მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეეხებათ თუ არა შეზღუდვები ვაქცინირებულ პირებს? - NCDC-ის განმარტება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია Pia.ge
1616758741
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინირებულ პირებს კოვიდრეგულაციების დაცვა ძველებურად მოუწევთ და მათთვის შეზღუდვების შემსუბუქება არ იგეგმება. ამის შესახებ NCDC-ის წარმომადგენელმა მედია ვებინარზე საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს კითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

PIA.GE ასევე, დაინტერესდა: „ვაქცინირებული პირებისთვის ყველა სახის შეზღუდვების მოხსნის დაანონსება ხომ არ გააქტიურებს ვაქცინაციას?“, რაზეც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა განმარტა, რომ ვაქცინაცია კორონავირუსის გადაცემის რისკს არ ამცირებს, ის მხოლოდ იცავს აცრილ პირს დაავადების გართულებისა და სიკვდილისაგან.

„ვაქცინირებული პირებისთვის რეგულაციების შემსუბუქება არ იგეგმება და მათ წესების დაცვა ჩვეულებრივად მოუწევთ, რადგან ვაქცინაცია არ ამცირებს ვირუსის გადაცემის რისკს, ის მხოლოდ იცავს აცრილ პირს დაავადების გადაცემისგან და ლეტალური შედეგისგან. შესაბამისად, შეზღუდვების შემსუბუქების წინაპირობა ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებას არ გამოიწვევს“, - აღნიშნულია ცენტრის პასუხში.

როგორც NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, არავაქცინირებული პირებისთვის გარკვეული ბარიერები შეიქმნება.

„გარკვეულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ავიაკომპანიებმა უკვე გამოაცხადეს, რომ არავაქცინირებულ პირებზე ბილეთებს არ გაყიდიან ანუ მოხდება გარკვეული ბარიერები შეიქმნება, რომელიც წაახალისებს ვაქცინაციის პროცესს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

საქართველოს უკვე ორი ვაქცინა აქვს, რომელთაგან აცრისთვის ამ დროისთვის „ასტრაზენეკას“ ვაცქინა გამოიყენება, ხოლო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 30 მარტიდან დაიწყება.