მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრაქტიკა, რომ საკუთარი მოქალაქე გამოითხოვო, მსოფლიოში არსებობს “ - ვოლსკი სააკაშვილზე

უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი

„შიმშილობა ანუ, „ჩემს თავს უარეს მდგომარეობაში ჩავიგდებ“, ეს არის პრივიტიმიზმის აპოგეა, რომელიც არ შეესაბამება იმ მიზნებს და ამოცანებს, რომელიც სააკაშვილს და მის გუნდს გააჩნია ამ ქვეყნის სტაბილურობის შერყევის მიზნით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები და თანაგუნდელები ისე წარმოაჩენენ, რომ სააკაშვილის ტანჯვა არის ის, რასაც ჰქვია სრული სიმკაცრით პასუხისგება.

„შეიძლება, ჩვენ ფარიკაობა გავმართოთ ამ კონკრეტულ შეფასებებზე რაც კეთდება და მოვიგონო კონკრეტული ქეისები, თუ როგორ უსწორდებოდნენ სააკაშვილი და მისი ხელქვეითები კონკრეტულ ადამიანებს, მაგრამ ახლა მოშიმშილე ადამიანისათვის არავითარი სიცოცხლისათვის საფრთხე არაა მოსალოდნელი, ეს არის პროტესტის გარკვეული მძიმე ფორმა.

თუ პატიმარი შიმშილობს, უნდა გამოვუშვათ ციხიდან? მის სიცოცხლეს არ შეექმნება საფრთხე, თვითდაზიანება შიმშილობით არის ის პროტესტის ფორმა, რომელიც არ არის საქართველოს და არც სააკაშვილის მოგონილი. მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფი, რომლებიც არ დაუშვებენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა იმ მდგომარეობამდე გართულდეს, რომ საფრთხე შეექმნას, ან რაღაც გრძელვადიანი პრობლემა მიადგეს.

რაც შეეხება პირადი ექიმის არ შეშვებას, უნდა შეუშვან, მე მგონი იქ რაღაც გარემოებები იქნება, რომლის შესახებაც არ მსმენია. რატომ ვერ უნდა შედიოდეს პირადი ექიმი, დავინტერესდები მეც, ასეთი აკრძალვა არ არსებობს.

სააკაშვილთან ადამიანების შეშვება არ არის პრობლემა, რასაკვირველია, განსხვავებულია მისი პოლიტიკური წონა, მაგრამ იქითკენ ნუ წავიყვანთ ლაპარაკს, რომ მის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ხორციელდება რაღაც
ღონისძიებები, რისი წარმოდგენაც სურთ პოლიტიკურ ოპონენტებს.

ეს არის რევოლუციური სცენარი, ამის განხორციელება არის მთავარი ამოცანა და არჩევნები, მეორე ტური, არავის აინტერესებს, სწორედ ამისათვის კეთდება შიმშილობა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მან, ასევე, ისაუბრა სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზეც და აღნიშნა, რომ უკრაინიდან ოფიციალური მოთხოვნა ჯერ საქართველოს მიღებული არ აქვს, თუმცა, მას ამის თაობაზე განცხადებები სმენია.

გია ვოლსკი აცხადებს, რომ ეს პრაქტიკა, რომ საკუთარი მოქალაქე გამოითხოვო, მსოფლიოში არსებობს და უკრაინის მთავრობა არაფერ ახალს ამასთან დაკავშირებით არ ამბობს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები საქართველოში და ამას დაემატა საზღვრის უკანონო კვეთაც.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა რაიმე ცვლილებებს მომავალში, გია ვოლსკიმ უპასუხა, რომ რამე ცვლილება არასდროს არ უნდა გამორიცხო არც არჩევნების წინ და არც მის შემდეგ, საერთოდ ცხოვრებაში.

„ცვლილებები არ არის გამოსარიცხი ნებისმიერ ასპექტში, მაგრამ როდესაც განზრახ მიდის ცრუ ინფორმაციის მიწოდება ხალხისთვის, ეს არის ერთ-ერთი ფანდი, რომელიც მოძველებულია. საზღვარი მორღვეულია, სტრუქტურები არ არსებობს, „ვერ დამიჭერენ“ და „არ დამიჭერენ“, ზოგადად, ეს მოქმედებები და ფრაზები არის მიმართული იმისკენ, რომ შეივსოს ის სტრატეგია, რასაც ქვეყნის რყევა ჰქვია და ამაში საკმაოდ გამოცდილი ექსპერტები ეხმარებიან. რასაც თვითონ ამბობენ, ასეთი ცვლილებები არ იქნება, მხოლოდ უკეთესობისაკენ გვექნება ცვლილება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. 8 წლის შემდეგ კი, პირველ ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დამადასტურებელი ვიდეოები გამოაქვეყნა.

პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

ამავე თემაზე:

📣 ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომლებიც დააპატიმრეს

📣 სააკაშვილი რევოლუციონერია და არა პოლიტიკოსი - ალესია ბაცმანი (ვიდეო)

📣 „აქამდე ქართველი ხალხი ელოდა სააკაშვილს და ახლა მიშა ელოდება მათ“ - გუბაზ სანიკიძე