მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა“ - მეუფე გრიგოლი

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი

„ჩვენ გვმართებს მიმდინარე მოვლენების აღქმა მასშტაბურად, ისტორიულ ჭრილში და არა ფრაგმენტულად. საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს!“, - ასე ეხმაურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი მესამე პრეზიდენტის პატიმრობას სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში თავისუფლად ცხოვრების უფლება უნდა ჰქონდეს.

„ძვირფასო სამწყსოვ, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, დღეს ვიყავი ძველ ხიბულაში, ხობის მუნიციპალიტეტში, სადაც მოვინახულე ახალაშენებული საეკლესიო კომპლექსი, რომელიც მართალი ლაზარეს აღდგენის სახელზე აშენდა და უახლოეს მომავალში მოხდება მისი კურთხევა.

ამ კომპლექსის მიმდებარედ კი დგას სახლი, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ტრაგიკულად დაასრულა თავისი სიცოცხლე; ვდგავარ იმ ოთახში, სადაც უკანასკნელი ღამე გაათენა, უკაცრავად, ვერ გაათენა, პრეზიდენტმა გამსახურდიამ; გონებაში ცოცხლდება მისი განწირული სულისკვეთება და ვფიქრობ დღევანდელ დღეზე და შექმნილ მდგომარეობაზე.

სამი ათეული წელია, რაც საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს ბევრი ჯერ კიდევ მოუშუშებელი ტკივილი და ჭრილობა აწუხებს; ჯერ კიდევ ოკუპანტის ხელშია მოქცეული დროებით დაკარგული ტერიტორიები, ქართული კულტურის ძირძველი და მკვიდრი კერები, და ჩვენი ერთ-ერთი (ერთმორწმუნე) მეზობელი ქვეყანა დღემდე ახორციელებს მათზე არაკანონიერ და უსამართლო კონტროლს.

მართალია, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება გადაუდებელ ამოცანად გვესახება, თუმცა ამას ვერ მოახერხებს ის სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც პოლარიზებული და ურთიერთდაპირისპირებულია, ერთმანეთს მტრობს და ვერაფრით ახერხებს თანაცხოვრებას. ვერა და ვერ მივაღწიეთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების ერთობლივი ჩართულობითა და თანამონაწილეობით საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების წარმართვას.

მიმოვიხედოთ ჩვენს ირგვლივ და რას დავინახავთ? დავინახავთ იმას, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვები და მიზნები ხშირად (რომ არ ვთქვათ - ძალიან ხშირად!) ურთიერთსიძულვილის, პოლიტიკური შურისძიებისა და გაუტანლობის საფუძველი ხდება. არადა, ეს როგორმე უნდა დაიძლიოს! თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაძლიოს ეს სიძულვილი, შურისძიება, გაუტანლობა. როგორმე უნდა შევძლოთ ურთიერთმიტევება, შერიგება, დიდ სახელმწიფოებრივ მიზნებთან მიმართებით ერთმანეთთან თანხმობა და, რაც მთავარია, მშვიდობიანი თანაცხოვრება ჩვენს ძვირფას და ღვთივკურთხეულ ქვეყანაში.

სწორედ ამის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ახლა, როცა ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება კვლავაც გზაგასაყარზეა, უნდა შევძლოთ ამ საბედისწერო მანკიერი წრის გარღვევა და გრძელვადიან პერსპექტივაში შევთანხმდეთ მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებზე. ჩვენ ვდგავართ ისტორიული აუცილებლობის წინაშე, რომ კარგად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას გვიქადის დღევანდელი მდგომარეობა. კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, თუ ვის აწყობს შელახული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მათი ყოფილი თუ ამჟამინდელი წარმომადგენლების დისკრედიტაცია. ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესში შედის.

ნუთუ არ ვიცით, რომ „არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს“?! (მც. კურთხევანი), ნუთუ არ გაგვიგია, რომ „ყოველი კაცი ცრუი არს“?! (ფს. 115,11); ვის შეუძლია დაიკვეხნოს უცოდველობით ან თუნდაც შეუცდომლობით?!

ქრისტიანობის თაურწყაროებს ნაზიარებ ერს ეს კარგად მოგვეხსენება, რომ შემწყნარებლობა ერთ-ერთი შემადგენელია ჩვენი სულიერი სწავლებისა. ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ურთულეს ჟამს გვმართებს საკუთარ თავზე მაღლა დადგომა;

ჩვენ გვმართებს მიმდინარე მოვლენების აღქმა მასშტაბურად, ისტორიულ ჭრილში და არა ფრაგმენტულად.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს!

ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ დასავლეთი შეთქმულებას აწყობს საქართველოს წინააღმდეგ და ჩრდილოელმა მეზობელმა უნდა „გვიხსნას“ ამ შეთქმულებისგან?!

მოცემულ ვითარებაში შეცდომები ძალზე მძიმე შედეგს მოიტანს და ჩვენ ვერ მოვახერხებთ ვერც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას და ვერც მის გამთლიანებასა და გაერთიანებას.

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში არის სახლი, სადაც ქვეყნიდან განდევნილი საქართველოდან პირველი პრეზიდენტი მზაკვრულად და ღალატით გამოასალმეს სიცოცხლეს; მანამდე კი სამშობლოდან დევნილმა „უკანონოდ“ გადმოლახა სახელმწიფო საზღვარი, ტყე-ტყე უწევდა გზის გაკვლევა და აქ დადგა სწორედ მისი ტრაგიკული აღსასრული; შემდეგ იყო მთაწმიდის სავანე, დატირება.
საკითხავია ვის დასტიროდა გათხრილ საფლავთან ქართული საზოგადოება, საქართველოს პირველ პრეზიდენტს თუ საკუთარ თავს?!

ვფიქრობთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა; და ეს, უწინარეს ყოვლისა, სჭირდება არა მას, მიხეილ სააკაშვილს, არამედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების სამომავლო ინტერესებს.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგების გარეშე დაძლეულ იქნა ის სახიფათო ზონა, რომელშიც დღეს იმყოფება ჩვენი სამშობლო და წარსულის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით გავაგრძელებთ წინსვლას შეუქცევადად!„აცხონე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაი ჯვარითა ბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა შენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა!“, - აღნიშნავს მეუფე გრიგოლი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

ამავე თემაზე:

🔴 „მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)

🔴 „სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დეტალების იმ ფორმით გასაჯაროება, როგორც ეს მოხდა, არასწორია“ - ომბუდსმენი

🔴 „მწვანილით დატვირთული მანქანით რომ შემოიპარები, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს“ - ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზე