სუვერენულ სახელმწიფოსა და აშშ-ის მოკავშირე ქვეყანაში, რომელიც ჩვენთან ერთად ძალიან ბევრს მუშაობს და რისკავს მშვიდობის დასამყარებლად, არ უწყობს ხელს არც ისრაელის, არც ამერიკის მიზნების მიღწევას“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მან სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს დაავალა, მიეწოდებინა ინფორმაცია კატარისთვის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ,

„თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან გვიანი იყო იმისთვის, რომ შეეჩერებინა თავდასხმა“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან , ასევე კატარის ემირსა და პრემიერ-მინისტრთან.

ამასთან, ტრამპის განცხადებით, მან სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს დაავალა, დაასრულოს კატართან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.

ცნობისთვის, ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა იერიში. სამიზნე დოჰაში მდებარე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. „ჰამასის“ განცხადებით, თავდასხმის დროს სულ ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, „ჰამასის“ ხუთი წევრი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კატარის დედაქალაქი დოჰა მხარეებს შორის მოლაპარაკებების ადგილი იყო.