მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერით“ ვაქცინაცია საქართველოში 30 მარტიდან ექვს კლინიკაში დაიწყება

ფაიზერის ვაქცინა
1616660538
COVID-19

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა საქართველოში 30 მარტიდან დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 6 კლინიკაში გადანაწილდება.

„ეს ვაქცინა გადანაწილდება 6 კლინიკაში, რომელთაგან 4 იქნება თბილისში. ესენია: ბოკერიას კლინიკა, კავკასიის მედიცინის ცენტრი, ამტელ კლინიკა და რესპუბლიკური საავადმყოფო. აჭარაში ეს იქნება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში კი - ცხაკაიას სახელობის კლინიკა

ამ კლინიკებში ამ დროისთვის მიმდინარეობს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა, ხოლო „ფაიზერით“ აცრა უკვე სამშაბათიდან დაიწყება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

როგორც მან განმარტა, „ფაიზერის“ შემთხვევაში პირველ და მეორე დოზებს შორის დაყოვნება 21 დღე უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების შემდეგ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 24 მარტის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 4152 ადამიანია აცრილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ ვაქცინების დოზების ათვისება ვერ მოხდება“ - ტიკარაძე

👉 ეკატერინე ტიკარაძე: „ფაიზერის“ ვაქცინა გადანაწილდება სამ დიდ ქალაქში

👉 ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში „ასტრაზენეკათი“ 104 ადამიანი აიცრა