ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სასტუმრო „რუმსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, სადაც სამოქალაქო აქტივისტები რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ.
ნიკოლეიშვილის თქმით, მისი ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერისა და მისი დელეგაციის მასპინძელი სასტუმრო „რუმსის“ მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა:
„რამდენადაც ვიცი, ბიზნესმენი თემურ უგულავა, სასტუმრო „რუმსის“ მფლობელი და დელეგაციის მასპინძელია, ის, იმავდროულად აფინანსებს „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას „სირცხვილიას“. ალბათ უცნაურ ფსიქიურ აშლილობასთან გვაქვს საქმე, რადგან „სირცხვილია“ ახლა დგას და საკუთარი დამფინანსებლის სასტუმროს ესვრის კვერცხებს, სადაც საკუთარი დამფინანსებლის სტუმრები არიან განთავსებულნი,“ - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.
ინფორმაციისთვის, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, მან თბილისში ვიზიტი საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად დაგეგმა და მისი საქართველოში ყოფნა არ უკავშირდებოდა პოლიტიკურ მოვლენებს.
რუსი ჟურნალისტის თბილისში ჩამოსვლას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. პოზნერს და მასთან ერთად მყოფ პირებს სამოქალაქო აქტივისტები ჯერ სასტუმრო „ვინოტელთან“ დახვდნენ, შემდეგ კი სასტუმრო „რუმსში“ სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს და კვერცხები დაუშინეს.
აგრეთვე, დაგაინტერესებთ:
⭕ შენ რომ კვერცხს ისვრი, კანონია? - ვაჟა სირაძე გიგა მაქარაშვილს (ვიდეო)