მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის წინასწარ გამიზნული პროვოკაცია“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის ინციდენტზე

საპატრიარქოს პიარი

„ეს არის წინასწარ გამიზნული პროვოკაცია, რადგანაც დავით გარეჯში განსაკუთრებულად მწვავედ აღიქვამენ, როდესაც „მთავარი არხი“ გარეჯის ბერებს გრუ-ს აგენტებად მოიხსენიებს და ივერი მელაშვილს ეროვნულ გმირად, ეს განსაკუთრებულად ძაბავს იქ სიტუაციას. გუშინდელ დღეს, როცა იყო ხსენება გარეჯელი მამებისა, იმ კელიებში, სადაც გარეჯელი ბერები მსახურობდნენ, ვერ გადადიან საეკლესიო მსახურები, იმ დღეს ივერი მელაშვილის გარეჯთან ჩასვლა არ შეიძლება, როცა მსჯავრდადებული არის ეროვნული მიწების გასხვისებაში, უნდა მოერიდოს ამ დაძაბულობას“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, დაპირისპირება საერთო კონტექსტში უნდა იყოს განხილული, რადგან სიტუაცია დავით გარეჯის კომპლექსში არის ისედაც დაძაბული.

„საერთო სურათიდან არ უნდა ამოვარდეს ეს ინციდენტი. საერთო სურათი კი ვიცით როგორიც არის. დაძაბულია ვითარება უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების საზღვრის იქით მოხვედრის გამო. დავაზუსტებ, რომ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, თუმცა იმ სამუშაოების ფარგლებში, რაც უნდა ჩაეტარებინა კომისიას, ეს ტერიტორიები მიკუთვნებული არის ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის.

გუშინდელი დაპირისპირება არ არის მხოლოდ გუშინდელი ამბავი. ეს არის პრინციპული წინააღმდეგობა, შეხედულებებში ზოგიერთი სატელევიზიო საშუალების მიერ გაჩაღებულ კამპანიასა და ეკლესიის დამოკიდებულებას შორის დავით გარეჯის პრობლემასთან.

განსაკუთრებით მწვავედ ამ საკითხს აღიქვამენ ის ბერები, რომლებიც საზღვრისპირად ცხოვრობენ. გეტყვით, რომ სანამ დავით გარეჯის მონასტრის გასწვრივ არ დაიწყო საზღვრის დაზუსტება, მანამდე მთელმა ქვეყანამ გამოტოვა, თუ როგორ მოხდა დანარჩენ ნაწილებზე არასწორად საზღვრის გატარება“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საპატრიარქო ემიჯნება ძალადობას და სასულიერო პირებს მოუწოდებს პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

„ეს აღიქმება პროვოკაციად. იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება, ჩვენი პრემიერი შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს და იმედი მაქვს, დავით გარეჯის საკითხზეც იქნება საუბარი, მიმაჩნია, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია.

რაც შეეხება ძალადობას, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით და არ არის სასულიერო პირების საქმე, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ პროვოკაციებისას, რაც უნდა გამომწვევი იყოს ეს, რომ როგორმე სასულიერო პირები არ ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში. მამები ამას ალბათ გააცნობიერებენ და შეინანებენ“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, სადაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად ივერი მელაშვილის ჩასაწერად იმყოფებოდა, დაპირისპირება მოხდა.

ჟურნალისტ ნინუცა კეკელიას თქმით, მას და ოპერატორს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ და კამერა წაართვეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„კარგი იქნებოდა, საპატრიარქოს გაევრცელებინა განცხადება, რომ ძალადობას გმობს“ - მამა ანდრია სარია დავით გარეჯის ინციდენტზე

ვახტანგ გომელაური: ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი - გამოძიებიდან გამომდინარე, დაისჯებიან კანონის შესაბამისად