მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი გადაიდო. 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გადახედვის სხდომას დაესწროს.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილს ჩაინიშნა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

მას საქმეზე სასამართლოსგან თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც ნიკა მელიას უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი.

2020 წლის 1-ელ ნოემბერს, ნიკა მელიას მიერ, სიტყვით გამოსვლისას, ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად შეაფასა და ნიკა მელიას გირაოს ოდენობა 70 000 ლარამდე გაუზარდა, ხოლო გადახდის ბოლო ვადად 2020 წლის 23 დეკემბერი განისაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს ნიკა მელიამ გირაოს თანხის გადახდაზე უარი საჯაროდ განაცხადა.

12 თებერვალს პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს შუამდგომლობაზე თანხმობისთვის მიმართა.

16 თებერვალს პარლამენტი დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას და ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

17 თებერვალს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმა და პატიმრობა შეუფარდა.

18 თებერვალს სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიასთვის სასამართლო განჩინების ჩასაბარებლად მივიდნენ, თუმცა პარტიის მხარდამჭერებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზად ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების თარიღისა და ფორმის შესახებ გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მისი პატიმრობაში ყოფნა“- პროკურორი

„მოსამართლეს რჩება ერთი რამ - დარჩეს კანონის სივრცეში და გაათავისუფლოს ნიკა მელია“ - ადვოკატი

ნიკა მელია: შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან გამოვიქცეოდი