მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახან ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა, ღმერთს შევთხოვ, მოგვცეს გამძლეობა“ - ილია II

უწმინდესი და უნეტარესი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახან ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.

გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.

ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში.

შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი“, - ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს ტაძრებში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება