მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

პროფესორი თენგიზ ცერცვაძე
1620815109
COVID-19

ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პოსტკოვიდურ სინდრომზე საუბრობს.

ცერცვაძე ამბობს, რომ პოსტკოვიდური სინდრომის შესახებ ამ ეტაპზე ძალიან ცოტა კვლევაა.

ცერცვაძეს მაგალითად პოსტკოვიდური სინდრომის შესახებ ბრიტანული კვლევა მოჰყავს. თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კოვიდგადატანილების ნახევარზე მეტს პოსტკოვიდური სინდრომი უვითარდება.

ცერცვაძე განმარტავს როგორია პოსტკოვიდური სინდრომი და რა მახასიათებლები აქვს მას.

„ოფიციალური კვლევები ჯერჯერობით ძალიან ცოტაა. სულ ორი, ბრიტანული კვლევის შედეგია ცნობილი, რომლის მიხედვითაც დაახლოებით კოვიდგადატანილების ნახევარზე მეტს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი. ამ კვლევების მიხედვით ნახევარზე ცოტა მეტს უვითარდება, მაგრამ ყველას სერიოზული ფორმით არ უვითარდება.

ზოგს მინიმალური ფორმით უვითარდება, როგორიც არის სისუსტე ან სახსრის ტკივილი. მოსახლეობის სადღაც 20-25%-ს სერიოზული ჩივილები აქვს. რა ჭარბობს პოსტკოვიდურ სინდრომში? ჭარბობს ზოგადი მოვლენები, უფრო ხშირად არის სისუსტე, ზოგჯერ ძლიერი საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა. ჩივიან და ამბობენ „რა სამუშაოსაც ვასრულებდი, იმდენს ვერ ვაკეთებ“. ბევრმა მითხრა შუაღამემდე ვმუშაობდი, ახლა იძულებული ვარ 21:00 ან 22:00 საათზე დავიძინოო.

კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი და დაღლილობა - ეს ყველაზე იოლი სიმპტომია. სისუსტის შემდეგ მეორე ადგილზე მოდის ნერვული სისტემის პოსტკოვიდური გამოვლინებები. ყველაზე ხშირია გაბრუება, მოუსვენრობის შეგრძნება, მეხსიერების დაქვეითება, უძილობა, შფოთვა.

გაცილებით უფრო იშვიათია მეტად სერიოზული ჩივილები, როგორიც არის მეხსიერების სერიოზული დაქვეითება, ჭკუასუსტობა, ასეთი შემთხვევებიც არის და ისეთი სერიოზული შემთხვევები, როგორიც არის თავის ტვინის დაზიანება, ინსულტი და სხვა. მესამე ადგილზე მოდის სასუნთქი სისტემის მხრივ გართულებები. სუნთქვის გაძნელება, პნევმონიის ნარჩენი მოვლენები, ფილტვის რაღაც ნაწილების ფიბროზი და სხვა“, - განაცხადა ცერცვაძე „იმედის“ ეთერში.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, თბილისის მოსახლეობის 11%-ს ოფიციალურად აქვს გადატანილი კორონავირუსი.

„23-24%-ს გადატანილი აქვს, მაგრამ ამის შესახებ არ იცის. საერთო ჯამში გამოვიდა, რომ 300 ათასზე მეტ მოქალაქეს კოვიდი გადატანილი აქვს, მათგან ზოგმა იცის, ზოგმა არ იცის. ჯამში თბილისის მოსახლეობის 35%-ს ანუ ერთ მესამედს გადატანილი აქვს, შესაბამისად იმუნიტეტიც აქვს. ცნობილია, რომ ყველა გადატანილი კოვიდი არ ტოვებს იმუნიტეტს“, - დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 325665-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 304935 პირი.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 20:00 საათიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.

ამავე თემაზე:

👉 „ვაქცინაციის მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია, თუმცა საჭიროა უფრო მეტი აქტივობა“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 საჭიროა თუ არა კოვიდვაქცინის მესამე დოზის გაკეთება? - ივანე ჩხაიძის განმარტება

👉 1409 ინფიცირება, 1256 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში