მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი დაიწყო

ოპოზიციის და მმართველი გუნდის შეხვედრა, 2020

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უკვე დაიწყო. 

როგორც შეხვედრის დაწყების წინ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, მოედანზე ბურთი ხელისუფლების მხარეს არის.

„მოლაპარაკებები არსებობს იმიტომ რომ განსხვავებული პოზიციები დაახლოვდეს. ჩვენი სურვილია, რომ ეს პოზიციები დაახლოვდეს. შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს. ოღონდ რა თქმა უნდა ბურთი არის ხელისუფლების მხარეს“, - აცხადებს ბაქრაძე.

აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდიდან მოლაპარაკებების მესამე რაუნდში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე წარმოადგენს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციამ მმართველ გუნდს 4 პუნქტიანი გეგმა შესთავაზა.

უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები გიორგი რურუა, ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, ხოლო მათი საქმეები უნდა დაიხუროს

ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა 2021 წელს ან პრემიერ-მინისტრის მიერ პლებისციტის დანიშვნა 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ

ყველა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერით (ან 1%-იანი საარჩევნო ბარიერით), საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით

თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს და შეიცვალოს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებით, რომელიც დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.