მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სანქციების სრული სია - რა შედეგს გამოიწვევს ეს რუსეთისთვის? ექსპერტის ანალიზი

სანქციების სრული სია

შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და მათმა ზოგიერთმა მოკავშირემ რუსეთს სანქციები დაუწესეს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა,  21 თებერვალს დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ „რესპუბლიკებად“ აღიარა. როგორც მან პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, დონბასში ვითარებამ კვლავ კრიტიკული, მწვავე ხასიათი მიიღო. პუტინის განცხადებით, რუსეთისთვის უკრაინა უბრალოდ მეზობელი ქვეყანა არ არის.

უკრაინაში შეჭრის და დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ აღიარების შემთხვევაში აშშ და ევროკავშირი მოსკოვს ეკონომიკურ სანქციებს ჰპირდებოდნენ. პუტინს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აფრთხილებდნენ, რომ მოსკოვს სანქციები ემუქრებოდა. პირველი ნაბიჯებიც სწორედ მათ გადადგეს.

PIA.GE გთავაზობთ სანქციების ჩამონათვალს, რომელიც რუსეთს დასავლეთმა დაუწესა:

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 5 რუსული ბანკისა და 3 რუსი მილიარდერის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი აამოქმედა.

სანქციების სიაში მოხვდა: 

👉 „ბანკი რასია“ 

👉 „პრომსვიაზ ბანკი“

👉 „ ბანკი ჩერნომორსკი“

👉 „ინდუსტრიალნი ბანკი“

👉 „გენბანკი“

სანქციების სიაში მოხვდა, ასევე, სამი რუსი ბიზნესმენი: 


გენადი ტიმჩენკო - არის რუსი ოლიგარქი და მილიარდერი ბიზნესმენი. მან დააარსა და ფლობს კერძო საინვესტიციო ჯგუფს, ვოლგა ჯგუფს. 2021 წლის 15 აპრილის მდგომარეობით, ტიმჩენკო ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსში 96-ე ადგილზე იყო, 19,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებით  და გახდა მე-6 უმდიდრესი ადამიანი რუსეთში.

ბორისს როტენბერგი -  რუსი მილიარდელი. ჩრდილოეთ Sea Path ბანკის ძირითადი მფლობელი. დააარსა რამდენიმე არაკომერციული ორგანიზაცია, კლუბები.

არკადი როტენბერგი - წარმოშობით ებრაული, რუსი ბიზნესმენი და მილიარდერი. რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი და ფიზიკური კულტურის დამსახურებული მუშაკი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

აშშ

 

ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალს, ორ ფინანსურ ინსტიტუტსა და რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს შეეხებათ.

სანქციები უწესდება ორ დიდ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტს: 

👉 VEB ბანკი

👉 სამხედრო ბანკი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები რუსულ ელიტასა და მათ ოჯახის წევრებს დაუწესა: 

ალექსანდრ ბორტნიკოვი, ეფესბეს დირექტორი და უშიშროების საბჭოს წევრი, ასევე, მისი შვილი დენისი (VTB ბანკის პრეზიდენტი)

სერგეი კირილენკო, პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მისი შვილი ვლადიმირი, VK ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი

 პიოტრ ფრადკოვი, სამხედრო ბანკის (Промсвязьбанк) პრეზიდენტი.

გერმანია

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია აჩერებს უკვე აშენებული გაზსადენის ლიცენზიას. ამ გზით უპასუხა გერმანიამ რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას.

 „ჩრდილოეთ ნაკადის“ სერტიფიცირება შეჩერდა

ევროკავშირი

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციები: 

👉 აღარ იქნება შოპინგი მილანში

👉 წვეულებები სენ-ტროპეში

👉 ბრილიანტები ანტვერპენში

👉 ევროკავშირი სანქციებს უწესებს 27 რუს პირსა და ორგანიზაციას, მათ შორის ბანკებს

👉 ზღუდავს ევროპულ კაპიტალის ბაზრებზე წვდომას

👉 კრძალავს ვაჭრობას ევროკავშირსა და მეამბოხეების მიერ დაკავებულ ორ რეგიონს შორის

ევროკომისიის მიერ სანქციონირებული პირები: 

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

 პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო

სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი პიოტრ ტოლსტოი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

RT სატელევიზიო არხი მარგარიტა სიმონიანი, ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი

სამხედრო მოსამსახურეების დიდი ჯგუფი

იაპონია

იაპონიის პრემიერ-მინისტრის ფუმიო კიშიდას განცხადებით, რუსეთს უკრაინაში ჩადენილი ქმედებების გამო სანქციები დაუწესდება: 

👉 აიკრძალება ქვეყანაში რუსული ობლიგაციების გამოშვება

👉 გაიყინება გარკვეული ინდივიდების ანგარიშები

👉 სანქცირებული პირები იაპონიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ,  რადგან სანქციები მათ ვიზებსაც შეეხებათ

კანადა 

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი რაუნდი გამოაცხადა: 

👉 კანადა თავის მოქალაქეებს აუკრძალავს ყველა ფინანსურ ურთიერთობას აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ აღიარებულ დონეცკსა და ლუგანსკში

👉 კანადელებს ასევე აეკრძალებათ რუსული ობლიგაციების შესყიდვა

👉 სანქციებს აწესებს რუსეთის სუვერენულ ვალზე

👉 სანქციები დაუწესდება რუსეთის პარლამენტის წევრებს, რომელთაც ხმა მისცეს დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ „რესპუბლიკებად“ აღიარებას

👉 კანადა დამატებით სანქციებს გამოიყენებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ორ რუსულ ბანკზე

ავსტრალია 

უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ავსტრალიამაც დააწესა

👉 ავსტრალიამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა რუსეთის უშიშროების საბჭოს 8 მაღალჩინოსანი

👉 ფინანსური სანქციები დაუწესდათ რვავე მაღალჩინოსანს

👉 მოგზაურობის აკრძალვა

👉 ეკონომიკური ზომები შეეხება რუსეთის აღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონს

👉 სანქციები მოიცავს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, ნავთობის, გაზის და მინერალების მარაგებს

👉 ავსტრალია გაახანგრძლივებს სანქციებს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმისა და სევასტოპოლის მიმართ.

👉 დასანქცირდება რამდენიმე რუსული ბანკიც

თანამედროვე დიქტატორის სატელევიზიო გამოსვლა, დაწესებული სანქციები და უკრაინის რეგიონების აღიარება, ამ საკითხთან დაკავშირებით - პროფესორმა, კონფლიქტოლოგმა, განათლების სახლის დამფუძნებელმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა ზაზა ცოტნიაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან  ისაუბრა.

ბატონო ზაზა, მოგეხსნებათ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ დასავლეთის მხრიდან არაერთი სანქცია მოჰყვა, რა ზეგავლენა ექნება დაწესებულ სანქციებს და რა უკურეაქცია მოჰყვება რუსეთის მხრიდან?

- რუსულ უკრაინული დაპირისპირება გახლავთ იდეოლოგებს შორის დაპირისპირება, რომელიც რუსეთის დღევანდელი პოზიციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აი, ამიტომ რუსეთი მიდის ასეთ ავანტიურაზე - ჰიბრიდული ომი გააფართოვა.

რაც შეეხება სანქციებს, რომელიც ახლახან დაწესდა: ამერიკის შეერთებული შტაბების მხრიდან, ეს იყო პირველი ნაბიჯი, როდესაც ლუგანსკის და დონბასის ინვესტირებაზე შეზღუდვების შესახებ განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა რაც, რა თქმა უნდა, არ არის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი ისეთ პირობებში, როდესაც საქმე ეხება ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას. თუმცა, ეს არის პირველი ნაბიჯები და შემდგომ კიდევ გაღრმავდება ზეწოლა რუსეთის ეკონომიკაზე.

შემდგომი სერიოზული ნაბიჯი გახლდათ ბრიტანეთის მიერ 5 რუსულ ბანკსა და პუტინის ახლო მოკავშირეებზე სანქციების დაწესება, ერთ-ერთია გენადი ტიმჩენკო, რომელიც პუტინთან დაახლოებული პირი გახლავთ. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი სანქციები. საპასუხოდ ვნახეთ მედვედევის განცხადება, რომელიც ევროპას რუსული გაზის გაძვირებით დაემუქრა. დასავლეთზე ზეგავლენის მთავარი ბერკეტი სწორედ ესაა რუსეთისთვის.

რამდენადაც ცნობილი გახდა, ევროპა და ამერიკა აქტიურად განიხილავენ თუ როგორ შეიძლება, უზრუნველყოს ამერიკამ გათხევადებული გაზით ევროპა, რათა ის  ნაკლებად დამოკიდებული გახდეს რუსეთზე. პუტინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტად ითვლება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“,  რომელიც დიდი ბრძოლის ფასად დაასრულა. მშენებლობის პროცესში რამდენიმე კომპანიას სანქციები დაუწესდა, რომლებმაც მიატოვეს მშენებლობა, თუმცა, მან მაინც მიიყვანა ეს საქმე ბოლომდე, შეაკეთა რამდენიმე „სამამულო გემი“ და ეს მილები ჩადო ბოლომდე, თუმცა, გუშინ ვნახეთ გერმანიის კანცლერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეჩერდა.

ვფიქრობ, ეს სანქციები ამ ეტაპზე არა არის სერიოზული „ამინდის“ შემქმნელი, თუმცა დასაწყისისთვის პოზიტიური ძვრაა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ რუსულ ელიტას აძლევს დამატებით მესიჯს იმის შესახებ, რომ შემდეგი შეიძლება, ისინი იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ევროკავშირის  მიერ დაწესებული სანქციები, რომელიც დუმის 351 დეპუტატს და 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესდა. ეს რამდენად შეცვლის პუტინის მისწრაფებას, უკრაინას ფლობდეს თავიდან ბოლომდე, რთულად პროგნოზირებადია. მაგრამ  მნიშვნელოვანი დარტყმა ალბათ მიადგება რუსულ ეკონომიკას.

- პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის აღიარება? რას უნდა ველოდოთ?

- ეს არის სცენარი, რომელიც ჩვენ უკვე ვნახეთ საქართველოში აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარებით. ბუნებრივია, რუსეთი იგივე სცენარს ახორციელებს უკრაინაში. მისი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის უდიდესი დარღვევა. დასავლეთს სწორედ იმიტომ აქვს განსაკუთრებულად მწვავე რეაქცია უკრაინასთან მიმართებით, რომ უკრაინის შემდგომ ევროკავშირია. შედარებით ნაკლები რეაქცია იყო, რა თქმა უნდა, კავკასიაში იგივე ქმედებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ამ ყველაფერს არ დასჯერდება პუტინი და მას ექნება სურვილი აკონტროლებდეს მთლიანად ამ ტერიტორიებს. სეპარატისტული რეგიონების დიდ ნაწილს  ჯერჯერობით უკრაინული სამხედროები აკონტროლებენ. აი, აქაა სავარაუდო სახმელეთო შეტაკებები.

- რთულია თქვა რა სურს პუტინს, მაგრამ რა სცენარს შეიძლება განიხილავდეს?

- დასავლეთმა ძალიან კარგად იცის პუტინის ამბიციები. პუტინმა ეს ყველაფერი კარგად ჩამოაყალიბა თავის სატელევიზიო გამოსვლაში, სადაც ვნახეთ თანამედროვე დიქტატორის პოზიცია, რომელსაც აქვს მძლავრი მექანიზმი გამოიწვიოს დიდი უბედურება დედამიწაზე. ამ მექანიზმის ჩართვით ემუქრება და აშინებს მთელ სამყაროს, რომ მან თავისი გავლენები გააფართოოს.

მისი დაოკება შეუძლებელი იქნება თუ არ იგრძნო საპირისპირო ძალა. უნდა დავაკვირდეთ ამ ვითარებაში როგორ ჩამოყალიბდება დასავლეთი პუტინთან ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, ისინი დააკვირდებიან საფრთხის პროგრესირებას, დასავლეთსაც აქვთ წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთასაც, წესით, უკვე აღარ აპატიებს რუსეთს.

დასავლეთი პირდაპირ აცხადებს, რომ ომში არ ჩაებმება უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ უკრაინას მიაწვდის შესაბამის შეიარაღებას და რესურსს. უკრაინამ იმდენი იარაღი მიიღო ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ის ერთ-ერთ მძლავრ სამხედრო სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება სავარაუდოდ და მარტივი არ იქნება ანგარიშსწორება მასთან. თუ ნატოს წევრი სახელმწიფოების მიმართულებითაც მოინდომებს რუსეთის პრეზიდენტი ასეთ ღია სახმელეთო ოპერაციას, აქ ცალსახად იქნება პასუხი, რასაც აღმოსავლეთ ევროპაში დასავლური სამხედრო ძალების გაზრდის ტენდენცია უსვამს ხაზს.

- დაპირისპირება რეგიონისთვის რამდენად საფრთხის შემცველია? საქართველოსთან მიმართებით როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?

- რეგიონისთვის ძალიან დიდი საფრთხეა ასეთი მასშტაბური ომი. რუმინეთმა გააკეთა უკვე განცხადება, თუ რუსეთი ღრმად შეიჭრება უკრაინის ტერიტორიაზე, მზადაა მიიღოს ლტოლვილები უკრაინიდან. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსაც შეაწუხებს. თუ პუტინმა თავისი მიზნები და ამბიციები განახორციელა უკრაინაში, ის საქართველოში კიდევ უფრო თავისუფლად იგრძნობს თავს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ არასტაბილურობა რეგიონს ყველაზე დიდ ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებს.

პუტინი რის განხორციელებასაც აპირებს უკრაინაში, ეს 2008 წელს საქართველოში უკვე ვიხილეთ. მას სურს მაქსიმალურად აკონტროლებდეს საქართველოს; ის მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყანაც, იყოს მისი გავლენის ნაწილი, რაც სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს დიდ საფრთხეს უქმნის.

უნდა შევეცადოთ, სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობით, დიპლომატიური გზებით, შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ამ დიდი კონფლიქტიდან დიდი დანაკარგების გარეშე, ნაკლებად დაზარალებულები გამოვიდეთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამის შესახებ მან განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ვლადიმერ პუტინის ვიდეომიმართვა, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც მან პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, დონბასში ვითარებამ კვლავ კრიტიკული, მწვავე ხასიათი მიიღო. პუტინის განცხადებით, რუსეთისთვის უკრაინა უბრალოდ მეზობელი ქვეყანა არ არის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ჟირინოვსკი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ დასავლეთის სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს

🔴 „ვინ მისცა პუტინს უფლება, რომ ქვეყნებად გამოაცხადოს ის ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის? საპასუხოდ სანქციების დაწესებას ვიწყებთ“ - ჯო ბაიდენი

🔴 დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების გამო რუსეთის ბაზარზე კოლაფსია - რუბლი დაეცა

🔴 აქვს თუ არა ვლადიმერ პუტინს გეგმა B და რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება?

🔴 მეგალომანი - რომელსაც სულ უფრო ცოტა დრო რჩება...