მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეგალომანი - რომელსაც სულ უფრო ცოტა დრო რჩება...

მეგალომანი

ომი თავაზიანობა კი არა, ყველაზე საზიზღარი საქმეა ცხოვრებაში, უნდა გესმოდეს ეს და არ თამაშობდე ომობანას. ყველაზე მთავარია: უკუაგდო სიყალბე; თუ ომია, ომი უნდა იყოს და არა სათამაშო, თორემ ომი მხოლოდ უქნარა და ქარაფშუტა ადამიანებისთვის არის საყვარელი გასართობი... იმას, ვინც მეტი ხალხი დახოცა, მეტ ჯილდოსაც აძლევენ... გაჟლეტენ, დაასახიჩრებენ ათიათასობით ადამიანს, ხოლო შემდეგ გადაიხდიან სამადლობელ პარაკლისებს იმისთვის, რომ ბევრი ხალხი გაწყვიტეს (რომელთა რაოდენობას კიდევ მიუმატებენ) და აცხადებენ გამარჯვებას, რაკი ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტი ხალხი დაიხოცა, დამსახურებაც მით უფრო დიდია“, - შორს ვართ იმ აზრისგან, რომ პუტინს ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ არ აქვს წაკითხული. მაგრამ, მსგავსი ციტატების მიმღები და ემოციურად აღმქმელი ადამიანი ლიდერი ვერასოდეს გახდება და მით უმეტეს, ვერასოდეს დაიკავებს რუსეთის მმართველის ადგილს.

ვლადიმერ პუტინი რუსეთს 2000 წლიდან მართავს და ორი დეკადა მმართველობის მიუხედავად, შეიძლება საუკუნის შემდეგ ის დარჩეს ისტორიაში როგორც რუსეთის მეორე პრეზიდენტი და არაფერი მეტი. ის და მისი რუსეთი ყველაფერში მეორე ან მდევარია, ევროპაშიც კი არ არის ყველაზე ხანგრძლივად მყოფი პრეზიდენტი, ის ლუკაშენკოს შემდეგაა.

რამდენიმე დღეა რაც რუსეთი ჰოკეიში ოლიმპიადის ფინალში ფინეთთან დამარცხდა და პუტინის ერთ-ერთ საყვარელ სპორტშიც მეორე ადგილზე გადაინაცვლა. სულ რომ არაფერი, ოლიმპიადაზე რუსეთი, რომელიც რუსეთის სახელით ვერ გამოდის, მეცხრე ადგილს იკავებს და 6 ოქროს მედალს ყველა ეჭვის თვალით უყურებს, სადმე დოპინგის კვალი ხომ არ არის.

სხვა სპორტებშიც არ ულხინთ რუსებს, ფეხბურთში მსოფლიოში 35-ე ადგილზე არიან, კალათბურთში მე-14, რაგბიში 25-ე. ფიგურულ სრიალშიც კი დოპინგზე აპელირებენ...

სხვადასხვა ინფორმაციით, რუსეთში მსოფლიოს ბუნებრივი რესურსების 30% იყრის თავს, მთლიანი შიდა პროდუქტით კი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა. BAV group-ის რეიტინგის მიხედვით, ცხოვრების დონით კი 31-ე ადგილზეა.

მათი სანაქებო „ლადა“ მსოფლიოს საავტომობილო ინდუსტრიის რეიტინგში 2021 წელს 86-ე პოზიციაზე იყო, ისიც იმიტომ, რომ რუსეთში ყველაზე იაფიანი ახალი მანქანაა და ვისაც შესაძლებლობა აქვს რუსეთშივე, „ლადას“ არ ეკარებიან.

დღეს „როსკოსმოსიც“ აღარ არის ის „როსკოსმოსი“, რომლის ყოფილმა საბჭოთა კოსმოსურმა პროგრამამ მოიპოვა პირველი ადგილი, მათ შექმნეს პირველი ხელოვნური თანამგზავრი, პირველი კაცი (იური გაგარინი) და ქალი (ვალენტინა ტერეშკოვა) გაფრინდნენ კოსმოსში, პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მთვარის სიახლოვეს მიაღწია იყო - ლუნა 1 და ა.შ. დღეს კი გაგარინის ფოტოებით იმშვიდებენ თავს და მათი მიღწევები აღარ ჩანს, ისინი ჩამორჩებიან „ნასას“, ჩინეთის ეროვნულ კოსმოსურ ადმინისტრაციას და ევროპულ კოსმოსურ სააგენტოს.

პუტინის რუსეთი globalfirepower-ის რეიტინგში სამხედრო სიძლიერით მსოფლიოში მეორეა და ჩინეთის სამხედრო სიძლიერე ისეთი ტემპით იზრდება, რომ მალე მესამეც შეიძლება გახდნენ.

რუსეთი განათლების დონით სხვადასხვა რეიტინგებში 20-ეულს მიღმაა, „ლომონოსოვის უნივერსიტეტი“ სწავლების დონით 91-ეა. ცნობილი ფაქტია, რომ დღესდღეობით შეძლებული რუსები თავის შვილებს ლონდონში აგზავნიან სასწავლებლად და ადგილობრივ უნივერსიტეტებზე უარს ამბობენ.

რუსული შოუბიზნესი მხოლოდ ქვეყნის შიგნით და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაშია ცნობილი, ძნელია გაიხსენო რუსული ფილმი, რომელიც 21-ე საუკუნეშია გადაღებული და იცი. გახსენდებათ რამე?

ეს სია შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ. რით არის რუსეთი პირველი? ტერიტორიით, რომელიც პუტინის შემოსაზღვრული არ არის და მისი დამსახურება ამ 22 წელიწადში ამ ტერიტორიების ძალადობით შენარჩუნებაა.

ვლადიმეროვიჩი ოქტომბერში 70 წლის გახდება, მისი სახელი კი არ ჟღერს ისე, როგორც ვლადიმერ ლენინი და იოსებ სტალინი. თან უფრო და უფრო ხშირდება ჭორები, რომ ის ავადაა და არავინ იცის, მის თავს რა ხდება.

„[საბჭოთა კავშირის დაშლა] ჩემთვის ტრაგედია იყო, ისევე, როგორც ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობისთვის. რადგან, რა არის საბჭოთა კავშირის დაშლა? ეს არის დაშლა ისტორიული რუსეთის, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მას ტანჯავს წარსული გამოცდილება, ეს მისი ტრაგედიაა. მას სურს, იყოს გილგამეში, მაგრამ ის აღარ არის ახალგაზრდა ჭაბუკი მეფე და რაც დრო გადის, მით უფრო მცირე დრო რჩება სახელის დასატოვებლად.

კაპიტალიზმის ეპოქაში სულ უფრო რთული ხდება ამ ოცნების განხორციელება, მით უმეტეს მაშინ, როცა ის და მისი ჩინოვნიკები გაიტაცა ფულის კეთების ხელოვნებამ, რამაც ის კიდევ უფრო დააშორა ახალი საბჭოთა კავშირის იდეასთან.

და აი, წინა წელს დაიწყო აქტიურად საუბარი ბელარუსის რუსეთთან გაერთიანების შესახებ, ალექსანდრე ლუკაშენკოს თითქოს არ სურს ეს, მაგრამ პრეზიდენტს, რომელსაც არავინ აღიარებს, სხვა არჩევანიც არ აქვს. ლუკაშენკომ შეძლო ბელარუსში პროტესტის ჩახშობა და კვლავ აგრძელებს დიქტატორულ მმართველობას.

ხოლო უკრაინა ყველაზე მსუყე ლუკმაა, ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო და ყველაზე ურჩი, რომელიც ნატოსკენ მიილტვის. უკრაინის დამორჩილება გზას უხსნის პუტინს თავისი სურვილების განხორციელებისკენ. შემდეგ ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება. ის აკვირდება დასავლეთის რეაქციას, თუ რაზე არიან ისინი წამსვლელები. რამდენად გადაეფარებიან ისინი უკრაინას, პრობლემაა ბალტიისპირეთის ქვეყნებიც, სადაც დღევანდელ სიტუაციაში რუსული ჩექმის დადგმა რთულია. თუმცა მანამდე 11 ქვეყანაა...

პუტინს ამავდროულად თითქოს ეშინია, მის წინააღმდეგ თანამედროვე სამყაროა, სამყარო რომელიც ლენინს არ ეწინააღმდეგებოდა. მის წინააღმდეგ სოციალური ქსელებია, უწყვეტი ინფორმაციები, ამბები, რომლებიც ხშირად არ იმალება. ცდილობს შექმნას „ფეიკ ამბები“ რუსების გენოციდის შესახებ, მაგრამ ამავდროულად აუდიტორია, ვისთვისაც ეს ამბავი არის გათვლილი, აქვს შესაძლებლობა, ალტერნატიულ ინფორმაციასაც გაეცნოს.

წაჰყვება რუსეთი მის იმპერიალურ ზრახვებს? აქვს რუსს ჯარისკაცს გლობალიზაციის პირობებში ისეთი მოტივაცია, როგორიც ადრე? ხომ არ ფიქრობს ეს ჯარისკაცი სოციალურ ქსელებზე, ხომ არ ურჩევნია ამ ჯარისკაცს „პაბჯში ან ფორტნაიტში“ ისროლოს იარაღი? ხომ არ სურს, რომ მაინერი დადგას, „იუთუბ ან ტიკტოკ“ ვარსკვლავობაზე რას იტყვით? შეიძლება რაიმე მცირე ბიზნესის წამოწყება უნდა? თუ პირად სურვილებს პუტინის სურვილების შესრულება ურჩევნია? შეიძლება ურჩევნია კიდეც იდგეს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვარზე და მოკვდეს... რისთვის?

ხომ არ ეშინია პუტინს იმის, თანამედროვე სამყაროში როცა ციფრები არ დაიმალება, მას ათი ათასობით დახოცილი რუსი ჯარისკაცის მშობელი პასუხს მოსთხოვს თუ რისთვის გაკეთდა ეს?

ფაქტია, დიდი ისტორიული ნაბიჯის წინაშე ვართ, რომელიც შეცვლის მსოფლიოს და აღარ იქნება ისეთი, როგორც იყო. დღევანდელი სამყაროც ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელსაც ისტორიზაციის იდეა ტანჯავს.

ერთმორწმუნეობაზე და მეზობლობაზე საუბარიც ზედმეტია, რუსეთი მეტწილად თვითონვეა ინიციატორი იმისა, რომ მტრად აღვიქვამდეთ, რადგან რამდენჯერაც მეგობრად მივიჩნიეთ, იმდენჯერ ვიგემეთ დანა ზურგში. ვიმედოვნოთ პუტინის „მამონა“ გადაწონის პუტინის „გილგამეშს“, რადგან უკრაინის შემდეგ სიაში შეიძლება ჩვენ ვეწეროთ...

თუმცა რადგან „ანუშკას რელსებზე ზეთი უკვე დაექცა“, ჩვენ კი ვიცით რა მოუვიდა „ბერლიოზს“, რომელსაც ეგონა, რომ ყველაფერი იცოდა და ყველაფერს აკონტროლებდა.

ავტორი: გალაქტიონ ესაკია

ამავე თემაზე:

🔴 „ვინ მისცა პუტინს უფლება, რომ ქვეყნებად გამოაცხადოს ის ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის? საპასუხოდ სანქციების დაწესებას ვიწყებთ“ - ჯო ბაიდენი

🔴 დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების გამო რუსეთის ბაზარზე კოლაფსია - რუბლი დაეცა

🔴 ჟირინოვსკი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ დასავლეთის სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს

🔴 აქვს თუ არა ვლადიმერ პუტინს გეგმა B და რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება?

🔴 „ნატო-მ და აშშ-მა 2008 წლის გაკვეთილი ცუდად ისწავლეს“ - დიმიტრი მედვედევი

🔴 რუსული აგრესიის შემთხვევაში აშშ ზელენსკის კიევის დატოვებას ურჩევს - NBC

🔴 აბა, სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008 წელს ომის დაწყებას და პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა? - მიხეილ სააკაშვილი

🔴 „უკრაინელები კუბოში არ ჩაწვებიან და არ დაელოდებიან რუს სამხედროებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი