მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალიბანი ქაბულში შევიდა - უახლესი ამბები (Live)

თალიბანი ქაბული. რადიკალურმა დაჯგუფება თალიბანმა ქაბული აიღო Pia.ge

რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ ავღანეთზე კონტროლს ამყარებს. ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანის შესვლის უახლეს ამბებს.

02.09.2021 - 11.45 ფანჯშირის ხეობაში კვლავ ბრძოლა მიმდინარეობს

ავღანური რადიკალური დაჯგუფების, „თალიბანის“ ინფორმაციით, ფანჯშირის ხეობაში, რომელსაც თალიბები ვერ აკონტროლებენ, ბრძოლა მიმდინარეობს. ამის თაობაზე Aljazeera იუწყება.

როგორც თალიბების წარმომადგენელმა მუჰამედ ჯალალმა განაცხადა, თალიბების ძალებმა რამდენიმე ბლოკსაგუშაგო აიღეს. თუმცა დამოუკიდებელი წყაროებიდან Aljazeera-მ ამის დამადასტურებელი ინფორმაცია ვერ მოიპოვა.

ფანჯშირის ხეობა, რომელიც ქაბულიდან ჩრდილოეთით მდებარეობს, ამჟამად ერთადერთი ადგილია ავღანეთში, რომელსაც „თალიბანი“ ვერ აკონტროლებს. ანტითალიბანურ მოძრაობას აჰმად მასუდი ხელმძღვანელობს, რომელიც წარსულში ცნობილი საველე მეთაურის აჰმად შაჰ მასუდის შვილია.

რამდენიმე დღის წინ „თალიბანმა“ ფანჯშირის ხეობაზე შეტევა სცადა, მაგრამ დიდი დანაკარგი განიცადა და უკან დაიხია.

31.08.2021 - 15:40 „თალიბანის“ შეტევა ფანჯშირის ხეობაზე უშედეგოდ დასრულდა

ავღანეთიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გასვლის დასრულების შემდეგ რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ფანჯშირის ხეობაზე შეტევა სცადა. ეს ერთადერთი რეგიონია ავღანეთში, რომელსაც თალიბები ვერ აკონტროლებენ. ამის შესახებ indiatoday.in იუწყება.

ანტი-თალიბური მოძრაობის მეთაურის აჰმად მასუდის ოფიციალური წარმომადგენლის ფაჰიმ დაშტის ინფორმაციით, თალიბების მხრიდან 8 „ბოევიკი“ დაიღუპა. ამასთანავე, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რადიკალური მოძრაობის მებრძოლებს შორის გაცილებით მეტი დაღუპულია.

ფანჯშირის ხეობის მცველებს შორის არიან დაჭრილები. თალიბების ძალებმა უკან დაიხიეს.

რამდენიმე დღის წინ თალიბებმა ფანჯშირის ხეობაში ინტერნეტი გათიშეს. ეს მასუდისთვის ერთგვარი სიგნალი იყო, რომ „თალიბანი“ შეტევისთვის ემზადებოდა.

ანტი-თალიბურ მოძრაობას აჰმად მასუდი და ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი ხელმძღვანელობენ. ეს ადამიანები ეროვნებით ტაჯიკები არიან, მაშინ როდესაც ავღანეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მათ შორის თალიბები, პუშტუნები არიან.

ფანჯშირის ხეობის მცველები აცხადებენ, რომ ისინი არა მხოლოდ ხეობისთვის, არამედ მთელი ავღანეთისთვის იბრძვიან, რადგანაც ქაბულის აღების შემდეგ თალიბები უხეშად არღვევენ მოსახლეობის, მათ შორის ქალთა უფლებებს.

31.08.2021 - 14:20 აშშ-მა საკუთარ ავიალაინერებს ავღანეთის თავზე ფრენა აუკრძალა

აშშ-ის სამოქალაქო ავიალაინერებს ავღანეთის თავზე ფრენა ეკრძალებათ. ქაბულის აეროპორტს კი საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემა აღარ აქვს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავები ახლა ავღანეთის ტერიტორიაზე გადაფრენას ნებისმიერ სიმაღლეზე მხოლოდ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს ნებართვით (FAA) შეძლებენ.

FAA-ის ინფორმაციით, ამერიკულ სამოქალაქო თვითმფრინავებს მხოლოდ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილზე გადაფრენის უფლება აქვთ.

18 აგვისტოდან ავღანეთის თავზე ავიარეისებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფდა. ამ ხნის განმავლობაში 120 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ეს საჰაერო გზით ევაკუაციის რეკორდული ოპერაცია იყო აშშ-ის ისტორიაში.

31.08.2021 - 11:15 „თალიბანის“ წარმომადგენლები: აშშ-სთან კარგი ურთიერთობა გვსურს

ავღანური რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აშშ-სთან კარგი ურთიერთობები სურს. ამის შესახებ „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა. ინფორმაციას hindustantimes.com იუწყება.

„ჩვენ აშშ-სთან კარგი ურთიერთობები გვსურს. მას შემდეგ, რაც ავღანეთი ამერიკულმა ჯარმა დატოვა, ქვეყანამ დამოუკიდებლობა მიიღო“ - განაცხადა მუჯაჰიდმა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები დამარცხდა და საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწიეს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა დაასრულა. როგორც აშშ-ის ცენტრალური მეთაურობის უფროსმა ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა, ავღანეთი ბოლო ამერიკულმა თვითმფრინავებმა დატოვეს. მათ სამხედროების და დიპლომატების ბოლო ჯგუფი გაიყვანეს.

31.08.2021 - 10:12 - აშშ-მა ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა დაასრულა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასრულა ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა. ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც აშშ-ის ცენტრალური მეთაურობის უფროსმა ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა, ავღანეთი ბოლო ამერიკულმა თვითმფრინავებმა დატოვეს. მათ სამხედროების და დიპლომატების ბოლო ჯგუფი გაიყვანეს.

ქაბულის აეროპორტი ბოლო სამხედრო ობიექტია, რომელიც ავღანეთში ამერიკელების კონტროლის ქვეშ იყო. ახლა ის მოძრაობა „თალიბანს“ გადაეცა.

15 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ქაბული „თალიბანმა“ აიღო, ქაბულის აეროპორტიდან 120 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათი უმეტესობა ავღანელები იყვნენ. ამით შეერთებული შტატების 20-წლიანი სამხედრო ოპერაცია ავღანეთში დასრულდა.

30.08.2021 - 20:25 „ქაბულიდან ევაკუაციის ბოლო ფაზა განსაკუთრებით საშიშია“ - ჯონ კირბი

„ქაბულიდან ევაკუაციის ბოლო ფაზა განსაკუთრებით საშიშია, საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია“, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა კვირას ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ მანქანას უპილოტო თვითმფრინავის დარტყმა მიაყენა, მოხდა აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმები.

„ჩვენ იმ ვარაუდით ვმოქმედებთ, რომ მომავალი პოტენციური საფრთხეებისთვის უნდა მოვემზადოთ. ახლა განსაკუთრებით სახიფათო მომენტია. საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია. ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამას და ასე იქნება ევაკუაციის დასრულებამდე“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა, განხორციელდება თუ არა რეისები 31 აგვისტოს, როდესაც ევაკუაციისთვის განსაზღვრული ვადა იწურება.

„ეს ყოველთვის იყო საშიში ოპერაცია, თუმცა ახლა ჩვენ განსაკუთრებით საშიშ ეტაპზე ვართ“, – აღნიშნა კირბიმ.

28.08.2021 - 11:15 „თალიბანმა“ ხელში ჩაიგდო 85 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა - ამერიკელი კონგრესმენი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯიმ ბენქსი აცხადებს, რომ „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ ხელში ჩაიგდეს 85 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა. ამის შესახებ independent.co.uk იუწყება.

კონგრესმენის ინფორმაციით, ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გასვლის შემდეგ იქ 75 000 ავტომობილი, 200 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ასევე 600 000 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და მსუბუქი შეიარაღება დარჩა.

ბანქსის განცხადებით, ამჟამად მსოფლიოში არსებული ამერიკული ვერტმფრენის Black Hawk-ის 85% „თალიბანს“ ეკუთვნის. კონგრესმენის თქმით, თუ ეს შეიარაღება ამერიკელების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, მათ სისხლზე პასუხისმგებლობა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დაეკისრება.

27.08.2021 - 13:08 აშშ ავღანეთში ახალ ტერაქტებს ელოდება

ქაბულის აეროპორტთან 26 აგვისტოს განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, აშშ ახალ შეტევებს ელოდება. ამის მიუხედავად, ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაცია გრძელდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა. თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. დაჯგუფებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ISIS-ის ობიექტებზე დარტყმები განხორციელდება და რომ მან შესაბამისი დავალება თავდაცვის სამინისტროს მისცა.

ბაიდენის ინფორმაციით, აშშ-მა ავღანეთიდან 100 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა და კიდე 5 ათასი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.

მანამდე უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო ავღანეთიდან ევაკუაცია ბელგიამ, დანიამ, ნორვეგიამ და საფრანგეთმა შეაჩერეს.

27.08.2021 - 10:25 ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ქაბულის აეროპორტში 26 აგვისტოს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა. ამის შესახებ nbcnews.com იუწყება.

დაღუპულთა შორის 13 ამერიკელი სამხედროა, დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. ერთ-ერთი აფეთქება სასტუმრო Baron-თან მოხდა, სადაც, ძირითადად, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქალები და ბავშვები არიან.

ტერაქტთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა. მისი თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე დარტყმები განხორციელდება. შესაბამისი დავალება ბაიდენმა პენტაგონს მისცა. „ჩვენ ამას არ გაპატიებთ, სადაც არ უნდა იყოთ, გიპოვით და პასუხს გაგებინებთ“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ და “თალიბანმა“ ეს შეტევა ერთად განახორციელეს.

აშშ-ის ცენტრალური მეთაურობის ხელმძღვანელმა გენერალმა ქენეთ მაკკენზიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოსგან“ საფრთხე სავსებით რეალურია და მისი ტერორისტები შეეცდებიან ტერაქტების მოწყობას თვითმკვლელების, ავტომანქანების და რაკეტების გამოყენებით. მისი ინფორმაციით. აშშ-მა ქაბულიდან 104 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა და კიდე 5 ათასი პირის ევაკუაცია იგეგმება.

27.08.2021 - 09:37 ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

ქაბულში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

აფეთქების შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს.

აშშ-ს სამხედროებმა განაცხადეს, რომ აფეთქებას მათი 13 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ამჟამად დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია ხორციელდება.

გენერალ ფრენკ მაკენზი, შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მეთაური, ამბობს, რომ ამერიკელი მეთაურები მზად არიან ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მეტი თავდასხმისთვის.

27.08.2021 - 09:24 „იცოდეთ, ჩვენ არ გაპატიებთ და არ დავივიწყებთ“ - ჯო ბაიდენი ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთში მოქმედი ფრთის წევრებმა მოაწყვეს.

„მათ, ვინც განახორციელა ეს თავდასხმა, და ყველამ, ვისაც სურს, ზიანი მიაყენოს აშშ-ს, იცოდეთ, ჩვენ არ გაპატიებთ და არ დავივიწყებთ. გიპოვით და საფასურს გადაგახდევინებთ. დავიცავ ჩემი ქვეყნის ინტერესებს ნებისმიერი საშუალებით, რომელიც მაქვს“, - აცხადებს ბაიდენი.

პრეზიდენტმა ავღანეთის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს მიუსამძიმრა და მათ გმირები უწოდა.

„ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს, გმირები იყვნენ. გმირები, რომლებიც საშიშ და თავგანწირულ მისიაში მონაწილეობდნენ, რათა სხვების სიცოცხლე გადაერჩინათ. ჩვენ წმინდა ვალდებულება გვაქვს მათი ოჯახების მიმართ, რაც სამუდამოდ გაგრძელდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად ტერორისტული აქტისა, აშშ გააგრძელებს ამერიკელების, ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას.

„ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ ტერორისტები. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, ჩვენი მისია შეაჩერონ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას. ასევე, დავავალე სამხედროებს, შეიმუშაონ გეგმა, რომლითაც „ისლამური სახელმწიფოს“ ინფრასტრუქტურაზე და ხელმძღვანელობაზე იერიშს მივიტანთ. ჩვენ ძალისმიერ პასუხს გავცემთ იმ დროსა და იმ ადგილზე, რომელსაც თავად შევარჩევთ. ტერორისტები არ გაიმარჯვებენ. ჩვენ დავიხსნით ამერიკელებს და ჩვენს მოკავშირეებს. ამერიკას ვერ დააშინებენ“, - განაცხადა ბაიდენმა.

ინფორმაციისთვის, ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა. ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

26.08.2021 - 22:52 ქაბულში მესამე ტერაქტი მოხდა - იზრდება დაღუპულთა რიცხვი (ვიდეო)

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან მესამე ტერაქტი მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ში სხვადასხვა სამოქალაქო პირები ავრცელებენ.

უკანასკნელი მონაცემებით, აფეთქებების სერიას ქაბულში 10 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ჯამში გარდაცვლილია 60 ადამიანი.

26.08.2021 - 19:29 ქაბულის აეროპორტთან მეორე აფეთქება მოხდა

სააგენტო „როიტერი“ ქაბულის აეროპორტთან მეორე აფეთქების შესახებ იუწყება. აღნიშნულ ინფორმაციას მედია პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ცნობით, დაღუპულთა შორის არიან სამოქალაქო პირები და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები.

26.08.2021 - 18:14 ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა



ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ორმხრივი სროლის შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აფეთქება აეროპორტის იმ შესასვლელთან მოხდა, რომელსაც ბრიტანელი სამხედროები აკონტროლებენ. Reuters-ის ინფორმაციით, ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

ქაბულის აეროპორტზე ტერორისტული შეტევის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა და პენტაგონმა დაადასტურა. ამჟამად დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

მოგვიანებით „თალიბანის" წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. დაშავებულთა შორის ქალები და ბავშვები არიან.

რამდენიმე საათის წინ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა გაფრთხილება, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ქაბულის აეროპორტზე შეტევას გეგმავს.

26.08.2021 - 17:30 „თალიბანი“ ავღანეთში მუსიკას კრძალავს

ავღანეთის რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ განაცხადა, რომ საჯარო სივრცეში მუსიკა აიკრძალება, რადგანაც ეს ისლამის ტრადიციებს ეწინააღმდეგება. ინფორმაციას saharareporters.com იუწყება.

თალიბები იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა ამ მოწოდებებს გაიზიარებს და მასზე ზეწოლა საჭირო არ იქნება. „თალიბანი" ამ განცხადებებს იმის მიუხედავად აკეთებს, როცა თავდაპირველად ამბობდა, რომ ბევრად უფრო ლიბერალური იქნება, ვიდრე 20 წლის წინ. მაშინ „თალიბანი" ასევე ავღანეთის ხელისუფლებაში იმყოფებოდა.

როგორც „თალიბანის" წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, თალიბების ამ მმართველობის დროს ყველაფერი სხვანაირად იქნება, ვიდრე წინა რეჟიმის დროს. იმ ინფორმაციის კომენტირებისას, რომ თალიბები თავის მოწინააღმდეგეებზე შურს იძიებენ და რამდენიმე ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, მან განაცხადა, რომ „თალიბანს“ მომავლის აშენება სურს და სურს იმის დავიწყება, რაც წარსულში ხდებოდა.

მუჯაჰიდმა აღნიშნა, რომ ქალებს მომავალში სამსახურში დაბრუნების უფლება ექნებათ. ასევე მათ მხოლოდ თავსაბურავის ტარების ვალდებულება ექნებათ, ხოლო სახის დაფარვა საჭირო არ იქნება.

ზაბიჰულა მუჯაჰიდმა იმედი გამოთქვა, რომ თალიბები საერთაშორისო თანამეგობრობასთან ნორმალური ურთიერთობების აგებას შეძლებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ „თალიბანი“ უკვე თანამშრომლობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ისეთ საკითხებში, როგორიცაა ავღანეთიდან ლტოლვილთა ნაკადის შემცირება, ტერორიზმთან და ნარკობიზნესთან ბრძოლა.

26.08.2021 - 15:05 საფრანგეთი 27 აგვისტოს შემდეგ ქაბულიდან ადამიანების ევაკუაციას ვეღარ გააგრძელებს

27 აგვისტოს საფრანგეთი ქაბულის აეროპორტიდან ადამიანების ევაკუაციას შეწყვეტს. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა. ინფორმაციას rtl.fr/actu/politique ავრცელებს.

ამასთანავე, დანიის, პოლონეთის და ბელგიის მთავრობებმა უკვე განაცხადეს, რომ მათ ევაკუაციის პროცესი დაასრულეს. როგორც დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ამჟამად აეროპორტში ყოფნა და იქიდან რეისების განხორციელება უსაფრთხო აღარ არის.

მანამდე აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს ადამიანებს ქაბულის აეროპორტში მისვლისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან იქ ტერაქტის მაღალი საფრთხე არსებობს. ეს საფრთხე „ისლამური სახელმწიფოდან“ მოდის.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტში კვლავ პანიკაა და იქიდან გამოფრენას 10 ათასამდე ადამიანი ცდილობს. „თალიბანთან“ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ბოლო უცხოელმა სამხედრომ ავღანეთი 31 აგვისტოს უნდა დატოვოს.

26.08.2021 - 11:12 - თალიბებმა ქალებს ქუჩაში გასვლა აუკრძალეს

ავღანეთის რადიკალური მოძრაობის, „თალიბანის“ წარმომადგენლებმა ქალებს ქუჩაში გასვლა აუკრძალეს. თალიბები ამას უსაფრთხოების ინტერესებით ხსნიან და „დროებით ზომას“ უწოდებენ. ინფორმაციას Deutche Welle იუწყება.

როგორც „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, ქალებს ქუჩაში გასვლა იქამდე აეკრძალათ, ვიდრე მათი უსაფრთხოების სისტემა არ იქნება აწყობილი.

„თალიბანის“ წარმომადგენლებმა ჯერ არ იციან ქალებთან როგორ მოიქცნენ და როგორ ესაუბრონ. ამიტომ ვიდრე სრული უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, ვთხოვთ ქალებს სახლებში დარჩნენ“ - განაცხადა მუჯაჰიდმა.

ქაბულის დაკავების შემდეგ “თალიბანის“ ერთ-ერთი პირველი განცხადება სწორედ ქალთა უფლებებს ეხებოდა. მათ განაცხადეს, რომ ქალებს აქტიური ცხოვრების უფლება ექნებათ, მაგრამ მათ შარიათის კანონი უნდა დაიცვან. ასე, მაგალითად, ამ კანონის მიხედვით ქალებს ქუჩაში კაცის გარეშე გასვლა ეკრძალება და მას ტანსაცმელი უნდა ეცვას, რომელიც მთელ სხეულს ფარავს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ბოევიკებმა“ 4 ბავშვის დედა მოკლეს, რადგანაც მათ საჭმელი არ გაუკეთა და ერთი ქალი იმიტომ დახვრიტეს, რომ ჰიჯაბის გარეშე დადიოდა.

ქაბულში ქალებმა საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია უკვე გამართეს.

26.08.2021 - 10:25 თალიბები პირობას დებენ, რომ ავღანეთის დატოვებას მსურველები 31 აგვისტოს შემდეგაც შეძლებენ

„ის ავღანელები, ვისაც შესაბამისი საბუთები აქვთ, კომერციული რეისებით ქვეყნიდან გაფრენას 31 აგვისტოს შემდეგაც შეძლებენ“. ამის შესახებ ყატარში, გერმანიის ელჩთან მარკუს პოცელთან მოლაპარაკების დროს „თალიბანის“ წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

როგორც „თალიბანის“ წარმომადგენელმა დოჰაში სუხაილ შაჰინმა აღნიშნა, ქაბულიდან უცხოელი სამხედროების დროული გაყვანა კომერციული რეისების აღდგენის წინაპირობა იქნება.

ქაბულის აეროპორტიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაყვანა 31 აგვისტომდე იგეგმება. გერმანიის მთავრობა თალიბებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ ადამიანების ევაკუაცია ამ ვადის გასვლის შემდეგაც გაგრძელდეს.

26.08.2021 - 09:48 ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტის დატოვებისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატები მოქალაქეებს მოუწოდებს დატოვონ ქაბულის აეროპორტი ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული თავდასხმის საფრთხის გამო.

მსგავსი გაფრთხილება მისცა ბრიტანეთმა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს და უთხრა, რომ გადავიდნენ უსაფრთხო ადგილას.

„არსებობს ტერორისტული თავდასხმის მაღალი საფრთხე, გადაინაცვლეთ უფრო უსაფრთხო ადგილას და დაელოდეთ დამატებით რეკომენდაციას“, - ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში .

ავსტრალიამ, ასევე, მოუწოდა თავის მოქალაქეებს და ვიზის მფლობელებს დაეტოვებინათ ტერიტორია და გააფრთხილა აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის ძალიან მაღალ საფრთხეზე.

ავღანეთის დედაქალაქში ნატოს დიპლომატმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თალიბები პასუხისმგებელნი არიან აეროპორტის გარეთ არსებულ უსაფრთხოებაზე, ისლამური სახელმწიფოს მუქარა იგნორირებული არ იქნება .

ისლამისტური ჯგუფის წარმომადგენელმა თქვა, რომ თალიბანის მცველები აგრძელებენ მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას აეროპორტის გარეთ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აგვისტოს შუა რიცხვებიდან ავღანეთიდან ევაკუირებულია მინიმუმ 4500 ამერიკელი მოქალაქე და მათი ოჯახები, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტი დახმარებას უწევს 1500 ადამიანს ვინც იქ დარჩა.

25.08.2021- 17:45 „არ უნდა დავივიწყოთ ავღანეთი, თალიბანთან სასაუბროდ გერმანია მზად არის“ - ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ავღანელების მხარდაჭერას. მან დასძინა, რომ ბერლინი „არ ერიდება“ თალიბანთან მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

„გერმანია მუშაობს „ინტენსიურად“ ავღანელი ხალხის ევაკუაციისთვის“ - განუცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში კანონმდებლებს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გერმანიის სამხედრო თვითმფრინავებმა ამ დრომდე ავღანეთიდან გამოიყვანეს 4,600-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის გერმანიის მოქალაქეები და ადგილობრივი მცხოვრებლები.

მერკელმა თქვა, რომ გერმანია კვლავ შეეცდება დაეხმაროს ავღანელებს, რომლებიც მუშაობდნენ გერმანულ ორგანიზაციებთან და სურთ ავღანეთის დატოვება მოცემული ვადის გასვლის შემდეგაც კი.

„რამდენიმე დღეში საჰაერო ხიდის დასრულება არ უნდა ნიშნავდეს ავღანელი ხალხის დაცვის მცდელობების დასრულებას და იმ ავღანელების დახმარებას, რომლებიც თალიბანის ხელში ჩაგდებისას უფრო მეტად საგანგებო სიტუაციაში დარჩნენ“, - განაცხადა მერკელმა.

მერკელის გამოსვლის ძირითადი პუნქტები იყო:

  • გერმანია გააგრძელებს ავღანეთში დამხმარე ორგანიზაციების მხარდაჭერას;
  • გერმანია დაეხმარება ავღანეთის მეზობელ ქვეყნებს;
  • საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დაუკავშირდეს თალიბანს;
  • დასავლეთის მთავრობებმა „შეაფასეს“ თალიბანის ხელში ჩაგდების სისწრაფე;
  • თალიბანი ახლა „მწარე“ რეალობაა.

„ისტორიაში ბევრ რამეს დიდი დრო სჭირდება. ამიტომაც არ უნდა დავივიწყოთ ავღანეთი, ამ მწარე დროს. დარწმუნებული ვარ, რომ არცერთ ძალას და იდეოლოგიას არ შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს სამართლიანობისა და მშვიდობისკენ სწრაფვას.“

მერკელმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, შეინარჩუნოს დიალოგი თალიბანთან, რათა დაიცვას ნატოს მიღწევები.

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის, რაც ჩვენ მივაღწიეთ ავღანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში. ეს არის ის, რაზედაც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა ისაუბროს თალიბანთან“, - განაცხადა მერკელმა.

25.08.2021 - 11.25 „თალიბანმა“ ავღანეთიდან დოლარების გატანა აკრძალა

ავღანეთის რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნიდან დოლარების და ანტიკვარის გატანა აკრძალა. ამის შესახებ ტვიტერში დაჯგუფების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიდულა მუჯაჰიდმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მისი განცხადებით, ვალუტის გატანა როგორც საჰაერო, ასევე სამანქანო გზით არის აკრძალული. წესების დარღვევის შემთხვევაში ამ ადამიანებს თანხა და ძვირფასი ნივთები ჩამოერთმევათ, ხოლო დამრღვევები კანონის მიხედვით დაისჯებიან.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ბანკმა, შემდეგ კი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა. მათ განაცხადეს, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებას დააკვირდებიან. 2020 წელს ავღანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 43%-ს შეადგენდა თანხები, რომლებსაც ქვეყანა დახმარების სახით იღებდა.

ფინანსური დახმარება ავღანეთს აშშ-მაც შეუჩერა. ასევე ვაშინგტონმა „თალიბანს“ ავღანეთის მთავრობის საბანკო ანგარიშებზე წვდომა დაუბლოკა.

24.08.2021 - 18.15 აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ქაბულში თალიბებს შეხვდა - Washington Post

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი 23 აგვისტოს ქაბულში თალიბანის ლიდერს აბდულა განი ბარადარს შეხვდა. ამის შესახებ Washington Post იუწყება.

რა საკითხები იყო განხილული ამ შეხვედრაზე, უცნობია. გამოცემა ვარაუდობს, რომ ეს, შესაძლოა, ქაბულიდან ევაკუაციისთვის ვადების გაგრძელების საკითხი იყო, თუმცა აშშ-მა თალიბებისგან უარი მიიღო. ევაკუაციის ოპერაცია ადრე მიღწეული შეთანხმების მიხედვით, 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს.

როგორც გერმანიის საგარეოს საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, გერმანია, აშშ და თურქეთი თალიბებთან მოლაპარაკებას მართავს, რათა ევაკუაციის ოპერაცია ქაბულის აეროპორტში უფრო აქტიურად წარიმართოს.

ქაბულიდან ევაკუაცია 15 აგვისტოს დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში ამერიკელებმა ავღანეთიდან 33 ათასი ადამიანი გაიყვანეს.

24.08.2021 - 12.21 „თალიბანი“ ავღანეთიდან ევაკუაციის ვადების გაგრძელების წინააღმდეგია

ავღანეთის რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ 31 აგვისტოს შემდეგ ქაბულიდან ევაკუაციის გაგრძელების წინააღმდეგია. ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, ვაშინგტონი თალიბებთან კონტაქტზეა და დაჯგუფება ევაკუაციის ვადების გაგრძელებას მხარს არ უჭერს.

სალივანმა აღნიშნა, რომ 31 აგვისტომდე ავღანეთიდან ყველა ამერიკელის ევაკუაციაა შესაძლებელი, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს.

ქაბულიდან ევაკუაცია 15 აგვისტოს დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ხნის განმავლობაში ამერიკელებმა ავღანეთიდან 33 ათასი ადამიანი გაიყვანეს.

24.08.2021 - 11.00 ავღანეთში უკრაინული თვითმფრინავი გაიტაცეს

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტში შეიარაღებულმა პირებმა უკრაინული თვითმფრინავი გაიტაცეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა, თვითმფრინავი, რომელსაც ავღანეთიდან უკრაინის მოქალაქეები უნდა წამოეყვანა, მაგრამ საჰაერო ხომალდი შეიარაღებულმა პირებმა ხელში ჩაიგდეს და შემდეგ ამ თვითმფრინავით ირანში გაფრინდნენ.

ავღანეთის დედაქალაქიდან ამჟამად აშშ-ის და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა ევაკუაციის ოპერაცია მიმდინარეობს, ოპერაცია 15 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ქაბული რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

23.08.2021 - 19:03 „თალიბებმა“ მოწინააღმდეგე ძალების მიერ დაკავებული უბნები დაიბრუნა

თალიბანმა დაიბრუნა სამი უბანი ჩრდილოეთ ავღანეთში, რომელიც გასულ კვირას თალიბანის მოწინააღმდეგე ძალებმა დაიკავეს, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

„თალიბანის“ ძალებმა ფანჯშირის სიახლოვეს პოზიციები დაიკავეს. მტერი ალყაშია. ისლამური საამირო ცდილობს პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებას”, - აცხადებს ზაბიჰულა.

23.08.2021 - 10:44 ქაბულში სროლას ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა

ქაბულში ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთი თანამშრომელი დაიღუპა, - ამის შესახებ გერმანიის შეიარაღებული ძალები „ტვიტერზე“ წერს.

„დღეს დილით ქაბულის აეროპორტთან, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და დაუდგენელ პირებს შორის სროლა მოხდა. სროლის შედეგად, დაიღუპა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთი თანამშრომელი და დაიჭრა სამი“, – აღნიშნულია გერმანიის შეიარაღებული ძალების ინფორმაციაში.

23.08.2021 - 10.30 „თალიბანი“ ფანჯშირის ხეობის აღებას გეგმავს

ავღანეთის რადიკალური მოძრაობის, „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ფანჯშირის ხეობის დაკავებას აპირებენ, რომელსაც მოძრაობა ვერ აკონტროლებს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

თალიბებმა ხეობისკენ ასობით „ბოევიკი“ გააგზავნეს, რათა პროვინციაზე კონტროლი დაამყარონ. ფანჯშირის ხეობა, რომელიც ქაბულის ჩრდილოეთით მდებარეობს, ტრადიციულად ანტითალიბანური მოძრაობის ცენტრად ითვლება. თალიბები ამბობენ, რომ ფანჯშირის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მის ნებაყოფლობით დანებებაზე უარი განაცხადა.

აჰმად მასუდმა, რომელიც ანტითალიბანურ მოძრაობას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ის თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკების გასამართად მზად არის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მისი ძალები საბრძოლველად მზად არიან.

აჰმად მასუდი არის აჰმად შაჰ მასუდის შვილი, რომელიც 1980-იან წლებში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მეთაური იყო.

ჯერჯერობით ზუსტად ცნობილი არ არის, დაიწყო თუ არა თალიბანის ოპერაცია ფანჯშირის ხეობაში. მასუდის შტაბის ინფორმაციით, მათ რეგიონთან თალიბების წარმომადგენლები არ უნახავთ.

22.08.2021 - 19:22 ავღანეთის დატოვების მცდელობისას სულ მცირე 20 ადამიანია დაღუპული


ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ავღანეთის დატოვების მცდელობისას ქაბულის აეროპორტსა და მის შემოგარენში, სულ მცირე, 20 ადამიანია დაღუპული.

„ქაბულის აეროპორტში შექმნილი კრიზისი მწუხარებას იწვევს. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მალე მოხდეს ყველა მსურველის ევაკუაცია.

ჩვენი ძალები ინარჩუნებენ მკაცრ დისტანციას ქაბულის აეროპორტის გარე ტერიტორიებიდან, რათა თავიდან აიცილონ თალიბანთან რაიმე შეტაკება“, - განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა.

22.08.2021 - 11:39 ავღანეთიდან ევაკუირებულმა ორსულმა თვითმფრინავში იმშობიარა

ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების დახმარებით ევაკუირებულმა ორსულმა თვითმფრინავში იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ქალმა ბავშვი მაშინ გააჩინა, როცა თვითმფრინავი გერმანიის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა.

რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაშვების შემდეგ დედასა და ახალშობილს დახმარება სამედიცინო პერსონალმა აღმოუჩინა

21.08.2021 - 20:21 თალიბანის მოწინააღმდეგე ძალებმა ავღანეთის ჩრდილოეთით სამი უბანი დაიკავეს

ჩრდილოეთ ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ მებრძოლმა ძალებმა განაცხადეს, რომ მათ აიღეს სამი უბანი ფანშირის ხეობასთან ახლოს. საუბარია დეჰ სალეჰს, ბანოსა და პულ-ჰესარზე, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. .

ადგილობრივი „ტოლო ნიუსის“ ცნობით, ბანლოს რაიონ ბაღლანში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობდა, რის შედეგადაც არიან მძიმედ დაშავებულები.

თალიბანს მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა და აჰმად მასუდმა, ყოფილი ანტისაბჭოთა მოჯაჰედების მეთაურის აჰმად შაჰ მასუდის ძემ, პირობა დადეს, რომ წინააღმდეგობას გაუწევენ თალიბებს.

მასუდთან ახლოს მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ ხეობაში შეიკრიბა 6000-ზე მეტი მებრძოლი.

21.08.2021 - 20:06 ქაბულის აეროპორტთან არსებული ვითარების გამო, თავი აარიდეთ აეროპორტში გამგზავრებას - აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს

ქაბულის აეროპორტის გარე პერიმეტრზე არსებული ვითარების გამო, აშშ ავღანეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თავი აარიდონ აეროპორტისკენ მიმავალ გზას, თუკი არ აქვთ საგანგებო მითითებები მიღებული.

აშშ-მ აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი 20-წლიანი პაუზის შემდეგ ქაბულში ჩავიდა, სხვა ლიდერებთან მოლაპარაკებებისათვის ავღანეთის ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად თალიბების ელვისებური წინსვლის შემდეგ.

თალიბანის ოფიციალური პირების განცხადებით, კვირიდან დღემდე სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა ასაფრენი ბილიკის აეროდრომზე და მის გარშემო.

„ქაბულის აეროპორტის კარიბჭის გარეთ უსაფრთხოების პოტენციური საფრთხეების გამო, ჩვენ ვურჩევთ აშშ-ს მოქალაქეებს, თავი აარიდონ აეროპორტში გამგზავრებას, თუ ამის შესახებ არ მიიღებთ ინდივიდუალურ მითითებებს აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლისგან“ - ნათქვამია განცხადებაში.

ქაოსის გამო შვეიცარიამ ქაბულიდან ჩარტერული რეისი გადადო.

„უსაფრთხოების მდგომარეობა ქაბულის აეროპორტის გარშემო ბოლო საათებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. აეროპორტის წინ მყოფი უამრავი ხალხი და ზოგჯერ ძალადობრივი დაპირისპირება აფერხებს აეროპორტში შესვლას“, - ნათქვამია შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის განცხადებაში.

ბარადარი შეხვდება მებრძოლ მეთაურებს, მთავრობის ყოფილ ლიდერებს და პოლიტიკის შემქმნელებს, ასევე სხვა რელიგიურ მეცნიერებს.

თეთრმა სახლმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობამ ზუსტად არ იცის რამდენი ამერიკელი იმყოფება ავღანეთში, თუმცა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ეს ათასობითა.

21.08.2021 - 17:15 ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის ძმა თალიბანს შეუერთდა

ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ძმა ჰაშმათ ღანი რადიკალურ დაჯგუფება „თალიბანს“ შეუერთდა. ინფორმაციას თალიბანი „ტვიტერზე“ ავრცელებს.

60 წლის ჰაშმათ ღანი 2002 წლიდან „კუჩის უზენაეს საბჭოს“ თავმჯდომარეობს. გარდა ამისა, ის, ასევე, ხელმძღვანელობს კონგლომერატ The Ghani Group-ს, რომელიც კერძო და სახელმწიფო კლიენტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

21.08.2021 - 17:15 ავღანეთის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება ჩინეთს შეუძლია - „თალიბანი“

ავღანეთის რადიკალური მოძრაობის, „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთს ქვეყნის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

როგორც დაჯგუფების წარმომადგენელმა შუხაილ შახინმა განაცხადა, ჩინეთი დიდი ქვეყანაა, რომელსაც უმძლავრესი ეკონომიკა გააჩნია. მან მოუწოდა სხვა ქვეყნებსაც, რომ ავღანეთის აღდგენაში მონაწილეობა მიიღონ. შახინმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მან „თალიბანი“ ოფიციალურად აღიაროს. „თალიბანის" შეტევა იყო ხელოვნური ადმინისტრაციის წინააღმდეგ საზოგადოების ამბოხი და ქვეყნის უსისხლოდ დაკავება ხელისუფლების კანონიერებას ნიშნავს“ - განაცხადა შახინმა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა დაჯგუფების პოზიცია, რომ ქალებს ავღანეთში სწავლის და მუშაობის უფლება ექნებათ.

შახინმა ასევე თქვა, რომ მოსაზღვრე ქვეყნებს ავღანეთისგან არაფერი ემუქრებათ, რადგანაც ეს მის ინტერესებში არ შედის.

შეგახსენებთ, რომ რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა" ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ამჟამად ავღანეთის დედაქალაქიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების და იმ ავღანელების ევაკუაცია მიმდინარეობს, ვინც აშშ-თან და ნატოს ძალებთან თანამშრომლობდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკლებლივ ყველა ადამიანის ევაკუაციას უზრუნველყოფს, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს.

21.08.2021 - 12:10 „თალიბანი“ საკუთარი წევრების მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს

ავღანეთის რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ განაცხადა, რომ ის საკუთარი წევრების ქმედებებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და მათ მიერ ჩადენილ რეპრესიებს და სხვა დანაშაულს აუცილებლად გამოიძიებს. ამის შესახებ თალიბების წარმომადგენელმა სააგენტო „Reuters”-ს განუცხადა.

„თალიბანის“ წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, ასევე განაცხადა, რომ დაჯგუფება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ავღანეთის პოლიტიკური მოწყობის მოდელს წარადგენს.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია არაადამიანური საქციელის და დანაშაულის შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“ - განაცხადა ჩინოვნიკმა. ადამიანები ფიქრობენ, რომ ჩვენ ამაზე პასუხს არ ვაგებთ, მაგრამ ეს ასე არ არის, ყველა მსგავსი შემთხვევა გამოძიებული იქნება“ - განუცხადა სააგენტოს თალიბების წარმომადგენელმა.

თალიბებმა ქაბული 15 აგვისტოს, პრაქტიკულად უბრძოლველად აიღეს. 20 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები იმ ადამიანებს ეძებენ, ვინც აშშ-ის და ნატოს ძალებთან თანამშრომლობდა რა რამდენიმე ასეთი პირი მოკლეს. ეს ინფორმაცია გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გაავრცელა. ასევე ავღანეთიდან გრძელდება მოსახლეობის ევაკუაცია ქაბულის აეროპორტის გავლით.

21.08.2021 - 10:30 სტოლტენბერგმა ავღანეთში არსებულ ვითარებას „ნატოსთვის რთული“ უწოდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ავღანეთში არსებული მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

სტოლტენბერგის თქმით, ნატომ ამ სიტუაციიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. მან ასევე განაცხადა, რომ ამჟამად აშშ და მოკავშირეები მუშაობენ იმაზე, რომ ავღანეთიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაიყვანონ. „პრობლემა თვითმფრინავების ნაკლებობა არ არის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები, ვისაც ავღანეთიდან წასვლა სურთ, აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებენ. ბევრმა მოკავშირემ ავღანელი ლტოლვილების მიღების მზაობა განაცხადა“ - ამბობს სტოლტენბერგი.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციას თალიბებზე ზემოქმედების გარკვეული ბერკეტები გააჩნია და ის ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს, რათა „თალიბანმა“, რომელიც ავღანეთის ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ევაკუაციის გაგრძელებას ხელი არ შეუშალოს.

დღეს არსებული შეთანხმებით ავღანეთიდან ევაკუაცია 31 აგვისტომდე გაგრძელდება, შემდეგ კი ქვეყნის საჰაერო სივრცე უცხოელი სამხედროებისთვის დაიხურება. ამ დროისთვის ავღანეთი ბოლო უცხოელმა სამხედრომ უნდა დატოვოს. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ამ ვადის გაგრძელების ინიციატივით გამოდიან, რათა ავღანეთიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდეს.

20.08.2021 - 18:25 გერმანიის მოქალაქე ქაბულის აეროპორტის გზაზე დაჭრეს

ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე გერმანიის მოქალაქე დაჭრეს. Deutche Welle-ს ინფორმაციით, მან ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღო.

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, დაჭრილი სამოქალაქო პირია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მალე ავღანეთის ტერიტორიას დატოვებს“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ულრიკ დემერმა.

მას შემდეგ, რაც 15 აგვისტოს ქაბული „თალიბანმა" აიღო, გერმანიამ ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. 20 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ თალიბებმა „შავი სიები“ შეადგინეს და იმ ადამიანებს ეძებენ, ვინც აშშ-ის და ნატოს ძალებთან თანამშრომლობდა. ნორვეგიის გლობალური ანალიზის ცენტრის ინფორმაციით, ავღანეთის დასავლეთ ნაწილში თალიბებმა Deutche Welle-ს ჟურნალისტის ნათესავი მოკლეს და კიდევ ერთი ნათესავი დაჭრეს. კორესპონდენტის კიდევ რამდენიმე ნათესავმა ბოლო მომენტში გერმანიაში გაქცევა მოახერხა.

20.08.2021 - 14:45 „თალიბები სახლებში ჩხრეკას აწყობენ“ - გაერო

„თალიბანის“ „ბოევიკები“ ქაბულის სახლებში ჩხრეკას აწყობენ და ეძებენ ადამიანებს, რომლებიც აშშ-თან და ნატოსთან თანამშრომლობდნენ. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

როგორც გაეროში ავღანეთის წარმომადგენელმა გულამ ისაკზაიმ განაცხადა, ქაბულის მოსახლეობა შიშის ქვეშ ცხოვრობს.

„ჩვენ ისევ დავინახეთ, რომ „თალიბანმა“ პირობა დაარღვია და ისინი სიკვდილით სჯიან ადამიანებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ. ეს ხდება ყანდაარში და სხვა დიდ ქალაქებში“, - განაცხადა მან.

როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, ავღანელი ლტოლვილები ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს. მან ასევე დაამატა, რომ ავღანეთი საერთაშორისო ტერორიზმის ნავსაყუდელი არ უნდა გახდეს.

ინფორმაციისთვის, „თალიბანმა“ ქაბული 15 აგვისტოს აიღო. მოგვიანებით, დაჯგუფებამ საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა. ასევე თალიბებმა აღნიშნეს, რომ ავღანეთში ქალებს ისეთივე უფლებები ექნებათ, როგორც კაცებს.

20.08.2021 - 12:36 ავღანეთში დარჩენილი საქართველოს 16 მოქალაქე უკვე ქაბულის აეროპორტშია


ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები უკვე ქაბულის აეროპორტში არიან. ისინი საქართველოში რამდენიმე საათში გამოფრინდებიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქაბულიდან გერმანიაში გაფრინდა საქართველოს 2 მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში ვარშავის გავლით დაბრუნდება.

20.08.2021 - 10.45 ავღანეთი საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ დატოვა

ავღანეთიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე წავიდა, რომლებიც ამჟამად გერმანიაში იმყოფებიან. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც ერთ-ერთმა მათგანმა ზაურ ჯაყელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ეს ორი ადამიანი ბრიტანულ კომპანიაზე მუშაობდა, რომელმაც ნატოს ბაზაზე მათი ტრანსპორტირება უზრუნველყო. მისი თქმით, თავდაპირველად თვითმფრინავით ტაშკენტში გაემგზავრნენ, შემდეგ კი გერმანიაში. მოგვიანებით კი ვარშავის გავლით თბილისში დაბრუნდებიან.

ჯაყელიძის თქმით, ორივე ქართველი გერმანიაში იმყოფება და თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

ამჟამად ავღანეთში საქართველოს 16 მოქალაქე იმყოფება. მათ გამოსაყვანად თბილისი ყველა აუცილებელ ზომას იღებს.

20.08.2021 - 09:44 „თურქეთი ევროპისთვის „მიგრანტების საცავი“ არ იქნება“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ევროპამ ავღანეთიდან ლტოლვილ მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თურქეთი ევროპისთვის „მიგრანტების საცავი“არ იქნება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ათასობით ადამიანი, ასევე, გადავიდა თურქეთში ბოლო კვირების განმავლობაში, როდესაც ისლამისტმა ამბოხებულებმა დაიკავეს ქვეყანა ქაბულისკენ მიმავალ გზაზე.

„თურქეთს არ აქვს ვალდებულება, პასუხისმგებლობა და არც არის მოვალე, გახდეს ევროპის მიგრანტების საცავი. როდესაც ჩვენ ჩავრაზავთ ჩვენს საზღვრებს და სახლებში დავაბრუნებთ ყველა არალეგალ მიგრანტს, შემდეგ უკვე მათი გადასაწყვეტი იქნება, სად წავლენ“, - განაცხადა ერდოღანმა.

მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ერდოღანმა თქვა, რომ ევროპამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნიდან გაქცეულ ავღანელებზე და დასძინა, რომ თურქეთმა უკვე გააძლიერა საზღვარი ირანთან, საიდანაც ავღანელი ლტოლვილების ნაკადს ელოდება.

როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთს შეუძლია ჩაერთოს მოლაპარაკებებში თალიბანის მიერ შექმნილ ახალ მთავრობასთან „ჩვენი საერთო დღის წესრიგის“ განსახილველად.

20.08.2021- 09:33 ავღანეთიდან 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

მას შემდეგ ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანი მოვიდა და დედაქალაქი ქაბული დაიკავა, ქვეყანა 18 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქაბულის აეროპორტში და მის მისადგომებთან კვლავ ხალხმრავლობაა, რადგან მოქალაქეებს თალიბანის რეჟიმის პირობებში ცხოვრება არ სურთ.

ინფორმაციისთვის, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.

19.08.2021 - 13:32 „ავღანეთში განვითარებული მოვლენები კატასტროფა და კოშმარია“ - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს კატასტროფა უწოდა .

როგორც მან განაცხადა, სადაზვერვო სამსახურებმა ვერ შეძლეს მოვლენების ასეთი განვითარების პროგნოზირება.

„ნება მომეცით ნათლად და პირდაპირ ვთქვა, ეს კატასტროფა და კოშმარია. ეს არის კატასტროფა ავღანელი ხალხისთვის, დასავლური ღირებულებების სანდოობისთვის და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისთვის. ნუ უწოდებთ მათ მიგრანტებს, ისინი გადასახლებულები არიან, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად გარბიან“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

19.08.2021 - 10:55 - არაბეთის საამიროებმა ავღანეთის პრეზიდენტს თავშესაფარი მისცეს



ქაბულიდან გაქცეულ ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ განის არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა თავშესაფარი მისცეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, განის და მის ოჯახს ჰუმანიტარული მიზნებით მისცეს თავშესაფარი.

აშრაფ განი ქაბულიდან 15 აგვისტოს გაიქცა, როდესაც ავღანეთის დედაქალაქი „თალიბანმა“ აიღო. მათ არმიის და პოლიციის წინააღმდეგობა პრაქტიკულად არ შეხვდათ. აშრაფ განიმ განაცხადა, რომ ის ავღანეთს ტოვებს, რათა სისხლისღვრა თავიდან აიცილოს.

არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ასევე, საუდის არაბეთი და პაკისტანი ის სამი ქვეყანაა, რომლებმაც თალიბების წინა რეჟიმი აღიარეს. ის ავღანეთის ხელისუფლებაში 1996-2001 წლებში იყო.

18.08.2021 - 19:30 ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა საკუთარი თავი ავღანეთის მოქმედ ლიდერად გამოაცხადა

ამრულა სალეჰმა, რომელიც ქაბულის აღებამდე ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი იყო, საკუთარი თავი ავღანეთის ლიდერად გამოაცხადა და ავღანელებს თალიბებთან საბრძოლველად მოუწოდა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

როგორც სალეჰმა „ტვიტერში“ დაწერა, ავღანეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. სალეჰმა განაცხადა, რომ ის ავღანეთში იმყოფება და ამჟამად სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მათი მხარდაჭერა მიიღოს.

„ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ავღანეთი ვიეტნამი არ არის და „თალიბანი“ სულაც არ არის ვიეტკონგის არმია“ - წერს სალეჰი.

ერთადერთი პროვინცია, რომელიც ჯერ კიდევ არ გამტყდარა, არის უდიდესი ავღანელი მეთაურის, აჰმად შაჰ მასუდის სამშობლო, ფანჯშირის პროვინცია, რომელიც ამავე სახელწოდების ხეობაში მდებარეობს.

იმედის ბოლო ნაპერწკალია ავღანეთისთვის ის წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც "ფანჯშირის ლომის" შვილი, აჰმად მასუდი და აწ უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ამრულა სალეჰი ამჟამად აყალიბებენ ფანჯშირის ხეობაში. ყველა იმ გენერალმა თუ მებრძოლმა, ვინც უარი განაცხადა დანებებაზე თავი სწორედ ფანჯშირს შეაფარა. სავარაუდოდ, ახალი წინააღმდეგობის მოძრაობა უახლოეს მომავალში დაიწყებს ბრძოლას თალიბანის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ფანჯშირის ხეობა თავის დროზე ვერ აიღეს ვერც საბჭოთა ჯარებმა და ვერც თალიბებმა. საბჭოთა რეჟიმის დამხობასა და თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში უდიდესი წვლილი შეიტანა აჰმად შაჰ მასუდმა, რომელიც საბოლოოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა იმსხვერპლა.

18.08.2021 - 15:20 ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში აქცია იმართება - თალიბანმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა (ვიდეო)

ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში საპროტესტო აქცია იმართება.

დაჯგუფება თალიბანის წევრებმა ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში საპროტესტო აქციის წევრების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

როგორც ალ-ჯაზირა იუწყება, აქცია ეროვნული დროშის მხარდასაჭერი იყო.

ადგილობრივები აპროტესტებდნენ, რომ თალიბები ავღანეთის დროშებს შენობებიდან ხსნიან და თალიბანის დროშით ანაცვლებენ. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მარში მოაწყვეს.

ალ-ჯაზირას ინფორმაციით, სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.

ცნობისთვის, მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ეროვნული დროში შეცვლას აპირებს.

18.08.2021 - 13:05 თურქმენეთი ქვეყანაში ავღანეთიდან ეთნიკურ თურქმენებს არ უშვებს

თურქმენეთმა ქვეყანაში ავღანელი სამხედროები და ეთნიკური თურქმენები არ შეუშვა, რომლებიც ავღანეთიდან გარბიან. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ამ დრომდე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. თურქმენეთის მოსახლეობაში პანიკაა, რადგანაც ბრძოლა მათი დასახლებების სიახლოვეს გრძელდება. „ყოველდღე საზღვრის მეორე მხრიდან სროლის ხმა ისმის. მოსახლეობა პანიკაშია" - განუცხადა სააგენტო „აზატოლიკს" ერთ-ერთმა თურქმენმა სამხედრომ, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება.

ამ ფაქტებთან დაკავშირებით ოფიციალური აშხაბადი კომენტარს არ აკეთებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავღანეთიდან ლტოლვილები უზბეკეთმა და ტაჯიკეთმა მიიღო.

თურქმენეთ-ავღანეთის საზღვრის სიგრძე 800 კმ-ს შეადგენს. „თალიბანის" გააქტიურების შემდეგ თურქმენეთის ხელისუფლებამ საზღვარზე დამატებითი ქვედანაყოფები გადაისროლა.

18.08.2021 - 10:19 ჯოზეფ ბორელი: თალიბებთან მოლაპარაკება უნდა გავმართოთ

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ავღანურ რადიკალურ დაჯგუფება „თალიბანთან“ მოლაპარაკების გამართვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

ბორელმა, ასევე, განაცხადა, რომ ევროკავშირმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა და ის იქამდე არ აღდგება, ვიდრე თალიბების მომავალ გეგმებთან დაკავშირებით მეტი სიცხადე არ იქნება.

აქამდე ავღანეთისთვის 2021-2024 წლებში 1,2 მლრდ ევროს გამოყოფა იგეგმებოდა.

ბორელმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ავღანეთისთვის ფინანსური დახმარება შეჩერდა. ბორელი ამბობს, რომ თალიბებთან მოლაპარაკების დაწყება პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაშია აუცილებელი, რადგანაც მათ „ომში გაიმარჯვეს“. ამასთანავე. ბორელი ამბობს, რომ მოლაპარაკება არ ნიშნავს თალიბების რეჟიმის ოფიციალურ აღიარებას და ის კონკრეტულ საკითხებზე უნდა გაიმართოს, როგორებიცაა ავღანეთიდან ადამიანების უსაფრთხო ევაკუაცია.

18.08.2021 - 09:37 „თალიბანი“ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში თუ ჩაერევა, ვაშინგტონი გამანადგურებელ ზომებს მიმართავს“ - ფრენკ მაკკენზი

აშშ-მა გააფრთხილა „თალიბანი“, არ ჩაერიოს ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი გამანადგურებელ ზომებს მიმართავს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა.

„გავაფრთხილე ისინი, რომ ევაკუაციის პროცესში არ ჩაერიონ და მკაფიოდ განვუცხადე, რომ ნებისმიერ თავდასხმას დამანგრეველი ძალით ვუპასუხებთ. შეერთებული შტატების სამოქალაქო პირებისა და ჩვენი პარტნიორების დაცვა ჩემი უმაღლესი პრიორიტეტია და ჩვენ ყველა აუცილებელ ზომას მივიღებთ უსაფრთხო და ეფექტიანი გაყვანის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.

მისი თქმით, ქაბულის ჰამიდ ქარზაის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკელი სამხედროები ეფექტურად ოპერირებენ და მოქალაქეთა და დიპლომატთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

17.08.2021 - 18:35 ირანში ავღანელმა ქალებმა „თალიბანის“ წინააღმდეგ აქცია გამართეს

ირანში მყოფმა ავღანელმა ქალებმა მოძრაობა „თალიბანის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბების მოსვლას აპროტესტებდნენ. ამის შესახებ სააგენტო ISNA იუწყება.

აქცია ქალაქ კუმში, ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. მისმა მონაწილეებმა საერთაშორისო თანამეგობრობას ავღანეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.

ირანში მსოფლიოში ყველაზე დიდი ავღანური დიასპორა ცხოვრობს. ის დაახლოებით 2,5 მლნ ადამიანს შეადგენს. ავღანელები ბოლო ათწლეულების განმავლობაში ირანში სამსახურის მოძიების იმედით გარბოდნენ. ასევე ისინი შეიარაღებულ კონფლიქტს აფარებდნენ თავს.

17.08.2021 - 18:16 ქაბულში ქალებმა საკუთარი უფლებებისთვის აქცია გამართეს (ვიდეო)

ქაბულში ავღანელი ქალების მცირე ჯგუფმა უფლებების დასაცავად საპროტესტო აქცია მოაწყო.

„მამაცი ავღანელი ქალები აპროტესტებენ თავიანთ უფლებებს ქაბულში. „სამუშაო, განათლება და პოლიტიკური მონაწილეობა ყველა ქალის უფლებაა“ - წერს „ტვიტერში“ რიჩარდ ენგელი.

17.08.2021 - 16:40 გერმანიამ ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა

ავღანეთში მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ძალაუფლების აღების შემდეგ გერმანიამ ქაბულს ფინანსური დახმარება შეუჩერა. ან თანხებს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის ხელი უნდა შეეწყო. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც ავღანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების მინისტრმა გერდ მიულერმა განაცხადა, ავღანეთი ყველა გერმანელმა თანამშრომელმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პერსონალმა დატოვა.

აქამდე გერმანიის ფინანსური დახმარების ოდენობით ავღანეთი პირველ ადგილზე იყო. მიმდინარე წელს ავღანეთისთვის 250 მლნ ევროს გამოყოფა იგეგმებოდა, თუმცა აქამდე ამ თანხიდან ერთი ევროც არ არის გამოყოფილი. გარდა ამისა, ავღანეთი გერმანიის სხვა სამინისტროებიდანაც იღებდა დახმარებას, საერთო ჯამში 2021 წელს 430 მლნ ევროს გამოყოფა იგეგმებოდა.

17.08.2021 - 16:12 „დადებითად ვაფასებთ იმ გზავნილებს, რომელიც „თალიბანმა“ აქამდე გააჟღერა“ - მევლუთ ჩავუშოღლუ

„თურქეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს ავღანეთის ყველა მხარესთან, მათ შორის თალიბანთან და დადებითად აფასებს ისლამისტი მებრძოლების გზავნილებს მას შემდეგ, რაც მათ ქვეყნის კონტროლი აიღეს“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს ყველა მხარესთან, მათ შორის თალიბანთან. ნატოს წევრი ანკარა, რომელსაც 600 ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში, ასევე, აგრძელებს მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან და სხვებთან აეროპორტში უსაფრთხოების და ავღანეთში გადასვლის თაობაზე.

ავღანური მხარეები ყველა საკითხს თავად შეათანხმებენ: ვინ იქნება გარდამავალ მთავრობაში, როგორი მთავრობა იქნება. ჩვენ ამ ყველაფერს განვიხილავთ, მაგრამ ქვეყანას ახლა დამშვიდება სჭირდება. ჩვენ დადებითად ვაფასებთ იმ გზავნილებს, რომელიც „თალიბანმა“ აქამდე გააჟღერა უცხოელებისთვის, დიპლომატიური პირებისათვის თუ საკუთარი ხალხისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქმედებებსაც ვიხილავთ“, - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

17.08.2021 - 13:32 ანტონიო გუტერეში: ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, მზად იყოს ავღანელი ლტოლვილების მისაღებად

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ავღანეთის ამბებს, თალიბანის მიერ ქვეყნის აღებას „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„ვინაიდან მსოფლიო დამძიმებული გულით ადევნებს თვალს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს, ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, მზად იყოს ავღანელი ლტოლვილების მისაღებად და თავი შეიკავოს დეპორტაციისგან. ისინი იმსახურებენ ჩვენს სრულ მხარდაჭერას. ახლა სოლიდარობის დროა“, - წერს გაეროს გენერალური მდივანი.

17.08.2021 13:20 „თალიბანი“ ავღანელ ქალებს მთავრობაში ადგილებს ჰპირდება

ავღანური რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ქალებს ქვეყნის მთავრობაში ადგილებს ჰპირდება. ამის შესახებ theguardian.com იუწყება.

თალიბანმა გამოაცხადა, რომ ის საყოველთაო ამნისტიას აცხადებს და ამ პროცესის ფარგლებში ქალები მთავრობაში დარჩენას შეძლებენ.

„ისლამურ საამიროს არ სურს, რომ ქალები მსხვერპლის როლში იყვნენ. მათ შეუძლიათ მთავრობის სტრუქტურებში იყვნენ შარიათის წესების შესაბამისად“ - განაცხადა „თალიბანის“ კულტურის საკითხებში კომისიის წარმომადგენელმა ენამულ სამანგანიმ.

ამჟამად თალიბანი ქვეყნის მომავალი მოწყობის საკითხზე ყოფილი მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.

1996-2001 წლებში, როდესაც თალიბანი ავღანეთის ხელისუფლებაში იყო, ის შარიათის კანონებით ცხოვრობდა, ის ითვალისწინებდა ქალებით ქვებით ჩაქოლვას ღალატისთვის , ქურდობისთვის კიდურების მოკვეთას და გოგოებისთვის 12 წლამდე სკოლებში სიარულს აკრძალვას.

17.08.2021 - 12:45 ავღანეთის მთავრობა მოლაპარაკების გზით უნდა შეიქმნას - გაერო

გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომაზე მოუწოდა კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარეს, რომ ავღანეთის ახალი მთავრობა მოლაპარაკების გზით შეიქმნას. ამის შესახებ jpost.com იუწყება.

უშიშროების საბჭოს სხდომაში 15 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავღანეთის ახალი მთავრობა უნდა იყოს „ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი, მათ შორის ქალთა მონაწილეობით“.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს, რომ „მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი გამოიყენოს ავღანეთში გლობალური ტერორისტული საფრთხის დაუშვებლობისთვის და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისთვის.

„ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას ადამიანის უფლებების სერიოზული შეზღუდვის შესახებ მთელი ავღანეთის მასშტაბით. ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა მივატოვოთ ავღანეთის მოსახლეობა“, - განაცხადა გუტერეშმა.

გაეროს ექსპერტების ინფორმაციით, ავღანეთის 15 პროვინციაში „ალ-ქაიდას“ ტერორისტები იმყოფებიან. დაჯგუფება, ძირითადად, ავღანეთის, პაკისტანის, ბანგლადეშის, ინდოეთის და მიანმარის მოქალაქეებისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ ელვისებური შეტევის შედეგად თალიბანმა სულ რაღაც ერთ თვეში მთელი ავღანეთის ტერიტორია დაიკავა. 15 აგვისტოს კი მათ ქაბულიც აიღეს. ავღანეთის ხელისუფლება ქვეყნიდან გაიქცა.

17.08.2021 - 12:30 „ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა იღუპებოდნენ იმ ომში, სადაც თავად ავღანელ ჯარისკაცებს საკუთარი თავისთვის ბრძოლა არ სურთ“ - ბაიდენი

„ერთი ტრილიონი ამერიკული დოლარი დავხარჯეთ 20 წლიან ომში. დიდი რესურსი ჩავდეთ ავღანეთში და რა მოხდა? მას შემდეგ რაც ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყანა დატოვეს, ავღანეთის სახელმწიფო ჯარი სრულად ჩამოიშალა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანასა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა იღუპებოდნენ ომში, სადაც ავღანელ სამხედროებს არ სურთ იბრძოლონ.

ამასთან, ბაიდენის განცხადებით, ავღანეთიდან ჯარების გაყვანაზე მტკიცედ უჭერს მხარს თავის გადაწყვეტილებას.

„ავღანეთში მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდებოდით. რა მოხდა? ავღანეთის პოლიტიკური ლიდერები ქვეყნიდან გაიქცნენ. ავღანეთის ჯარი ჩამოიშალა, ნაწილს ბრძოლა არც უცდია. ბოლო კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა, რომ ამერიკის სამხედრო ჩარევის დასრულება ავღანეთში ახლა სწორი გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

16.08.2021 - 19:45 თურქეთმა ავღანეთიდან 324 მოქალაქე გაიყვანა

მას შემდეგ რაც დაჯგუფება თალიბანმა სრული კონტროლი დაამყარა ქაბულზე, თურქეთმა ავღანეთის დედაქალაქიდან თურქეთის 324 მოქალაქე გაიყვანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როგორც სტამბოლში ჩასვლის შემდეგ თურქეთის მოქალაქეებმა განაცხადეს, მათ სამ საათამდე მოუწიათ ლოდინი, რადგან აფრენის ნებართვას ელოდებოდნენ.

ინფორმაციისთვის, ელვისებური შეტევის შედეგად თალიბანმა სულ რაღაც ერთ თვეში მთელი ავღანეთის ტერიტორია დაიკავა. 15 აგვისტოს კი მათ ქაბულიც აიღეს. ავღანეთის ხელისუფლება ქვეყნიდან გაიქცა. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე სასოწარკვეთილი ტოვებს ავღანეთს.

მიმდინარე წლის 14 აპრილს თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. 1-ელ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დაიწყო.

16.08.2021 - 15:38 ქაბულიდან ყველა კომერციული ფრენა გაუქმდა

ავღანეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ცნობით, ჰამიდ ქარზაის საერთაშორისო აეროპორტიდან კომერციული ფრენები გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მფრინავებისთვის მიწოდებული შეტყობინების თანახმად, აეროპორტის სამოქალაქო ნაწილი დაკეტილია.

16.08. 2021 - 14:20 „გასათვალისწინებელია საფრთხეები რაც ავღანეთიდან მოდის, პირველ რიგში, ეს არის ლტოლვილთა დიდი ნაკადები“ - ბატიაშვილი

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბატიაშვილი ავღანეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ის საფრთხეები, რაც ავღანეთიდან მოდის.

ბატიაშვილის თქმით, პირველ რიგში, ეს არის ლტოლვილების ნაკადი.

ამასთან, ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, ამერიკელმა, ქართველმა და სხვა მოკავშირეებმა თავისი მისია სრულყოფილად შეასრულეს, მაგრამ ავღანური მხარე მოუმზადებელი აღმოჩნდა.

„ამერიკელებმა, ქართველებმა და სხვა მოკავშირეებმა თავისი მისია სრულყოფილად შეასრულეს, მაგრამ სამწუხაროდ, ავღანური მხარე მოუმზადებელი აღმოჩნდა და წყალში გადაიყარა ამდენი წვალება. ავღანელებისთვის გადაიყარა წყალში, რადგან მათ ვერ შეძლეს სახელმწიფოს აშენება. ყველა რესურსი ამოწურვადია. ამერიკელების დროც, მოთმინებაც ამოიწურა. ეს გადაწყვეტილება ახალი მიღებული არ არის, უბრალოდ იმაზე სწრაფად ჩამოიშალა ავღანეთის ხელისუფლება, ვიდრე ვინმე ელოდა“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

16.08. 2021 - 15:10 „ავღანეთის მოსახლეობამ აშშ გადააგდო“ - პაატა ზაქარეიშვილი

„ბრძოლის გარეშე ჩაბარდა ავღანეთი „ქაბულს“. შესაძლოა ითქვას, რომ ავღანეთის მოსახლეობამ ამერიკის შეერთებული შტატები გადააგდო. აშკარად ჩანდა, რომ თალიბანი პოპულარობით სარგებლობდნენ ავღანეთის მოსახლეობის უმრავლესობაში“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ამერიკის მიერ ავღანეთში დახარჯული მილიარდობით დოლარი წყალში გადაყრილი აღმოჩნდა.

„ამერიკელები მიხვდნენ, რომ მრავალმილიარდიანი დახმარება, ჯარის შექმნა და გაწვრთნა, ბრძოლა იყო წყალში გადაყრილი, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი სიმპათიით იყო განწყობილი „თალიბანის“ მიმართ. მათი კულტურულ-რელიგიური ერთობლიობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ამერიკელების მხრიდან მოხდა დედაქალაქის, ქაბულის ასე ჩაბარება.

სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ბრძოლები იქნებოდა, თუმცა როგორც ვნახეთ, ავღანეთი „თალიბანს“ უბრძოლველად ჩაბარდა. რადგან ასე უშედეგო აღმოჩნდა აშშ-ის ძალისხმევა, მან გაიყვანა თავისი სამხედროები. ჩათვალეს, რომ არ უნდა იხოცებოდნენ ამერიკელი ჯარისკაცები, როცა იქ რუსეთს, ჩინეთს, ირანს აქვთ გავლენა. „ახლა დახარჯონ სხვებმა თავიანთი ფული და გაიღონ თავისი ჯარისკაცების სიცოცხლე“ - ასეთი აღმოჩნდა საბოლოოდ ამერიკის გადაწყვეტილება, რაც სრულიად გასაგები და სწორია“, - განაცხადა კონფლიქტოლოგმა.

მისი თქმით, „თალიბანი“ ავღანეთს სუნიტურ ისლამურ სახელმწიფოდ აქცევს და შემდეგ ეცდება გავლენები გააფართოოს.

„შედეგი იქნება ის, რომ ავღანეთში ჩამოყალიბდება ისლამური სახელმწიფო, როგორც არის ირანში, თუმცა ირანში შიიტური სახელმწიფოა და ავღანეთში იქნება სუნიტური წყობა, რომელიც დაფუძნებული იქნება შარიათის სამართალზე.

ეს არის სერიოზული ისლამური სამართალი, რომელშიც მსუბუქად რომ ვთქვათ, ადამიანის უფლებები არ არის დაცული. თუ ავღანელი ხალხის არჩევანი იქნება, ეს იქნება მათი მომავალი.

„თალიბანი“ დაიწყებს თავისი გავლენების გავრცელებას პაკისტანში. ისინი თავის დროზე, მართავდნენ ავღანეთს, თუმცა პაკისტანიდან არიან. არ გამოვრიცხავ, რომ იგივე მოინდომონ რუსეთის მოკავშირე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ტაჯიკეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. თუმცა, უზბეკეთი და თურქმენეთი უფრო ისლამური სამყაროსკენ იყურებიან, ტაჯიკეთში კი რუსული განწყობები ჭარბობს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

16.08 2021 - 12:15 „მთავრობა სპეციალურ ბორტს გააგზავნის საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად“ - ალექსანდრე ხვთისიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ღვთისიაშვილის ინფორმაციით, საგარეო უწყება პრემიერის დავალებით ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად აქტიურად მუშაობს.

როგორც ხვთისიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, 15 აგვისტოს საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი რეისი იყო უზრუნველყოფილი.

ხვთისიაშვილის თქმით, აღნიშნულ რეისზე საქართველოს მოქალაქეებმა ავღანეთში შექმნილი მდგომარეობის გამო მისვლა ვერ მოახერხეს.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარეობს შესაბამისი მუშაობა და ქაბულიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ქართული თვითმფრინავით მოხდება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად პრემიერის დავალებით აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. გუშინ დილით დაგვირეკეს, სამწუხაროდ მათი იქ არსებობის შესახებ არ ვიცოდით, გვთხოვეს დახმარება და ჩამოყვანა.

ორი საათისთვის უკვე გვქონდა უზრუნველყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვეთ, რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, მათი მისვლა აეროპორტში ვერ მოხერხდა იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი. უკრაინული რეისი გამობრუნდა მათ გარეშე.

ამასთან ერთად, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საუბარი გვქონდა, მათი მხრიდან ასევე არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი.

მათ სამწუხაროდ ღამის განმავლობაში ვერ მოახერხეს მისვლა, იმიტომ რომ ქაბულში დაძაბული მდგომარეობა იყო, ახლა ვმუშაობთ საკუთარი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად, თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ ისინი ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანონ ქაბულის აეროპორტში. ახლა მიმდინარეობს ოპერაცია და უახლოეს მომავალში იმედია ისინი ქაბულის აეროპორტში მიყვანილი იქნებიან, საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ ჩამოყვანას საქართველოში.

ამასთან ერთად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, შესაბამისად ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

16.08 2021 - 12.15 ავღანეთში ომი დასრულდა - „თალიბანი"

ავღანეთის რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა" განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულდა და ქვეყანაში მმართველობის ფორმა უახლოეს მომავალში იქნება განსაზღვრული. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ქვეყნის მოქალაქეების და დიპლომატიური მისიების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

„ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება. მზად ვართ ავღანეთში მყოფ ყველა პირთან დიალოგი ვაწარმოოთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი“ - აცხადებენ თალიბები.

შეგახსენებთ, რომ ელვისებური შეტევის შედეგად თალიბანმა სულ რაღაც ერთ თვეში მთელი ავღანეთის ტერიტორია დაიკავა. 15 აგვისტოს კი მათ ქაბულიც აიღეს. ავღანეთის ხელისუფლება ქვეყნიდან გაიქცა.

16.08 2021 - 11:47„პაკისტანი, ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი! აი მთავარი დაინტერესებული ქვეყნები“ - დემურ გიორხელიძე

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

მისი შეფასებით, ავღანეთში ახლა ინვესტირებისთვის ხელსაყრელი მდგომარეობაა, რითაც პაკისტანი, ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი დაინტერესდებიან.

„ავღანეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები დასრულდა!

ამ დღეებში თალიბები გამოაცხადებენ ქვეყნის მმართველობის ფორმას! ავღანელები თავად მიხედავენ საკუთარ ქვეყანას! ყველა დიდი მეზობელი დაინტერესებულია ავღანეთში სტაბილურობითა და პერსპექტივით, - პერსპექტივა კი უზარმაზარია!

ტერიტორიულად ძალიან დიდ ქვეყანაში არ არის ქალაქები, ყველაფერი მოოხრებულია, ამდენად, ინვესტიციებისათვის საუკეთესო მდგომარეობაა! გარდა ამისა, ავღანეთი ძალზე მდიდარია სტრატეგიული წიაღისეულით! პაკისტანი, ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი! აი, მთავარი დაინტერესებული ქვეყნები!

რაც შეეხება ტომებს, ისინი მოძებნიან საერთო ენას, - ვინც ბრძოლა იცის, მას მოლაპარაკების ჭკუაც აქვს საჭირო მომენტში!

რაც შეეხება შარიათს, - ტყუილად ტეხენ ვაი-ვიშს! ეს ამ ხალხის კულტურული წიაღია, გაცილებით მკაცრი ინსტიტუციონალური წყობა, ვიდრე უჩათლახესი ნეოლიბერალიზმია თავისი გადაგვარებული ადებტებით, თავისი საზიზღარი პროპაგანდითა და ძალადობით! შარიათით ცხოვრობს ნავთობით მდიდარი არაბული ქვეყნების სასულთნოები და საუდის არაბეთიც! ასე, რომ ორმაგი სტანდარტი და ბოლშევიკური პროპაგანდა გაცვდა და უკვე კომიკურ სახეს იღებს!“, - წერს დემურ გიორხელიძე.

16.08 - 11.30 თალიბანი: ავღანეთში მალე ნორმალური ცხოვრება აღდგება და ის წინაზე უკეთესი იქნება

ავღანეთის რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა", რომელმაც ქაბული დაიკავა, განაცხადა, რომ მალე ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება აღდგება და ის წინაზე უკეთესი იქნება. ამის შესახებ BBC იუწყება.

ჯერჯერობით კი ქაბული ქალაქ-მოჩვენებად გადაიქცა. ქაბულის ქუჩები ცარიელია.

ათობით მაღაზია დაიკეტა. ბიზნესის მეპატრონეები ამბობენ, რომ მომავლის იმედი არა აქვთ, ისიც არ იციან, თუ ვინ შეიძენს ახლა მათ საქონელს.

ქაბულის მოქალაქეები იუწყებიან, რომ სახელმწიფო დაწესებულებები დაცარიელდა, მოსახლეობას ქვეყანას ყველა შესაძლებლობით ტოვებს,

შეგახსენებთ, რომ ბლიცკრიგის შედეგად თალიბანმა სულ რაღაც ერთ თვეში მთელი ავღანეთის ტერიტორია დაიკავა, 15 აგვისტოს კი მათ ქაბულიც აიღეს. ავღანეთის ხელისუფლება ქვეყნიდან გაიქცა.

16.08.2021 - 09:50 „ბაიდენი უნდა გადადგეს იმის გამო, რაც ავღანეთში დაუშვა“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დაკავების გამო, მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადადგომას ითხოვს.

„რაც ჯო ბაიდენმა გააკეთა ავღანეთთან მიმართებით, გაუგონარი იყო. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მარცხი ამერიკის ისტორიაში! დროა ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს იმის გამო, რაც ავღანეთში დაუშვა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ჯო ბაიდენის გადადგომის მიზეზებად მან ასევე დაასახელა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების უზარმაზარი ზრდა, სასაზღვრო კატასტროფა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განადგურება და ეკონომიკის რღვევა.

15.08.2021 - 00:16 უზბეკეთის ხელისუფლებამ 84 ავღანელი ჯარისკაცი დააკავა, რომლებმაც ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს

უზბეკეთის ხელისუფლებამ 84 ავღანელი ჯარისკაცი დააკავა, რომლებმაც ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს.

„უზბეკეთმა დაკავებულ ავღანელ ჯარისკაცებს მიაწოდა საკვები, დროებითი საცხოვრებელი და სამედიცინო დახმარება“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მთავრობა, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ავღანელი ჯარისკაცების ჯგუფს, რომლებიც შეიკრიბნენ ავღანეთის მხარეს ხიდის თერმეზ-ჰაირატანის სასაზღვრო გადასასვლელთან, დასძინა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ხიდი არის საავტომობილო და სარკინიგზო კავშირი ორ ქვეყანას შორის.

უზბეკეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს ქაბულთან ჯარების სახლში დაბრუნების და ხიდთან არსებული სიტუაციის მოგვარების შესახებ.

15.08.2021 - 00:10 „სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად სჯობდა ქვეყნიდან წასვლა“ - აშრაფ ღანი

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ქვეყნის დატოვების მიზეზს განმარტავს. მისი თმით, მან ეს გადაწყვეტილება სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად მიიღო.

„დღეს რთული არჩევანის წინაშე დავდექი - დავრჩე შეიარაღებული თალიბების წინ, რომლებსაც სასახლის აღება უნდათ, თუ დავტოვო ძვირფასი ქვეყანა, რომლის დაცვასაც ბოლო ოცი წელი მივუძღვენი. თუ არ შევაჩერებდი, უამრავი პატრიოტი დაიტანჯებოდა, ქაბული განადგურდებოდა, რაც ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიგვიყვანდა ამ ექვს მილიონიან ქალაქში.

თალიბები მზად იყვნენ თავს დასხმოდნენ მთელ ქაბულს და ხალხს. სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად, სჯობდა აქედან წასვლა“, - წერს ფეისბუკზე აშრაფ ღანი.

15.08.2021 - 23:30 „ჩვენი მთავრობის მხარდაჭერა ძალიან დიდია“ - ქაბულში დარჩენილი ქართველი

ველოდებით აეროპორტზე გასვლას, თალიბანი არ გვერჩის და არც ადგილობრივები, - ამის შესახებ ამჟამად ქაბულში მყოფი ქართველი პავლე მაკარიძე „ფეისბუკში“ ელენე ხოშტარიას პოსტზე კომენტარებში წერს.

„ვართ ჯერჯერობით ცოცხლები, მშვიდად და ჯანმრთელად... ოჯახები გვყავს მანდ და გაითვალისწინეთ. ნუ წერთ ასეთ სისულელეს. ოჯახებზე მოქმედებს. მთავრობა კავშირზე გვყავს. ყველაფერს აკეთებენ და უკვე მათი მხარდაჭერა ძალიან დიდია. სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც გვყავს აქ და სულ გამოშტერდნენ, ასეთი მხარდაჭერა როგორ გაქვთო. ველოდებით აეროპორტზე გასვლას, თალიბანი არ გვერჩის და არც ადგილობრივები“, - წერს მაკარიძე.

15.08.2021 - 23:02 ქაბულში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ავღანეთში საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული შერიგების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე აბდულა აბდულა, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ ქარზაი და ისლამური პარტიის ლიდერი გულბედინ ჰეკმატიარა შევიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ქარზაის თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს „ქაოსის თავიდან აცილებას და ადამიანთა ტანჯვის შემცირებას“, ასევე „საქმეების უკეთ მართვას“, რომელიც დაკავშირებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემასთან.

იმავდროულად, თალიბანის სპიკერმა ალჰანაფი ვარდაკმა Twitter-ზე დაწერა, რომ ის არ განიხილავს ავღანეთში დროებითი გარდამავალი მთავრობის შექმნას.

„ჭორები დროებითი და გარდამავალი მთავრობის შესახებ არ შეესაბამება რეალობას“, - აღნიშნა მან.

ამავდროულად, სიტუაცია ქაბულში სწრაფად იცვლება.

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ სათარ მირზაქვალმა განაცხადა, რომ დედაქალაქში დაწესებულია კომენდანტის საათი ადგილობრივი დროით 21.00 საათიდან - პროვოკაციების ჩასახშობად და დედაქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

15.08.2021 - 21:45 აშშ-ის საელჩო: ქაბულის აეროპორტს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც თალიბები ავღანეთის დედაქალაქში შევიდნენ

აშშ აცხადებს, რომ ქაბულის აეროპორტს ცეცხლი გაუხსნეს მას შემდეგ, რაც თალიბები ავღანეთის დედაქალაქში შევიდნენ.

მათი თქმით, დედაქალაქის აეროპორტი, სადაც დიპლომატები, ოფიციალური პირები და სხვა ავღანელები იმყოფებოდნენ, ცეცხლის ქვეშ მოექცა.

„უსაფრთხოების მხრივ ვითარება ქაბულში სწრაფად იცვლება, მათ შორის აეროპორტშიც. არის ცნობები აეროპორტის ცეცხლის გაჩენის შესახებ“ - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

ასობით ავღანელი, მთავრობის თანამშრომლები და ასევე სხვა სამოქალაქო პირები, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვი, აეროპორტში უიმედოდ ელოდება ფრენებს.

15.08.2021 - 21:00 ბორის ჯონსონი: დასავლეთმა უნდა იმუშაოს ავღანეთზე (ვიდეო)

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, ავღანეთის ამბებს, თალიბანის მიერ ქვეყნის აღებას ეხმაურება.

არავის ინტერესებში არ შედის, რომ ავღანეთი კიდევ ერთხელ იყოს ტერორის ნაყოფიერი ნიადაგი“ - განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, თალიბები დედაქალაქ ქაბულში შემოვიდნენ თითქმის ყველა სხვა დიდი ქალაქის აღების შემდეგ.

იხილეთ ვიდეო:

15.08.2021 - 20:45 თალიბებმა პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს

„თალიბებმა“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ჟურნალისტი ბილალ სარვარის ცნობით, სასახლის თანამშრომლებს შენობის დატოვება მოსთხოვეს. ის ესაუბრა ორ ავღანელს, რომლებიც მონაწილეობდნენ უშუალო მოლაპარაკებებში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „თალიბანსა“ და ავღანეთის მთავრობას შორის შეთანხმების თანახმად, სასახლეში ძალაუფლების გადაცემის ცერემონია უნდა გამართულიყო, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის უნდა მიეღო მონაწილეობა. თუმცა ღანიმ ქვეყანა დატოვა.

თალიბანის მებრძოლების რეაქცია, როდესაც პრეზიდენტის მდიდრულ სასახლეში მოხვდნენ 👇

15.08.2021 - 19:47 „აქტიურად ვმუშაობთ ავღანეთში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დაბრუნების საკითხზე“ - საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით აქტიურად მუშაობს ავღანეთში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დაბრუნების საკითხზე,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

„სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

15.08.2021 - 19:11 „სახელმწიფო ძალებმა ქვეყანა ვერ დაიცვეს“ - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ დაჯგუფება „თალიბანი“ ქაბულში შევიდა, აშშ-ის ინტერესებში არ შედის ავღანეთში დარჩენა.

მისი თქმით, ვაშინგტონმა ოთხი ადმინისტრაციის პირობებში მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ავღანეთის სახელმწიფო ჯარებში, რითაც „თალიბანზე“ უპირატესობა მიანიჭა. მაგრამ ჯარმა „თალიბანის“ წინსვლის შეჩერება ვერ შეძლო.

„ფაქტია, რომ სახელმწიფო ძალებმა ქვეყანა ვერ დაიცვეს. და ეს იმაზე სწრაფად მოხვდა, ვიდრე ჩვენ ამას ველოდით. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოდ და დაცულად იყვნენ. ჩვენ საელჩოში დასაქმებულები აეროპორტში გადაგვყავს“ - განაცხადა ბლინკენმა.

15.08.2021 - 18:25 ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, - ამის შესახებ „როიტერი“იუწყება.

აშრაფ ღანი დედაქალაქ ქაბულიდან ტაჯიკეთში გაემგზავრა. პრეზიდენტთან ერთად მისი თანაშემწეები არიან. პრეზიდენტის ადმინისტრაცია უსაფრთხოების მიზეზების გამო ინფორმაციას პრეზიდენტის გადაადგილებაზე არ ავრცელებს.

15.08.2021 - 18:07 „ველოდებით ხელისუფლების მშვიდობიან გადმოცემას“ - თალიბანის სპიკერი იალდა ჰაკიმი

თალიბანის სპიკერმა იალდა ჰაკიმ BBC-თან საუბრისას განაცხადა, რომ ავღანელ ხალხზე შურისძიება არ იქნება.

სუჰაილ შაჰინმა წამყვანს პირდაპირ ეთერში დაურეკა.

„ჩვენ დავარწმუნებთ ხალხს ავღანეთში, განსაკუთრებით ქალაქ ქაბულში, რომ მათ ქონებას საფრთხე არ ემუქრება და მათი სიცოცხლე უსაფრთხოა - არავისზე შურისძიება არ იქნება. ჩვენ ვართ ხალხის და ამ ქვეყნის მსახურები“, - განაცხადა სუჰაილ შაჰინმა.

ბევრ ავღანელს ეშინია 1990-იანი წლების რეჟიმის დაბრუნების, რომელსაც საჯარო სიკვდილით დასჯა, ჩაქოლვა და გოგონების სწავლის აკრძალვა ახასიათებდა. იხილეთ ვიდეო:

15.08.2021 - 16:30 გერმანია ქაბულში სამხედრო თვითმფრინავებს გზავნის

გერმანია ავღანეთში მყოფი გერმანიის მოქალაქეების და ავღანელების ევაკუაციისთვის „A400M“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს გზავნის, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე სადესანტო დანაყოფის 30 ჯარისკაცი იქნება განთავსებული.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავები უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის აეროპორტში დაეშვებიან. ევაკუაციის გეგმა საგანგებოდ იქნა მომზადებული.

15.08.2021 - 16:12 რომის პაპი ავღანეთის დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს

რომის პაპი ფრანცისკე ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მან საზოგადოებას ლოცვისკენ, ხოლო ავღანეთის დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგის მაგიდასთან მისხდომისკენ მოუწოდა.

„ვუერთდები ერთსულოვან ღელვას ავღანეთში არსებულ ვითარებაზე. გთხოვთ, ერთად ვილოცოთ ღმერთის მიმართ მშვიდობისთვის, რათა იარაღის გუგუნი დასრულდეს და გამოსავალი დიალოგის მაგიდასთან მოიძებნოს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება, ამ ქვეყნის ტანჯული მოსახლეობა - კაცები, ქალები, მოხუცები და ბავშვები დაუბრუნდნენ სახლებს და მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვრონ“, - აღნიშნა რომის პაპმა.

მისი თქმით, მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია გარანტი, რომ ავღანეთში მცხოვრები კაცები, ქალები, მოხუცები და ბავშვები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ და მშვიდად, უსაფრთხოდ იცხოვრონ.

15.08.2021 - 15:02 თალიბანი ავღანეთის სათავეში დაბრუნდა (ვიდეო)

20 წლის შემდეგ თალიბანი ავღანეთის სათავეში დაბრუნდა.

ამჟამად მთავრობასა და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, თალიბანმა უკვე გამოაცხადა გამარჯვება.

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, აბდულ სათარ მირზაქვალის განცხადებით, ქაბულზე შეტევა არ განხორციელდება და გარდამავალი ადმინისტრაციისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა იგეგმება.

არსებული ინფორმაციით, ბაგრამი ავიაბაზა „თალიბანის“ ხელშია.

გამოცემა „ალ-არაბიას“ ცნობით, ქაბულში უკვე ჩავიდა თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი მულა ბარადარი. ძალიან მალე ავღანეთი ისლამურ საამიროდ გამოცხადდება.

„ჩვენ არ გვინდა, რომ უდანაშაულო ავღანელი სამოქალაქო პირი დაზარალდეს ან დაიღუპოს, როდესაც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას. ჩვენ არ გამოვაცხადეთ ცეცხლის შეწყვეტას”, - განაცხადა თალიბანის წარმომადგენელმა.

გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფება აცხადებს, რომ ქაბულის მცხოვრებლების სიცოცხლეს, ქონებასა და ღირსებას საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი აშრაფ ღანი უახლოეს საათებში გადააბარებს ხელისუფლებას თალიბანის მიერ ჩამოყალიბებულ გარდამავალ მთავრობას, რომელსაც ავღანეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და აშშ-ის მოქალაქე (1987 წლიდან) ალი აჰმედ ჯალალი უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ ჯალალი თავის დროზე ავღანეთში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლას ხელმძღვანელობდა.

15.08.2021 - 14:10 „თავდაცვის ძალები ქაბულში უსაფრთხოებას აკონტროლებენ“ - ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანი ადმინისტრაცია, დედაქალაქში „თალიბების“ შესვლის შესახებ „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს.

„პატივცემულო მოქალაქენო, ქაბულის რამდენიმე შორეულ რაიონში ისმოდა სროლის ხმა. ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, აკონტროლებენ ქაბულში უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის ქვეყნის 34 ადმინისტრაციული ცენტრიდან 23 რადიკალური დაჯგუფების ხელშია. არსებული საფრთხის გამო, აშშ-მა საკუთარი საელჩოდან პერსონალის ევაკუაცია დაიწყო, რომელთა უსაფრთხო გამოყვანისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში ხუთი ათასზე მეტი სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

15.08.2021 - 14:00 მედია: რუსეთის საელჩო ქაბულში ხელშეუხებლად აგრძელებს მუშაობას

ავღანეთში, რუსეთის ელჩის განცხადებით, რუსეთი არ აპირებს, ავღანეთიდან საელჩოს ევაკუაცია განახორციელოს.

ზამირ კაბულოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ელჩი და მისი თანამშრომლები მშვიდად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.

გამოცემის ცნობით, რუსეთის საელჩო ქაბულში ხელშეუხებლად აგრძელებს მუშაობას.

როგორც თალიბანის ლიდერები აცხადებენ, მათ რუსეთის საელჩოს მისცეს ხელშეუხებლობის გარანტია.

თალიბანის პოლიტიკური ოფისის წარმომადგენლის სუჰაილ შაჰინსის თქმით, ორგანიზაციას კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან.

როგორც იცით, დაახლოებით 2 თვის წინ მოსკოვში თალიბანის ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავდა.

15.08.2021 - 13:01 „თალიბანმა“ ქაბულზე შეტევა დაიწყო (ვიდეო)

დაჯგუფება „თალიბანმა“ ქაბულზე შეტევა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის გარეუბანში თალიბანის მებრძოლები შევიდნენ.

უცხოური საელჩოების თანამშრომლები ქვეყანას ტოვებენ. მას შემდეგ, რაც დიპლომატებმა შენობა ავტომობილებით დატოვეს, საელჩოს სახურავზე ვერტმფრენები დაეშვნენ.

ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც ქაბულში, აშშ-ის საელჩოდან თანამშრომლების მშვიდობიანად ევაკუაციისთვის ჩავიდნენ, ანონიმურად ადასტურებენ ინფორმაციას.

მედია წერს, რომ საელჩოს სახურავის მიმდებარედ, კვამლი შეინიშნებოდა და სავარაუდოდ, დიპლომატები ანადგურებენ დოკუმენტაციას, რომელიც არ სურთ, „თალიბანის“ ხელში აღმოჩნდეს.

დაჯგუფებამ კვირას, 15 აგვისტოს პროვინცია ნანგაჰარის დედაქალაქი ჯალაბადი უბრძოლველად აიღო.

მედიის ცნობით, რადიკალურმა დაჯგუფებამ ქვეყნის დედაქალაქის მისადგომებთან მიიტანა იერიშები.

რამდენიმე წუთის წინ თალიბანმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რახან ქაბული დიდი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, მისი ბრძოლით აღებას არ აპირებენ, ისინი ქალაქის მშვიდობიანად გადაბარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ, მათ მებრძოლებს კი ნაბრძანები აქვთ, არ შევიდნენ ქალაქში.

შეთანხმება დედაქალაქის უბრძოლველად გადაცემაზე შედგა, სანაცვლოდ თალიბები უსაფრთხოდ წასვლის საშუალებას აძლევენ ყველას (მათ შორის, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს) ვისაც ქაბულის დატოვება სურს. თალიბანის ლიდერებმა მოუწოდეს მათ მებრძოლებს, რომ ქალაქში ძალადობისგან თავი შეიკავონ.

ავღანეთის დედაქალაქი უკანასკნელი მსხვილი ქალაქია, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება აკონტროლებს. გასულ დღეს „თალიბანმა“ მაზარ-ი-შარიფზე და ჯალალაბადზე დაამყარა კონტროლი.

ამ დროისთვის ქვეყნის 34 ადმინისტრაციული ცენტრიდან 23 რადიკალური დაჯგუფების ხელშია. არსებული საფრთხის გამო, აშშ-მა საკუთარი საელჩოდან პერსონალის ევაკუაცია დაიწყო, რომელთა უსაფრთხო გამოყვანისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში ხუთი ათასზე მეტი სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

14.08.2021 - 23:34 „თალიბანმა“ შესაძლოა 52 საათში დაიკავოს ქაბული, ახლა მთავარია, მოესწრება თუ ვერა ევაკუაცია“ - ზურაბ ბატიაშვილი

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბატიაშვილი ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

მისი თქმით, „თალიბანის“ მიერ ქაბულის დაკავება გარდაუვალია, ახლა მთავარია დიპლომატებისა და თარჯიმნების ევაკუაცია მოესწროს.

„თალიბანი” ქაბულიდან უკვე 10 კმ-შია და ყველა მხრიდან ალყაში აქცევს ავღანეთის დედაქალაქს.
ამ წუთებში სასწრაფო წესით მიმდინარეობს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ევაკუაცია (ავღანეთში ამ მიზნით დამატებითი ამერიკული სამხედრო კონტიგენტიც შევიდა).

მათთან ერთად გაჰყავთ ავღანელი თარჯიმნები, რომლებიც მანამდე ნატოს მისიის თარჯიმნები იყვნენ და რომლებსაც „თალიბანის” ხელში განადგურება ემუქრებათ.

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, „თალიბანმა” შესაძლოა უკვე მომავალ 52 საათში დაიკავოს ქაბული.
ახლა მთავარი საკითხია, მოესწრება თუ ვერა ევაკუაციის დასრულება „თალიბანის” შესვლამდე.

ამერიკელები ცდილობენ ამ საკითხზე „თალიბანი” დაითანხმონ. თუმცა, ეს მცდელობები ჯერჯერობით უშედეგოა“, - წერს ექსპერტი.

14.08.2021 - 15:23 თალიბებმა ქაბულიდან 70 კმ-ში მდებარე ქალაქი აიღეს

მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქიდან 70 კმ-ში მდებარე ქალაქი ლაგორი აიღო. ამის შესახებ apnews.com იუწყება.

ასევე თალიბები ქალაქ მაზარი შარიფს უტევენ, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მაზარი შარიფი ტრადიციულად ანტითალიბანური მოძრაობის ცენტრად ითვლება. მას საკმაოდ ძლიერი საველე მეთაურები იცავენ. ქალაქის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს.

ლაგორის აღების შემდეგ თალიბები ჩარ იასაბის რაიონამდე მივიდნენ, რომელიც ქაბულიდან სულ რაღაც 11 კილომეტრში მდებარეობს. „ბოევიკებმა“ ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ ავღანეთის უდიდესი ნაწილი სულ რაღაც სამ კვირაში დაიკავეს. არსებობს რეალური საფრთხე, რომ „თალიბანი" ქვეყნის დედაქალაქს აიღებს და ხელისუფლებაში მოვა.

ასევე თალიბები ქალაქ მაზარი შარიფს უტევენ, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მაზარი შარიფი ტრადიციულად ანტითალიბანური მოძრაობის ცენტრად ითვლება. მას საკმაოდ ძლიერი საველე მეთაურები იცავენ. ქალაქის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს.

ლაგორის აღების შემდეგ თალიბები ჩარ იასაბის რაიონამდე მივიდნენ, რომელიც ქაბულიდან სულ რაღაც 11 კილომეტრში მდებარეობს. „ბოევიკებმა“ ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ ავღანეთის უდიდესი ნაწილი სულ რაღაც სამ კვირაში დაიკავეს. არსებობს რეალური საფრთხე, რომ „თალიბანი" ქვეყნის დედაქალაქს აიღებს და ხელისუფლებაში მოვა.

13.08.2021 - 13:59 „თალიბანმა“ 3 დღეში ავღანეთის სამი პროვინცია დაიკავა

ავღანეთის რადიკალური მოძრაობის, „თალიბანის“ ინფორმაციით, მათ ბოლო დღეებში ავღანეთის 3 პროვინციის, ქუნდუზის, სარი-პულის და ტალუკანის მთავარი ქალაქები დაიკავეს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

საერთო ჯამში პარასკევს დაწყებული მოულოდნელი შეტევის შემდეგ თალიბებმა ავღანეთის 5 პროვინციის დედაქალაქები დაიკავეს. ბოლო ასეთი დასახლებული პუნქტი იყო ქუნდუზი, სადაც „ბოევიკებმა“ აიღეს პოლიციის შენობა, გუბერნატორის რეზიდენცია და ციხე.

ქალაქში ამჟამადაც ბრძოლა მიმდინარეობს. სამთავრობო ძალები აეროპორტს და სამხედრო ბაზას აკონტროლებენ. დაღუპულია 14 და დაჭრილია 30-ზე მეტი ადამიანი. ბოლოს თალიბანი ქალაქი ქუნდუზს 2015-2016 წლებში აკონტროლებდა.

აშშ-ის ავიაციამ თალიბების პოზიციებზე დასახლება შებერგანში ავიაიერიშები განახორციელა. ბრძოლა ჰელმანდის პროვინციაშიც მიმდინარეობს. ამასთანავე სამთავრობო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „თალიბანი“ დაკავებულ პუნქტებზე დიდი ხნის განმავლობაში კონტროლს ვერ შეინარჩუნებს და რომ მათი ტაქტიკა სამთავრობო ძალებისა და მოსახლეობისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, რათა შემდეგ მოლაპარაკების დროს მაქსიმალურ დათმობებს მიაღწიონ.

„თალიბებმა“ შეტევა მაისის შემდეგ დაიწყეს, როდესაც აშშ-მა და ნატომ ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა დაიწყო.

13.08.2021 - 10:51 „თალიბანმა“ კიდევ ერთი ქალაქი აიღო

ავღანურმა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა" ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე კიდევ ერთი ქალაქი, ლაშქარგაჰი აიღო. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ლაშქარგაჰი თალიბებმა მას მერე დაიკავეს, რაც წინა დღეს ავღანეთის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქი ყანდაარი და გერათი აიღეს.

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ ისინი ავღანეთში ათასობით სამხედროს გააგზავნიან, რათა იქიდან საელჩოების პერსონალის ევაკუაცია მოხდეს.

საერთაშორისო შუამავლები თალიბებს სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ და ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებენ. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „თალიბანი“ ქალაქებს პრაქტიკულად უბრძოლველად იღებს.

12.08.2021 - 12:06 „თალიბანმა“ ქაბულიდან 150 კმ-ში მდებარე ქალაქი დაიკავა

ავღანურმა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დედაქალაქიდან 150 კმ-ში მდებარე სტრატეგიული ქალაქი ღაზნი დაიკავა. ამის შესახებ france24.com იუწყება.

ეს მე-10 პროვინციის დედაქალაქია, რომელიც თალიბებმა დაახლოებით ერთ კვირაში აიღეს. ის ყანდაარ-ქაბულის მთავარ გზასთან მდებარეობს. „თალიბანმა" ქალაქში გუბერნატორის ოფისი, პოლიციის შენობა და ციხე აიღო. ამჟამად ქალაქში ბრძოლა გრძელდება, მაგრამ მისი უდიდესი ნაწილი რადიკალური მოძრაობის ხელში გადავიდა.

სულ რამდენიმე დღეში თალიბებმა ქვეყნის 10 პროვინცია დაიკავეს და ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე უდიდეს ქალაქს - მაზარი შარიფს ალყა შემოარტყეს. ყანდაარში კი მათ ციხე დაიკავეს და იქიდან ასობით პატიმარი გაათავისუფლეს, რომლებიც თალიბების რიგს შეუერთდნენ.

ცნობისთვის, 11 აგვისტოს აშშ-ის დაზვერვის პროგნოზი გავრცელდა, რომლის მიხედვით, თალიბები ქაბულს დაახლოებით 90 დღეში აიღებენ.

11.08.2021 - 16:20 „თალიბებმა“ 90 დღეში, შესაძლოა, ავღანეთის დედაქალაქი აიღონ - The Washington Post

ამერიკელი სამხედროების პროგნოზის მიხედვით, ავღანურმა რადიკალურმა მოძრაობამ „თალიბანმა“ შესაძლოა 90 დღეში ქვეყნის დედაქალაქი აიღოს. ამის შესახებ The Washington Post ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ბოლო დღეებში თალიბებმა ავღანეთის პროვინციების 34 დედაქალაქი დაიკავეს. მანამდე კი რადიკალური მოძრაობა ძირითადად ქვეყნის დაუსახლებელ რაიონებს აკონტროლებდა. ამით წინა პროგნოზი ეჭვქვეშ დგება. ჯერ კიდევ ივნისში აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობდა, რომ „თალიბანმა“ საბოლოო გამარჯვებას შეიძლება ერთი წლის განმავლობაში მიაღწიოს. ახლა კი, გაზეთის ცნობით, ქვეყანაში სიტუაცია „არასწორი მიმართულებით მიდის“.

თალიბების შეტევა აშშ-ის და ნატოს ჯარების გაყვანის დაწყების შემდეგ გააქტიურდა. ამერიკულმა ჯარმა ავღანეთი 11 სექტემბრამდე უნდა დატოვოს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა - ის არ ნანობს, რომ ავღანეთს ამერიკელი სამხედროები დატოვებენ. „აშშ-მა სამხედრო ოპერაციაში 20 წლის განმავლობაში 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ჩადო, მან 300 ათასი ავღანელი სამხედრო მოამზადა და აღჭურვა“, - განაცხადა ბაიდენმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ახლა ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ და ქვეყნის მომავლისთვის საკუთარი ძალებით იბრძოლონ.

9.08.2021 - 13:59 „თალიბანმა“ 3 დღეში ავღანეთის სამი პროვინცია დაიკავა

ავღანეთის რადიკალური მოძრაობის, „თალიბანის“ ინფორმაციით, მათ ბოლო დღეებში ავღანეთის 3 პროვინციის, ქუნდუზის, სარი-პულის და ტალუკანის მთავარი ქალაქები დაიკავეს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

საერთო ჯამში პარასკევს დაწყებული მოულოდნელი შეტევის შემდეგ თალიბებმა ავღანეთის 5 პროვინციის დედაქალაქები დაიკავეს. ბოლო ასეთი დასახლებული პუნქტი იყო ქუნდუზი, სადაც „ბოევიკებმა“ აიღეს პოლიციის შენობა, გუბერნატორის რეზიდენცია და ციხე.

ქალაქში ამჟამადაც ბრძოლა მიმდინარეობს. სამთავრობო ძალები აეროპორტს და სამხედრო ბაზას აკონტროლებენ. დაღუპულია 14 და დაჭრილია 30-ზე მეტი ადამიანი. ბოლოს თალიბანი ქალაქი ქუნდუზს 2015-2016 წლებში აკონტროლებდა.

აშშ-ის ავიაციამ თალიბების პოზიციებზე დასახლება შებერგანში ავიაიერიშები განახორციელა. ბრძოლა ჰელმანდის პროვინციაშიც მიმდინარეობს. ამასთანავე სამთავრობო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „თალიბანი“ დაკავებულ პუნქტებზე დიდი ხნის განმავლობაში კონტროლს ვერ შეინარჩუნებს და რომ მათი ტაქტიკა სამთავრობო ძალებისა და მოსახლეობისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, რათა შემდეგ მოლაპარაკების დროს მაქსიმალურ დათმობებს მიაღწიონ.

„თალიბებმა“ შეტევა მაისის შემდეგ დაიწყეს, როდესაც აშშ-მა და ნატომ ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა დაიწყო.