მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენად საშიშია ბავშვებისთვის კორონავირუსის ახალი შტამი - ნანა გეგეჭკორის მიმართვა

აშშ-ში მცხოვრები ექიმი
1609924110
COVID-19

ამერიკაში მოღვაწე კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხობს. 

როგორც ექიმის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გამოჩნდა.

„დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვერსია განსაკუთრებით ლონდონში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისშია ფართოდ გავრცელებული. ოფიციალური წყაროების თანახმად, ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ სექტემბერში დაფიქსირდა, თუმცა მისი შემდგომი გავრცელება მოგვიანებით, ნოემბერ-დეკემბერში მოხდა.

ვირუსის ახალი ვერსიის წარმოქმნა რამდენიმე მუტაციის ერთობლიობამ განაპირობა. ზოგადად მუტაცია ვირუსის ბუნებრივი თვისებაა და გარემოსთან ადაპტაციისათვის სჭირდება. დროის მცირე მონაკვეთში ვირუსებში მრავლობითი მუტაცია ხდება, თუმცა მათი უმრავლესობა „ჩუმია“ , იწვევს გენომის უმნიშვნელო კორექტირებას და არ ითარგმნება ვირუსის ცილოვანი სტრუქტურის კონფიგურაციის ცვლილებაში. ანალოგიური პრინციპები მოქმედებს კორონავირუსის შემთხვევაშიც. COVID 19-ის გამოჩენიდან დღემდე რამდენიმე მუტაცია უკვე დაფიქსირდა, მაგრამ მათმა უმრავლესობამ ვირუსის ბუნება ვერ შეცვალა“, - აცხადებს ნანა გეგეჭკორი.

მისი თქმით, ჯერჯერობით რთულია იმის პროგნოზირება შეიცვლება თუ არა კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სიმძიმე ვირუსის ახალი ვერსიის გამოჩენით, თუმცა დადასტურებულია, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება.

„კორონავირუსის ახალი შტამის ირგვლივ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. მაგალითად:

1. შეუძლია თუ არა დღეს არსებულ ტესტირების მეთოდებს კორონავირუსის ახალი შტამის ადეკვატურად აღმოჩენა?

დიახ. ტესტირების ჩვენს ხელთ არსებული მეთოდები საკმარისია იმისთვის, რომ ამ შტამის სრულფასოვანი დიაგნოსტიკა მოხდეს. როგორც აღვნიშნეთ, რამდენიმე მუტაციის ჯამური მოქმედების შედეგად კორონავირუსის „სპაიკ“ პროტეინის კოფიგურაცია მხოლოდ ნაწილობრივ შეიცვალა. „პსრ“ ტესტს აქვს სხვა სამიზნეებიც, გარდა ვირუსის ცილოვანი სტრუქტურის ამ კონკრეტული ნაწილისა, ამიტომაც ვირუსი ასეთ ტესტირებას ვერ დაემალება.

2. იმოქმედებს თუ არა ვირუსის მუტაცია დღეს არსებული ვაქცინების ეფექტურობაზე?

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა თავისუფლად გაართმევს თავს კორონავირუსის ამ კონკრეტულ შტამთან ბრძოლას. ამ რწმენის საფუძველს ვაქცინების პოლიკლონალური ბუნება იძლევა. რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინასაც, ისევე როგორც ტესტს, აქვს მრავლობითი სამიზნე და ერთ-ერთი სამიზნის ცვლილება მის ჯამურ ეფექტურობაზე ვერ იმოქმედებს.

3. ახასიათებს თუ არა კორონავირუსის ახალ შტამს განსაკუთრებული მიმდინარეობა ბავშვებში?

დღეს არსებული მონაცემებით, ბავშვებში კორონავირუსის ახალი შტამით გამოწვეული დაავადება რაიმე განსხვავებული თავისებურებებით არ გამოირჩევა. არაფერი კლინიკურად განსაკუთრებული არ შეუნიშნავთ არც ახალგაზრდების პოპულაციაში.

4. შეიცვალა თუ არა მიდგომა COVID 19-ის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებში ახალი შტამის გამოჩენასთან დაკავშირებით?

არა. პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები იგივე დარჩა, რადგან კორონავირუსის ახალი შტამი ჯერჯერობით არ არის შემჩნეული გავრცელების რაიმე უნიკალურ თავისებურებებში და არც დაავადების სიმძიმით განსხვავდება უკვე არსებული ვარიანტისგან.

5. რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა, რომ სწრაფად გავრცელებადმა ვირუსმა კიდევ უფრო მეტად არ დაგვაზიანოს?

არაფერი ახალი და განსაკუთრებული. სოციალური დისტანციის შენარჩუნების, ნიღაბის ტარების, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვის წესები უცვლელია“, - აღნიშნავს ექიმი-კარდიოლოგი.

მისი განმარტებით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვა თუ რეგულაცია თანაბრად ეხებათ კოვიდ-გადატანილებსაც და ინფიცირებას დროებით გადარჩენილებსაც. COVID 19-ით რეინფიცირების შემთხვევები დადასტურებულად არსებობს და ეცადეთ არ გახდეთ ერთ-ერთ ამ იშვიათ გამონაკლისთაგანი.

ნანა გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენა საყოველთაო პანიკის ობიექტურ საფუძველს არ წარმოადგენს.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირება პირველად დიდ ბრიტანეთში, 2020 წლის დეკემბერში დადასტურდა.

👉 საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევა 4 იანვარს დაფიქსირდა. ქვეყანაში ჯერჯერობით ასეთი მხოლოდ 1 ფაქტია გამოვლენილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

👉 პაატა იმნაძე: ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ აქვს

👉 „კორონავირუსის ახალი შტამით 19 წლამდე პირები და ბავშვები ინფიცირდებიან“ - ზაზა წერეთელი