მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენ ხანს გრძელდება ბუნებრივი იმუნიტეტი COVID 19-ის წინააღმდეგ? - ინფექციონისტის განმარტება

მაია ბუწაშვილი ინფექციონისტი
1622407218
COVID-19

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში კოვიდგადატანილი ადამიანების შესახებ წერს და განმარტავს, თუ რა დროის განმავლობაში უნარჩუნდებათ ადამიანებს ვირუსის მიმართ იმუნიტეტი.

„ხშირად სვამენ კითხვას, რამდენ ხანს გრძელდება ბუნებრივი იმუნიტეტი COVID 19-ის წინააღმდეგ. პანდემიის დასაწყისში ვვარაუდობდით, რომ სხვა კორონავირუსების მსგავსად, ეს იქნებოდა 2-3 წელი, თუმცა ამის მტკიცებულებას მხოლოდ დრო მოიტანდა.

შემდგომში, სხვადასხვა კვლევებით მოწოდებული იყო 6 თვე, შემდეგ 8 თვე. ახლახან ჟურნალ JAMA-ში დაიბეჭდა სტატია, რომელიც ასკვნის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი კოვიდის მიმართ გრძელდება მინიმუმ 1 წელი.

კვლევა ჩატარდა იტალიის ყველაზე დაზარალებულ რეგიონში, ლომბარდიაში. მასში ჩართეს ადამიანები, რომელთაც კოვიდ PCR ტესტი ჩაუტარდათ 2020 წლის თებერვალ-მარტში, ანუ 1 წელზე მეტი ხნის წინ.

რეინფექციად კვალიფიცირდებოდა ის შემთხვევები, როცა ადამიანი PCR-დადებითი ხდებოდა კოვიდის გადატანიდან მინიმუმ 90 დღის შემდეგ და ამის შემდეგ დაფიქსირებული იყო 2 უარყოფითი PCR ტესტის შედეგი.

ამის შემდეგ, თუ PCR-ით ხელახლა ფიქსირდებოდა დადებითი, ეს პირი ითვლებოდა რეინფიცირებულად. 1579 კოვიდგადატანილს შორის რეინფექცია დაფიქსირდა მხოლოდ 5 შემთხვევაში (0.3%). მათგან მხოლოდ ერთს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. პირველად ინფექციასა და რეინფექციას შორის შუალედი იყო საშუალოდ 230 დღე.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდი არ ჰქონდათ გადატანილი, 3.8% ინფიცირდა კორონავირუსით. ამ კვლევის მთავარი ნაკლი არის ის, რომ ჯერ ვერ ასახავს, რამდენად ეფექტურია ბუნებრივი იმუნიტეტი მუტაციური შტამების მიმართ. რომ შევაჯამოთ, კოვიდის მიმართ იმუნიტეტი გრძელდება მინიმუმ 1 წელი.

რეინფექციის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი (0.3%). ამიტომ ბუნებრივ იმუნიტეტს სრულად ნუ დავაიგნორებთ, რაც აშკარად შეინიშნება და ამის მიზეზი ცოტა გაუგებარია.

მაგალითად, კოვიდპასპორტად განიხილება მხოლოდ ვაქცინირებულის სტატუსი და არა ბუნებრივი იმუნიტეტის ქონა, განსხვავებით სხვა ინფექციებისგან, მაგალითად, წითელას და წითურასგან, სადაც საჭიროების შემთხვევაში ხდება ან ვაქცინირებულის სტატუსის, ან ანტისხეულების ტესტის შედეგის წარდგენა.

ცხადია, ამაზე იქნება საწინააღმდეგო არგუმენტი, რომ კოვიდის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი წითელასგან განსხვავებით არ არის მყარი და მუდმივი, მაგრამ ამ არგუმენტზე მარტივი პასუხი არის ის, რომ არც კოვიდის ვაქცინის მიმართ არის იმუნური პასუხი მუდმივი, განსხვავებით წითელას ვაქცინისგან და რევაქცინაცია აუცილებლად დაგვჭირდება“, - წერს ინფექციონისტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 კორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი შეიძლება წლების განმავლობაში იცავდეს ადამიანს