მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა არის „პეტრიოტი“, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს

„პეტრიოტი“

შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინას თანამედროვე ამერიკული სარაკეტო სისტემა „პეტრიოტი“ გადაეცემა, რომლის მეშვეობით უკრაინა რუსულ რაკეტებთან და უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლას უფრო ეფექტიანად შეძლებს. რა არის „პეტრიოტი“, როგორ მუშაობს ის, როგორ დაეხმარება კიევს და გაუფუჭებს ხასიათს მოსკოვს? ამის შესახებ BBC სტატიას აქვეყნებს. 

„პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 2-მილიარდიანი პაკეტის შესახებ განაცხადა. მასში შედის უკრაინისთვის სარაკეტო კომპლექსების, „პეტრიოტების“ მიწოდება. ის უკრაინელ ხალხს და ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას რუსეთის ბარბაროსული თავდასხმებისგან დაიცავს“, - განაცხადეს თეთრ სახლში.

2022 წლის თებერვალში ომის დაწყებიდან უკრაინამ დასავლური წარმოების საკმაოდ ბევრი საჰაერო თავდაცვის სისტემა მიიღო, გადასატანი საზენიტო კომპლექს Stinger-ით დაწყებული, უფრო მოწინავე სარადარო ან სითბური მართვის რაკეტებით დამთავრებული. ყველა მათგანი უზრუნველყოფს მრავალდონიან დაცვას სხვადასხვა საფრთხეებისგან.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის ოფიციალური პირები შეერთებულ შტატებს „პეტრიოტების“ მიწოდებისკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ.

მაგრამ კიევის თხოვნას ვაშინგტონში თავიდან არ უპასუხეს. რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებამდე აშშ უკრაინას ძირითადად ახლო მოქმედების გადასატან საჰაერო თავდაცვის სისტემებს აწვდიდა, ხოლო მძლავრი საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემებზე საუბარი არ იყო.

გარდამტეხი მომენტი მხოლოდ მიმდინარე წლის ოქტომბერში დადგა, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უახლესი გერმანული საზენიტო-სარაკეტო სისტემა IRIS-T მიიღეს. რამდენიმე კვირის შემდეგ, უკრაინას, ასევე, რამდენიმე ამერიკულ-ნორვეგიული კომპლექსი, NASAMS გადაეცა.

დასავლეთში, ასევე, განაცხადეს, რომ უკრაინაში მრავალდონიანი სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნა სურთ, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწოდებულ იარაღს გააერთიანებს და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ჯერჯერობით, ამ სისტემაში არ ყოფილა შორი მოქმედების სისტემები. „პეტრიოტი“ სწორედ ამ ადგილს დაიკავებს.

„პეტრიოტის“ სისტემები ძალიან ეფექტური და, ამასთანავე, ძალიან ძვირია. „პეტრიოტის“ ერთი რაკეტა დაახლოებით 3 მილიონი დოლარი ღირს - ის სამჯერ ძვირია, ვიდრე NASAMS-ის საზენიტო სისტემის რაკეტა.

„პეტრიოტის“ PAK-3-ის უახლეს მოდიფიკაციაში ბატარეას შეუძლია 128 რაკეტის გადატანა (თითოეულ დანადგარში 16). თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა უკრაინა სწორედ ასეთი მოდელის მიღებას.

ვერც ამერიკელი სამხედროები და ვერც ნატოს სხვა ქვეყნების ძალები ვერ შეძლებენ ამ სისტემების ოპერირებას უკრაინის ტერიტორიაზე. ამიტომ, როგორც ეს სხვა დასავლურ იარაღს ეხება, უკრაინელმა სამხედროებმა უნდა ისწავლონ ამ სისტემების გამოყენება - და ეს ტრენინგი უკრაინის ფარგლებს გარეთ ჩატარდება.

ასეთი წვრთნები შესაძლოა, უკვე დაწყებული იყოს, ახლახან აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ იანვრიდან გააფართოვებენ უკრაინის ჯარის მომზადების პროგრამას გერმანიაში.

„პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა ნამდვილად არ არის „ვერცხლის ტყვია“, რომელსაც შეუძლია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ყველა პრობლემის გადაჭრა. ეს მართლაც ძალიან ეფექტური კომპლექსია, მაგრამ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია რამდენიმე გარემოებით.

პირველ რიგში, ის სპეციალიზებულია ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლაზე. ეს არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია სხვა სამიზნეებთან ბრძოლა, მაგრამ უკრაინას ეს ზუსტად ამისთვის დასჭირდება: უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამჟამად არ აქვთ სხვა საშუალებები მსგავს რაკეტებთან საბრძოლველად.

მეორე - კიევს, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი ბატარეა გადაეცემა. ასეთი ბატარეა შეიძლება რვამდე გამშვებს აერთიანებდეს, თუმცა შესაძლებელია, რომ ის ნაკლებიც იყოს. კომპლექსი წარმოადგენს საჰაერო თავდაცვის ერთეულს - აგებულია ერთი რადარის, ერთი სამეთაურო ცენტრის, ერთი ანტენა-ანძის აპარატისა და ერთი ელექტრო გენერატორის გარშემო. „პეტრიოტი“ ერთი საკმაოდ დიდი ობიექტის დაცვას შეძლებს, მაგრამ რამდენიმეს დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენს ამ კომპლექსის უკრაინაში განთავსების სისწრაფეზე: ასეთი სისტემის პერსონალის მომზადება საკმაოდ დიდ ხანს გრძელდება, საუბარია სპეციალისტების, სამეთაურო პერსონალის, ოპერატორების მომზადებაზე და ამას თვეები სჭირდება. და ეს იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში კომპეტენტური და გამოცდილი საჰაერო თავდაცვის ოფიცრების პოვნა რთული არ არის.

ამერიკელი პერსონალი ვერ მიიღებს მონაწილეობას „პეტრიოტების“ მუშაობაში პოლიტიკური მიზეზების გამო: ეს აღიქმებოდა როგორც აშშ-ის მონაწილეობა რუსეთთან ომში. ვაშინგტონს არ სურს მოსკოვთან ურთიერთობების ამ დონეზე გართულება.

თუ „პეტრიოტების“ განლაგება უკრაინაში უახლოეს მომავალში მოხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ პერსონალის მომზადება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

მოსკოვი უკმაყოფილოა

გასაკვირი არ არის, რომ თანამედროვე ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებამ რუსეთში უკმაყოფილება გამოიწვია.

მოსკოვმა „პეტრიოტების“ განლაგების ნებისმიერ გეგმას და უკრაინის ომში აშშ-ის სამხედრო ჩართულობის შემდგომ გაფართოებას პროვოკაცია უწოდა. 

ჯერ კიდევ ნოემბერში, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა საჯაროდ გააფრთხილა დასავლეთი ამ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდების საფრთხეების შესახებ.

„იმ შემთხვევაში, თუ როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო კიეველ ფანატიკოსებს ნატოს პერსონალთან ერთად „პეტრიოტის“ კომპლექსებს მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე“, - თქვა მედვედევმა და იმედი გამოთქვა, რომ „ატლანტიელ იმპოტენტებს ეს ესმით“.

პრეზიდენტ პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ კრემლი ამ მოსაზრებას ეთანხმება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 15 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უკრაინის ჯარისთვის „პეტრიოტების“ გადაცემა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

„ბევრ ექსპერტს, მათ შორის საზღვარგარეთაც, ეჭვი ეპარებოდა ამგვარი ნაბიჯის სისწორეში, რამაც კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვია. ეს საომარ მოქმედებებში ამერიკული არმიის უშუალოდ ჩართვის რისკს ზრდის“, - თქვა მან.

„პეტრიოტის“ბატარეის გაგზავნის გადაწყვეტილება არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ვაშინგტონი მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის დასახმარებლად. აშშ-ის შეშფოთება გაიზარდა ირანის მიერ რუსეთისთვის მოიერიშე დრონების და სხვა შეტევითი შეიარაღების შესაძლო მიწოდების გამო. შედეგად, უკრაინას მიეწოდება უფრო თანამედროვე დასავლური სისტემები, რასაც მოსკოვს აშკარად არ სურდა.

ძნელი სათქმელია, როგორი იქნება „პეტრიოტის“ სისტემების საერთო ეფექტი.

ისინი, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფენ დაცვის დამატებით დონეს, მაგრამ მათი ზომა და ღირებულება ნიშნავს, რომ უკრაინა მათ დიდი რაოდენობით ვერ მიიღებს.

რატომ სჭირდება უკრაინას ასე მაგრად „პეტრიოტი“?

სახელი PATRIOT არის აბრევიატურა. ეს ნიშნავს „ფაზერული დამიზნების რადარი მიზნის აღმოსაჩენად“. (Phased Array Tracking Radar to Intercept on Target).

ამერიკაში „პეტრიოტის“ სისტემის შემუშავება ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო. საბრძოლო პირობებში მისი გამოყენება დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში სპარსეთის ყურეში ომის დროს.

ამ კომპლექსის მთავარი უპირატესობაა საბრძოლო მზადყოფნამდე მიყვანის მაღალი სიჩქარე, რამდენიმე სამიზნეზე ერთდროულად სროლის შესაძლებლობა, მაღალი მანევრირება და რადიოდაბრკოლებების დაძლევის მაღალი შესაძლებლობა.

„პეტრიოტების“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უკრაინისთვის არის არა მხოლოდ თვითმფრინავების ან ფრთოსანი რაკეტების, არამედ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა.

სწორედ ამ ტიპის რაკეტები უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს ყველაზე მეტ საფრთხეს უქმნის, რადგანაც მისი ჩამოგდება თითქმის შეუძლებელია. რაკეტა არ მიფრინავს ფრთოსანი რაკეტის მსგავსად დედამიწის ზედაპირის სიახლოვეს, არამედ სიმალღეზე ადის ბალისტიკური ტრაექტორიით და იქიდან დიდი სიჩქარით თითქმის ვერტიკალურად უტევს სამიზნეს.

ამერიკელი ექსპერტების თქმით, „პეტრიოტის“ უახლეს სისტემას შეუძლია ბალისტიკური რაკეტების განადგურება 20 კმ-ის სიმაღლეზე.

„PATRIOT PAC-3 - უახლესი მოდიფიკაცია - შეუძლია იმუშაოს „ისკანდერების“ (რუსული ბალისტიკური რაკეტები), „კინჟალის“ (ჰიპერბგერითი თვითმფრინავის რაკეტა) და „ცირკონის“ (ჰიპერბგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა) წინააღმდეგ. რაც ჩვენ აქამდე მოგვაწოდეს, მათ შორის ეს საუკეთესო სისტემებია“, - განმარტა BBC News-თან ინტერვიუში უკრაინის გადამდგარმა გენერალმა იგორ რომანენკომ, რომელიც მსახურობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ და საჰაერო თავდაცვაზე პასუხისმგებელი იყო 2006-2010 წწ.

უახლესი მოდიფიკაციის (PAS-3) კიდევ ერთი თვისება ის არის, რომ „პეტრიოტის“ რაკეტა პირდაპირ მიზანს ეჯახება და არ ფეთქდება მის გვერდით.

შეერთებული შტატების გარდა, „პეტრიოტის“ სისტემები რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებაშია. საუბარია გერმანიაზე, შვედეთზე, იაპონიაზე, ქუვეითზე.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ უკვე განაცხადა, რომ „პეტრიოტის“ სისტემები შეიძლება ეფექტურად იყოს ინტეგრირებული ეროვნულ საჰაერო თავდაცვის სისტემაში. სისტემის ღირებულებისა და ეფექტურობის გათვალისწინებით, ის, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება დიდი ქალაქების ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  უკრაინას, შესაძლოა, „ლეოპარდ-2“-ის ტიპის ტანკები გადაეცეს, რა შეუძლია ამ საბრძოლო მანქანას? - BBC

🔴 უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2 - აზერბაიჯანის არმიის მთავარი დამრტყმელი ძალა

🔴 თურქული მინი-დრონი - მფრინავი ტყვიამფრქვევი Songar (ვიდეო)