მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარლ ჰარცელი: მოლაპარაკების ერთადერთი კარგი სცენარი ფართო შეთანხმება შეიძლება იყოს

ევროკავშირის ელჩის ბრიფინგი

„ახლა ვმუშაობთ იმისთვის, რომ ის ჯადოსნური, საერთო პოზიცია ვიპოვოთ. ვფიქრობ, ძალიან რთული მოლაპარაკებები იქნება, რადგან ორივე მხარეს მოუწევს ამ საერთო პოზიციისთვის ფასილიტატორობა და ერთმანეთის დახმარება, რათა საჭირო ადგილამდე მივიდეთ. ეს ფუნდამენტურია, რადგან ამ მოლაპარაკების ერთადერთი კარგი სცენარი ფართო შეთანხმება შეიძლება იყოს“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მისაღებია და ამისთვის მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ.

„არ დავიწყებ სპეკულირებას ამის სხვადასხვა ელემენტზე, რადგან საბოლოო ჯამში, ფასილიტატორი ვარ და არა მოსამართლე. ჩემზე არ არის დამოკიდებული, რომ მივიღო გადაწყვეტილებები. ყველა მოლაპარაკებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე მხარე მაქსიმალურს აკეთებდეს, რომ იფიქროს, თუ როგორ წარადგინოს თავისი პოზიცია შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ შეთანხმების მიღწევისთვის, ისევე როგორც დაეხმაროს მეორე მხარე ამ მიმართულებით“, - აღნიშნა დიპლომატმა.

👉 ინფორმაციისთვის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი დაიწყო.

👉 მოლაპარაკებებში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები შუამავლის ფასილიტატორების როლით არიან ჩართულები.