მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენიმე საათი გაპრემიერებამდე - უმრავლესობა ირაკლი ღარიბაშვილს მხარს დაუჭერს

თავდაცვის მინისტრი

მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებამდე რამდენიმე საათი რჩება. 

საკანონმდებლო ორგანოში სანამ კენჭისყრის პროცედურა გაიმართება, პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და მის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები უმრავლესობის წევრებს შეხვდებიან.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.

რაც შეეხება, „ევროპელ სოციალისტებს“ როგორც ცნობილი იყო, პარტიის წევრები ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერდნენ, თუმცა 19 თებერვალს გავრცელებული განცხადების შემდეგ გაირკვა, რომ საპარლამენტო ჯგუფი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენა პირდაპირ კავშირშია „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან.

მათივე განცხადებით, ივანიშვილი არსად წასულა და დღეს ისე როგორც არასდროს იგრძნობა მისი კვალი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

„ირაკლი ღარიბაშვილს გააჩნია როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ცნობადობა. ის ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როგორც შიგნით საზოგადოებაში, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში აქვს იმის რესურსი, რომ ნებისმიერ სიტუაციაში იმ გამოწვევებს რაც არის ქვეყანაში, უპასუხებს.

ამიტომ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე ბუნებრივია კითხვები გვექნება, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება. კითხვები მრავალმხრივი იქნება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, მომავალი მთავრობის მეთაურის შესახებ საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი. ის აცხადებს, რომ ღარიბაშვილი პრინციპულობით გამოირჩევა.

„ირაკლი ღარიბაშვილი პრინციპულობით გამოირჩევა, რა თქმა უნდა პრინციპული, ენერგიული გადაწყვეტილებები ყოველთვის გამოსავალია“, - აცხადებს ტალიაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ პოსტი დატოვა.

გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა. თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების თარიღთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი 22 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ევროპელი სოციალისტები“ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებს

✔️ „გიორგი გახარიას ჰქონდა უნარები და პრაგმატული პოლიტიკოსი იყო “ - პოლიტოლოგი