მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აბრამსები“, „ჩელენჯერები“ და „ლეოპარდები“ - ტანკების უპირატესობები, რომლებსაც უკრაინა მიიღებს

ტანკი „ჩელენჯერი-2“

დასავლეთი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდება ბოლო მომენტამდე ინტრიგად რჩებოდა. 25 იანვარს ამის შესახებ გერმანიის მთავრობამ და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადეს. ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს. 

გერმანია დიდი ხნის განმავლობაში ვერ იღებდა გადაწყვეტილებას უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა შიშის გამო, რომ ეს მას სამხედრო კონფლიქტის დე ფაქტო მონაწილეს გახდიდა. და ეს ეხებოდა არა მხოლოდ თავად გერმანული შეიარაღების მიწოდებას, არამედ ოფიციალურ ნებართვას სხვა ქვეყნებისთვის გერმანული ტანკების რეექსპორტისთვის - ამის გარეშე სხვა ქვეყნების მიერ „ლეოპარდების“ მიწოდებას ვერ მოხერხდებოდა.

ეს რთული პოლიტიკური საკითხი დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ ტანკების მიწოდების შემდეგ გადაწყდა - ამის შემდეგ გერმანია ამ საკითხში მარტო აღარ დარჩა.

სანამ ევროპა და შეერთებული შტატები გერმანიას არწმუნებდნენ, რომ უკრაინისთვის „ლეოპარდები“ გადაეცა, უკრაინისთვის, „ლეოპარდ 2“-ის გარდა, „ჩელენჯერების“ და „აბრამსების“ მიწოდებაც გადაწყდა. უკრაინის მხარდამჭერებმა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს სოციალურ ქსელებში ხუმრობითაც კი მადლობა გადაუხადეს ამ დაყოვნებისთვის.

რამდენი ტანკი შეიძლება მიიღოს უკრაინამ?

რამდენი ტანკი იქნება მიწოდებული, დაზუსტებით უცნობია. სავარაუდოდ, გამოცხადებული რაოდენობა საბოლოო არ იქნება.

Challenger 2 - ყველაზე თანამედროვეა „ახალი უკრაინული სამეულიდან“. ამ დროისთვის კიევს 14 ტანკს Challenger 2-ს , 14 ტანკს Leopard 2-ს დაჰპირდნენ, პოლონეთი კი, ალბათ, კიდევ 14„ლეოპარდს“ მიაწვდის.

შეერთებული შტატები უკრაინას 31 ტანკს გადასცემს. ბაიდენის თქმით, მიწოდებას დრო დასჭირდება, მაგრამ შეერთებული შტატები უკრაინელი სამხედროების წვრთნას მალე დაიწყებს.

„ამ ტანკების ბრძოლის ველზე მიწოდებას დრო დასჭირდება. ჩვენ ამ დროს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ უკრაინელები სრულად იყვნენ მომზადებულნი თავდაცვის სისტემაში „აბრამსის“ ტანკების ინტეგრირებისთვის", - თქვა მან.

ამერიკული პრესა იუწყება, რომ Abrams-ის შეკვეთა უნდა მოხდეს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს იარაღის მიწოდებას მწარმოებლისგან და არა ამერიკული არმიის მარაგებიდან. ეს კი მიწოდების პროცესს მნიშვნელოვნად გააჭიანურებს.

დიდ ბრიტანეთში, 2021 წელს გადაწყვიტეს ექსპლუატაციაში დარჩენილი 225 ტანკიდან 77 Challenger 2 შეიარაღებიდან მოეხსნათ, ასე რომ ის პოტენციურად უკრაინაში შეიძლება გაგზავნონ.

რაც შეეხება გერმანულ „ლეოპარდებს“, ყოველკვირეული Spiegel-ს  ცნობით, ბუნდესვერს განკარგულებაში 212 მოქმედი ლეოპარდი ჰყავს. კიდევ 100-მდე ტანკი, 2022 წლის ზაფხულის დასაწყისისთვის, შეკეთების პროცესში იყო.

ABC News-ის ცნობით, რომელსაც უკრაინელი მაღალჩინოსნის სიტყვები მოჰყავს, „რამშტაინის“ ავიაბაზაზე მოლაპარაკებების დროს 12-მა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, კიევისთვის საერთო ჯამში 100 „ლეოპარდ-2“ ტანკი მიეწოდებინა, როგორც კი ბერლინი რეექსპორტს დაუშვებს.

„ლეოპარდების“ მიწოდების განზრახვის შესახებ საჯარო განცხადებები გაისმა პოლონეთსა და ფინეთში. მედია, ასევე, იუწყებოდა, რომ ნორვეგიას, ესპანეთს და ნიდერლანდებს შეუძლიათ შეუერთდნენ მიწოდების პროგრამას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ მანამდე განაცხადა, რომ ომის მოსაგებად უკრაინას 300 დასავლური ტანკი სჭირდება.

რომელი ტანკები იქნება მიწოდებული?

ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან სამივე მოდელის დასავლურ ტანკს მოდერნიზაცია ჩაუტარდა. შედეგად, ერთი და იგივე მოდელის ზოგიერთი ვერსია მნიშვნელოვნად  განსხვავდება ერთმანეთისგან და არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად რომელი მათგანი მიეწოდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

არსებობს, მაგალითად, Leopard 2-ის ტანკების მინიმუმ სამი ძირითადი მოდელი. ძირითადი მოდიფიკაციის გარდა, არის, ასევე, Leopard 2A4, რომელსაც 1985-იდან  1992 წლამდე უშვებდნენ, ასევე Leopard 2A5 / 2A6.

იყო, ასევე, შუალედური ვარიანტებიც და სხვადასხვა ვერსია, რომელიც კონკრეტული უცხოელი მომხმარებლებისთვის შეიქმნა - ყოველ ჯერზე, გერმანიიდან ახალი ტანკის შეძენისას, უცხოური არმიები საკუთარ მოთხოვნებს უყენებდნენ, და საბრძოლო მანქანის აწყობა მათი მოთხოვნების საფუძველზე ხდებოდა.

ამიტომ, დიდი ალბათობით, სხვადასხვა სისტემის გაერთიანების აუცილებლობა შეიქმნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს სირთულეებს ტანკისტების მომზადებაში (ერთსა და იმავე ტიპის მანქანაზე ეკიპაჟის მომზადება უფრო მარტივია).

Spiegel წერს, რომ ბერლინს შეუძლია კიევს გადასცეს Leopard 2A6 ტანკების ასეული (14 ერთეული) - ყველაზე თანამედროვე Leopard-ის მასობრივად წარმოებული მოდიფიკაციებიდან. ის ადრინდელ მოდელებთან შედარებით შეიარაღებულია გრძელი L/55 ქვემეხით, რაც აუმჯობესებს მის საცეცხლე შესაძლებლობებს.

ივნისის დასაწყისში ესპანურმა El Pais-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის ხელისუფლება განიხილავს უკრაინისთვის Leopard 2A4 ტანკების გადაცემის შესაძლებლობას. ესპანეთმა გერმანიიდან 108 ასეთი ტანკი შეიძინა, შემდეგ კი თავად „ლეოპარდ 2A6“-ის წარმოება დაიწყო.

„ლეოპარდის“ ამ ვერსიას ალბათ მოდერნიზაცია დასჭირდება. 1980-იანი წლების ბოლოს 2A4 საკმაოდ თანამედროვე ტანკი იყო, მაგრამ 30 წლის განმავლობაში ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებმა ბევრად წინ წაიწია და შემდგომმა მოდიფიკაციებმა უკეთესი დაცვა მიიღო. გარდა ამისა, მომდევნო  ვერსიებს აქვთ ცეცხლის მართვის, კავშირის, თვალთვალის უფრო თანამედროვე სისტემები.

იგივე ეხება ამერიკულ M1 Abrams-ს. მთელი ისტორიის განმავლობაში დაახლოებით 10 ათასი ერთეული იყო წარმოებული და მისი სამი ძირითადი ვერსია შეიქმნა, და აქაც  მრავალი განახლება განხორციელდა, რომლებიც გამოირჩეოდა უფრო სრულყოფილი ცეცხლის მართვის, კავშირის, თვალთვალის უფრო მოწინავე სისტემებით. რა ვერსიის „აბრამსის“ მიწოდება მოხდება უკრაინაში, ჯერჯერობით უცნობია.

მეზობელმა პოლონეთმა უკვე შეიძინა 250 მოდერნიზებული M1A2 და იანვრის დასაწყისში გააფორმა ხელშეკრულება 116 M1A1-ზე. თუ უკრაინა მიიღებს ტანკებს „ქარხნიდან“, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება M1A2 + "Abrams"-ის უფრო თანამედროვე ვერსიები.

ბრიტანული FV4034 Challenger 2 განსხვავდება  დანარჩენი ორი ტანკისაგან. ის Leopard 2 და M1 Abrams-ზე უფრო გვიან შეიქმნა. ამერიკული და გერმანული ტანკები ცივი ომის დროს ინჟინრების მუშაობის შედეგია - მათი წარმოება 1980 და 1979 წლებში დაიწყო. ბრიტანული მანქანა კი 1990-იან წლებში შეიქმნა.

აქედან გამომდინარე, არსებობს ტანკის ერთი ვერსია, რომელიც ექსპორტისთვის შეიქმნა (ის მხოლოდ ომანმა შეიძინა ), ასევე, ღრმა მოდიფიკაცია, სახელწოდებით Challenger 3.

რა მინუსი აქვს დასავლურ ტანკებს?

ტანკების შედარება ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით საკმაოდ რთულია. ჯერ ერთი, ტანკები იშვიათად ხვდებიან ერთმანეთთან დუელში, ისინი უფრო ხშირად მოქმედებენ სიმაგრეების, თავშესაფრების, უფრო მსუბუქი ჯავშანტექნიკის და ქვეითების წინააღმდეგ.

მეორეც, თანამედროვე ტანკი სამართავად ძალზე რთული საბრძოლო მანქანაა, ამიტომ წარმატება და წარუმატებლობა ხშირად  მისი პოტენციალის 100%-ით გამოყენების უუნარობაზეა დამოკიდებული. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ტანკებს აქვთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც ცნობილია ექსპერტებისთვის.

თუ ვსაუბრობთ დასავლური ტანკების ნაკლოვანებებზე, სამივეს ერთი რამე აქვთ საერთო: წონა.

M1 Abrams M1A1-ის უახლესი ვერსიის საბრძოლო წონა 66 ტონას აღემატება. ყველაზე თანამედროვე Leopard 2A7 დაახლოებით იგივე იწონის. Challenger 2-ის საბრძოლო წონა კი დამატებით დაცვასთან ერთად 75 ტონას აღწევს.

ყველა ეს ტანკი, მათ შორის შედარებით ახალგაზრდა „ჩელენჯერი“, ევოლუციის პროცესში „გასუქდა“. ტანკების განვითარება ტანკსაწინააღმდეგო იარაღის განვითარების პარალელურად მიმდინარეობს და მათი მოდერნიზაცია, დაცვის გაძლიერებასაც ითვალისწინებდა. ახალი აღჭურვილობის დაყენებამ ასევე არ შეამცირა მათი საბრძოლო წონა.

შედარებისთვის, რუსული T-80U-ის საბრძოლო წონა 46 ტონაა, T-72B3 და T-90 - 46,5 ტონა.

წონა საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ლოჯისტიკაზე, რადგან ეს გასათვალისწინებელია, მაგალითად, ხიდების გავლისას, თქვენ უნდა გყავდეთ უფრო მძიმე მისაბმელიანი ტექნიკა, რადგან ტანკები დამოუკიდებლად არ მოძრაობენ დიდ დისტანციებზე.

როგორც BBC-სთან საუბარში უკრაინელმა ექსპერტმა ჯავშანტექნიკის დარგში ანდრეი ტარასენკომ განაცხადა, ტანკისთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად მასა, არამედ კუთრი წნევა გრუნტის კვადრატულ სანტიმეტრზე.

მისი თქმით, დასავლურ ტანკებს არანაირი პრობლემა არ ექნებათ გამავლობასთან დაკავშირებით:

„ნამდვილად, ამ ტანკებს უფრო მეტი წონა აქვთ, მაგრამ მათ აქვთ შვიდ ლილვაკიანი სავალი ნაწილი (ლილვაკები - ბორბლები, რომლებიც ეყრდნობა მუხლუხოს], T-90-ის, T-72-ის და T-80-ის ექვსლილვაკიანი სავალი ნაწილისგან განსხვავებით.  შესაბამისად, მათი საყრდენი ზედაპირი უფრო დიდია. მუხლუხოს წნევა ნიადაგის კვადრატულ სანტიმეტრზე თითქმის იგივეა, რაც საბჭოთა ტიპის ტანკებს გააჩნიათ“.

თუმცა, ჩელენჯერ 2-ს აქვს მხოლოდ ექვსი ლილვაკი თითოეულ მხარეს, მაგრამ მისი გრუნტის წნევა ზუსტად იგივეა, რაც M1 Abrams-სა და T-72-ზე, მაგრამ ოდნავ მეტი ვიდრე Leopard 2, T-90 და T-80.

დასავლური ტანკების მეორე მინუსი არის ეკიპაჟის სპეციალური მომზადების საჭიროება. თანამედროვე ტანკების მართვა საკმაოდ რთულია, ისინი ცეცხლის მართვის, სათვალთვალო და კავშირის ციფრული სისტემებით არის აღჭურვილი.

ამავდროულად, ეკიპაჟის თითოეული წევრი იდეალურად უნდა ფლობდეს ტექნიკას ისე, რომ მისი მოქმედებები ავტომატიზმამდე იყოს მიყვანილი - ბრძოლის დროს ხომ ხშირად წამის მეათედი წყვეტს ყველაფერს.

სატანკო ეკიპაჟები სპეციალურ საწვრთნელ მოედნებზე ვარჯიშობენ, სადაც ისინი წვრთნებს როგორც რეალურ მანქანებზე, ასევე, ტრენაჟორებზე გადიან. ამიტომ, ახალი ტექნოლოგიების ათვისებას, თუნდაც გამოცდილი ტანკერებისთვის, მაინც დრო დასჭირდება.

ასევე, აუცილებელია ახალი ტანკების მომარაგების ორგანიზება. უკრაინა მიიღებს სამ ძალიან განსხვავებულ ტანკს, რომელთაგან თითოეულს დასჭირდება სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების საკუთარი ნაკრები.

თუ „ლეოპარდი“ და „აბრამსი“ ერთი და იგივე ტიპის ჭურვებს იყენებენ, რადგან ისინი შეიარაღებულნი არიან ერთი და იგივე გლუვლულიანიი ქვემეხით, მაშინ „ჩელენჯერსისთვის“ ჭურვების მიწოდება ცალკე იქნება აუცილებელი - მას აქვს კუთხვილიანი ქვემეხი, რისთვისაც ნატოს სტანდარტული საბრძოლო მასალა არ გამოდგება.

გარდა ამისა, „აბრამსის“ შემთხვევაში, მეტი საწვავის მიწოდების საჭიროებაც იქნება - ამ ტანკს ტურბინიანი ძრავი გააჩნია, რომლისთვისაც საწვავის მიწოდება ცალკე იქნება აუცილებელი.

მართალია ტურბინიანი ძრავი მეტ საწვავს მოიხმარს, სამაგიეროდ, „აბრამსში“ სხვა საწვავის ჩასხმაც არის შესაძლებელი - რეაქტიული ძრავების საწვავის, ბენზინის, დიზელის საწვავის, მაგრამ ამ შემთხვევაში საწვავის მოხმარება კიდევ უფრო მაღალი იქნება.

ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემები გარკვეულწილად კომპენსირდება იმით, რომ „აბრამსი“ და „ლეოპარდები“ არის პოლონეთის შეიარაღებაში, სადაც უკვე არის მათი ტექნიკური მომსახურების ბაზა და უკვე ჩამოყალიბდა სათადარიგო ნაწილებისა და სხვა საჭირო მასალების მიწოდების სისტემა.

დასავლური ტანკების პლიუსები

ტრადიციულად მიიჩნევა, რომ საბჭოთა ტანკებს აქვთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაკლი - საბრძოლო მასალა მოთავსებულია ეგრეთ წოდებულ „კარუსელში“, რომელიც მდებარეობს საბრძოლო განყოფილების ქვედა ნაწილში. ეს ამცირებს ტანკის სიცოცხლისუნარიანობას ბრძოლაში, რადგან საბრძოლო მასალა ჭურვის მოხვედრისას შეიძლება აალდეს.

სამი დასავლური ტანკიდან, რომლებიც უკრაინას მიეწოდება, მხოლოდ ამერიკულია სრულიად მოკლებული ამ ნაკლოვანებას - მისი მთელი საბრძოლო მასალა მდებარეობს კოშკის გარეთ, სპეციალურ უკანა ნიშაში. ის კოშკს გამოეყოფა ცეცხლგამძლე ჯავშნიანი კარებით და საბრძოლო მასალის მოხვედრის შემთხვევაში აფეთქების ენერგია ზევით მიდის - იქ დამონტაჟებულია სპეციალური პანელები, რომლებიც აფეთქებისას ამოვარდება.

კარგ მრავალშრიან ჯავშანთან ერთად სხვადასხვა (მოდიფიკაციის მიხედვით) კომპოზიტიური მასალების გამოყენებით, ეს „აბრამსს“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ტანკად აქცევს.

მისი ბრიტანელი და გერმანელი კოლეგები, ასევე, აღჭურვილია მრავალფენიანი ჯავშნით, თუმცა, ექსპერტების აზრით, მათი დაცვა უფრო დაბალია ვიდრე „აბრამსის“ შემთხვევაში. გარდა ამისა, მათ საბრძოლო განყოფილებაში მოთავსებულია საბრძოლო მასალის ნაწილი. ის დამატებით დაცულია ნამსხვრევებისგან, მაგრამ მაინც, ეკიპაჟი ერთსა და იმავე სათავსში იმყოფება ჭურვებთან და მუხტებთან ერთად.

„აბრამსის“ მინუსი - ხარჯიანი ტურბინა - მისი უპირატესობაც არის. ასეთი ძრავი ტანკს საშუალებას აძლევს ბევრად უფრო სწრაფად აკრიფოს სიჩქარე,  და მართლაც ამ მძიმე ტანკს შეუძლია აჩქარდეს გზატკეცილზე 60 კმ/სთ-მდე, ხოლო უსწორმასწორო გზაზე 40 კმ/სთ-მდე. ეს მაჩვენებელი უარესია, ვიდრე T-80U-ს, რომელსაც ასევე  ტურბინა უყენია - რუსული ტანკი  70 კმ/სთ-მდე ავითარებს გზატკეცილზე, ხოლო უსწორმასწორო გზაზე 60 კმ/სთ-მდე.

Leopard 42A4-ის სიჩქარე მაგისტრალზე და უსწორმასწორო რელიეფზე, შესაბამისად, 70 და 60 კმ/სთ-ია, ანუ მისი დიზელის ძრავა ტურბინაზე უარესად არ მუშაობს. გერმანულ ტანკს აქვს კიდევ ერთი უპირატესობა, რაზედაც ბევრი ექსპერტი საუბრობს - მას უკან მოძრაობისას საკმაოდ მაღალი სიჩქარე აქვს.

ეს მნიშვნელოვანი პარამეტრია, რადგან საბრძოლო პირობებში ტანკები ხანდახან თავშესაფრიდან ხსნიან  ცეცხლს, ანუ სწრაფად გამოდიან წინ,  შემდეგ კი უკან ბრუნდებიან და რაც უფრო სწრაფად აკეთებენ ამას, მით ნაკლები შანსი ექნება მტერს, რომ საპასუხო ცეცხლით ის გაანადგუროს.

Challenger 2 უფრო ნელი ტანკია, მას შეუძლია გზატკეცილზე 56 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება, ხოლო უსწორმასწორო გზაზე -  40 კმ/სთ სიჩქარით.  ეს თითქმის შეესაბამება რუსული  T-72-ის და T-90-ის სიჩქარეს, რომლებსაც შესაბამისად, 65 და 35 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლიათ.

Challenger 2-ის კუთხვილიან ქვემეხს ხშირად აკრიტიკებენ. ეს მართლაც ანაქრონიზმს ჰგავს იმ გლუვლულიან ქვემეხებთან შედარებით, რომლებითაც რუსული და დასავლური ტანკების უმეტესობაა აღჭურვილი. გლუვლულიანი ქვემეხი, ლულაში გაზის უფრო მაღალი წნევის გამო, აჩქარებს ჭურვებს უფრო მაღალ სიჩქარემდე. ამის გამო, ჭურვებს უფრო სქელი ჯავშნის განადგურება შეუძლიათ.

თუმცა კუთხვილიან იარაღს უფრო მაღალი სიზუსტე აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ მტრის ტანკებთან ბრძოლა არ არის ძირითადი საბრძოლო ტანკის მთავარი „სპეციალობა“, მაშინ ეს ნაკლიც შეიძლება უპირატესობად ჩაითვალოს.

დაბოლოს, როგორც ანდრეი ტარასენკომ თქვა, მათ ასევე აქვთ სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობები - მაგალითად, სამივე ტანკს აქვს ქვემეხის უფრო დიდი დახრის კუთხე, ვიდრე რუსულს. ეს საშუალებას აძლევს საკმაოდ დიდ მანქანებს დაიმალონ გორაკების მიღმა, როდესაც ჩანს მხოლოდ კოშკის ზედა ნაწილი.

უნივერსალური შეიარაღება

„ტანკი არის თანამედროვე სახმელეთო ბრძოლის საფუძველი. ის ასრულებს დავალებების ფართო სპექტრს, ეს არის უნივერსალური საშუალება, რომელსაც ვერაფერი შეცვლის. სწორედ ამიტომ ვალერი ზალუჟნის და უკრაინის ხელისუფლებას ძალიან სურდათ დასავლური ტანკების მიღება.

ამასთან, თანამედროვე ტანკების მახასიათებლები, თუნდაც ძალიან მაღალი, შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ კარგად გაწვრთნილი ეკიპაჟები მართავენ.

ის ტანკებიც კი, რომლებიც ხელმისაწვდომია, სათანადო მომზადების, ტრენაჟორების, სასწავლო პარკის, მეთოდური მასალების გარეშე, თავისი პოტენციალის 60-70%-მდეც კი ვერ გამოიყენებს“, - განაცხადა ექსპერტმა.

„1989 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, 25%-ით ეკიპაჟის მომზადების დონის ზრდა უდრის საბრძოლო მანქანებისა და ტანკების რაოდენობის გაზრდას 60%-ით”, - ამბობს ანდრეი ტარასენკომ.

თუმცა, კარგად გაწვრთნილ ეკიპაჟებსაც კი სჭირდებათ საბრძოლო კოორდინაცია  სხვა ქვედანაყოფებთან - ქვეითებთან, საინჟინრო დანაყოფებთან, დაზვერვასთან. უკრაინელი სამხედროები ახლა აქტიურად არიან ჩართულები საზღვარგარეთ სასწავლო წვრთნებში.

თანამედროვე საბრძოლო მოქმედებისთვის ასევე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტანკებთან ურთიერთობა, რომლებიც მოქმედებენ ქვეითებთან მჭიდრო კოორდინაციაში. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, იგივე რუსი 1სამხედრო კორესპონდენტების“ კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, კომუნიკაცია საკმაოდ კარგად არის ჩამოყალიბებული, ეს არის უკრაინის არმიის ერთ-ერთი ძლიერი მხარე.

მაგრამ თავად ტანკები, თუნდაც ძალიან ეფექტიანი იყოს, არცერთ ომში არ ასრულებს „ვერცხლის ტყვიის“ ფუნქციას – ეს მხოლოდ იარაღია, რომლის სათანადოდ დაუფლებაც არის საჭირო.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ლეოპარდ-2 - რა შეუძლია ამ საბრძოლო მანქანას და რატომ არის სახიფათო ის რუსეთისთვის - BBC

🔴  ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები მოსკოვის შენობების სახურავებზე - რისი ჩამოგდება შეუძლიათ მათ? - BBC

🔴  რა არის „პეტრიოტი“, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს

🔴  უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2 - აზერბაიჯანის არმიის მთავარი დამრტყმელი ძალა

🔴  საბჭოთა მიზნები საბჭოთა რესურსების გარეშე - რაში სჭირდება რუსეთს სამხედრო რეფორმა უკრაინაში ომის დროს? - BBC