მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს კორონავირუსის დამამძიმებელი სიმპტომი აქვს და აუცილებელია ექიმის მიმართვა?

ივანე ჩხაიძე
1626812914
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ბავშვების კორონავირუსის დელტა შტამით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული.

მისი თქმით, 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში COVID 19-ის კონკრეტული მახასიათებლები ადვილად შეიძლება გამოვიცნოთ.

„ჩვენ გვაქვს ეროვნული პროტოკოლი ბავშვებში კორონავირუსის მართვის და მასში დეტალურად არის გაწერილი მათი ჰოსპიტალში გაწერის კრიტერიუმები. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც სამწუხაროდ ალბათ, ყველაზე უფრო მტკივნეულია, ეს არის წლამდე ასაკის ბავშვის (სიმპტომის არსებობის შემთხვევაში რისკებიდან გამომდინარე) აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია. ამ ასაკობრივ ჯგუფში უფრო მეტად გავრცელების შემთხვევაში ავტომატურად გვეზრდება მიმართვიანობა საავადმყოფოებში. 1 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალშობილებში იმატა ვირუსის გავრცელებამ.

ბავშვების კორონავირუსით ინფიცირებისას დელტა ვარიანტის სიმძიმე, ეს არის სწორედ ყველაზე მეტად მტკივნეული, რაც გამოარჩევს ალფა და ჩინური ვარიანტისაგან. ინდური შტამი უფრო მეტად ვრცელდება ბავშვებში.

შესაბამისად, ბავშვების უფრო მეტად ჰოსპიტალიზების აუცილებლობა დგება. დელტა შტამი უფრო მძიმედ მიმდინარეობს, უფრო მეტია ფილტვების დაზიანება, კერძოდ, ფილტვების ანთების წილი და მომართვიანობა ჰოსპიტალიზაციისა.

განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის მონაცემებზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ დელტა შტამი ბავშვებში უფრო მეტად ვრცელდება. ძირითადად 2 საავადმყოფო მართავს მძიმე შემთხვევებს: ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკა, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებული ბავშვია და ასევე, ბათუმის ბავშვთა კლინიკურ ცენტრი.

დღეს ციციშვილის კლინიკაში 19 ბავშვია კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში, სულ 60-ზე მეტი ბავშვი მკურნალობს, მაგრამ კრიტიკული და მძიმე მდგომარეობის პაციენტი ამჟამად 1 არის დარჩენილი, რომელიც ხელოვნურ სუნთქვაზეა იმ 3 -დან, რომელიც აგრძელებს მკურნალობას“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მან, ასევე, ისაუბრა კორონავირუსის იმ მთავარ სიმპტომებსა და მახასიათებლებზე ბავშვებში, რომლებიც ინფიცირების დროს მკვეთრად არის გამოხატული და რისი მეშვეობითაც შევძლებთ დადგენას, ბავშვი არის თუ არა ინფიცირებული COVID 19-ით.

კორონავირუსი ბავშვებში - სიმპტომები

❗❗❗ „1 წელზე უფრო მეტი ასაკის ბავშვებში სიმპტომები ძნელი გამოსაცნობი არ არის: თუ არის გამოხატული 3 დღეზე მეტი მაღალი ტემპერატურა 38 და მეტი პირველი სიმპტომი, ხველა, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, ეს არის სუნთქვის გახშირება - გაძნელებული გახშირებული, ზედაპირული სუნთქვა, მკვნესარე სუნთქვა - მიმანიშნებელია სასუნთქი სისტემის ჩართვის პროცესში, რაც კორონავირუსის დროს ერთ-ერთი პირველი სამიზნეა.

❗❗❗ ნაწლავთა მოქმედების გახშირება - წყლის დიდი რაოდენობით შემცველი განავლით - ბავშვების1/3-ში განსხვავებით მოზრდილებისაგან კუჭ-ნაწლავის სიმპტომატიკა ვლინდება და არა ყელის ტკივილი. ამიტომ წყლის დიდი რაოდენობა თუ არის განავალში 3 და მეტი დღის განმავლობაში, თუ გაქვთ სახლში პულსოქსიმეტრი, გამოიყენეთ. 94-ის ქვემოთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

❗❗❗ ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი სიმპტომები, რომლებიც უკავშირდება ბავშვის აქტიურობის ცვლილებას: გამოხატული ძილიანობა, ნაკლები აქტიურობა - ეს არის ზოგადად დამახასიათებელი სიმპტომატიკა ნებისმიერი ვირუსული ინფექციისთვის. ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

❗❗❗ ყნოსვისა და გემოს დაკარგვა - ეს სიმპტომები დარჩა ბავშვებში. შედარებით ნაკლებია აღნიშნული მახასიათებლის გამოვლენა, თუმცა, 6 წლის ზემოთ საკმაოდ ხშირია. ეს პრაქტიკულად 100%-იანი დამადასტურებელი სიმპტომია კორონავირუსის“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი, ხოლო 880 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 390 945-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 592 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 367 130 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 7,19%, ბოლო 14 დღის - 4,77%, ბოლო 7 დღის - 5,24%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

📣 მსოფლიოში ახალი, საშიში „ლამბდა“ შტამი ვრცელდება - ჯანმო

📣„იმ კატასტროფული ვაქცინაციის ფონზე, რაც გვაქვს, ძალიან მძიმე აგვისტო და სექტემბერი გველოდება“ - ვახტანგ კალოიანი

📣„შეიძლება შევიდეთ უფრო მძიმე სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო შარშან“ - ზაზა წერეთელი

📣„გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან“ - მაია ბუწაშვილი