მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები მოსკოვის შენობების სახურავებზე - რისი ჩამოგდება შეუძლიათ მათ? - BBC

„პანცირი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახურავზე

სოციალურ ქსელებში არაერთი პუბლიკაცია გამოჩნდა მოსკოვისა და მოსკოვის გარეუბანში საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამონტაჟების შესახებ. ინტერნეტში გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები აჩვენებს, რომ ეს შეიარაღება სახლების სახურავებზეც კი განათავსეს. თუ ეს მართალია, მაშინ რისთვის ემზადება რუსეთის დედაქალაქი უკრაინაში შეჭრის მე-11 თვის ბოლოს? ამის შესახებ BBC სტატიას ავრცელებს. 

🎥 მოსკოვში, პუტინის რეზიდენციასთან საჰაერო თავდაცვა დამონტაჟდა - მედია

19 იანვრიდან რუსული სოციალური ქსელები აქვეყნებენ ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც ჩანს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები დამონტაჟებულია მოსკოვის ცენტრში კრემლის მახლობლად მდებარე ზოგიერთი შენობის სახურავზე. კერძოდ, Pantsir-S1 კომპლექსები ფრუნზეს სანაპიროზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობის სახურავზე დააფიქსირეს.

იმავე დღეს გამოჩნდა ვიდეო ტეტერინსკის შესახვევიდან, რომელიც შენობის ერთ-ერთი ზედა სართულიდან არის გადაღებული:  ჩანს სამხედრო ტექნიკა, რომელიც ძალიან ჰგავს „პანცირს“, ასევე, მძიმე ამწე, რომელიც კონტეინერს სახლის სახურავზე აყენებს. ოფიციალური პირები ამ ფაქტს ხან „გეგმურ წვრთნებს,“ ხან „სახურავის შეკეთებას“ უწოდებდნენ.

საჰაერო თავდაცვის სისტემის (სავარაუდოდ, Pantsir-S1) კიდევ ერთი ვიდეო პუტინის რეზიდენციიდან ათი კილომეტრის დაშორებით ნოვო-ოგარიოვოში, გზატკეცილის მახლობლად, ტელეგრამის არხმა Sirena-მ გამოაქვეყნა.

კიდევ რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემა გადაიღეს ახალ მოსკოვში, ოსტაფიევოს ბიზნეს-აეროდრომიდან ორ კილომეტრში, სადაც სამხედროებიც დგანან. მკითხველის თქმით, რომელმაც ვიდეო „სირენას“ რედაქციაში გააგზავნა, სამხედრო ტექნიკა იქ დაახლოებით ერთი თვის წინ გამოჩნდა.

სოციალური ქსელების მომხმარებლები აქვეყნებენ სამხედრო ტექნიკის სხვა სურათებს მოსკოვის სხვადასხვა ნაწილში: ისინი ავრცელებენ ინფორმაციას S-400 სისტემების შესახებ, რომლებიც განლაგებულია ტიმირიაზევის სასოფლო-სამეურნეო აკადემიასთან, ასევე, საჰაერო თავდაცვის ბატარეაზე ლოსინის პარკში.

18 იანვარს, დნეპრში მომხდარი ტრაგედიის კომენტირებისას, სადაც საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების სარაკეტო იერიშს 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მომხდარი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების ბრალია, რაც, მისი თქმით, „საომარი მოქმედებების ყველა კანონის საწინააღმდეგოდ, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის საწინააღმდეგოდ, საცხოვრებელ ადგილებში არის განთავსებული“.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, რომელსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს მოსკოვში საჰაერო თავდაცვის სისტემების დამონტაჟების შესახებ, მედია ტრადიციულად თავდაცვის სამინისტროსთან გადაამისამართა.

თავის მხრივ, არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, არც მოსკოვის მერიას აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია.

BBC ვერ ადასტურებს, რომ მოსკოვში საჰაერო თავდაცვის სისტემების მასობრივი განლაგება ახლახან დაიწყო. სხვა წყაროების ინფორმაციით, „პანცირის“ სისტემები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობის სახურავზე სულ მცირე 2022 წლის დეკემბრიდან დგას. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აეროდრომების და პუტინის რეზიდენციის დაცვაშიც უჩვეულო არაფერია.

რუსული მილიტარისტული რესურსის მომხმარებლები topwar.ru აღნიშნავენ, რომ შეერთებულ შტატებში საჰაერო თავდაცვის სისტემები დამონტაჟებულია თეთრი სახლის მიმდებარე შენობებზე, ხოლო სეულში საზენიტო-სარაკეტო სისტემები სახურავებზე - სავალდებულო ატრიბუტია ჩრდილოეთ კორეის საზღვართან სიახლოვის გამო.

მიუხედავად ამისა, მოსკოვის შემთხვევაში, ქალაქში და მის შემოგარენში საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამოჩენის შესახებ ცნობები ბოლო დღეებში გაჩნდა. უმეტეს შემთხვევაში, მომხმარებლები აცხადებენ „პანცირის" შესახებ, ეს არის კომპლექსი, რომელიც შექმნილია ძირითადად მტრის საფრენი აპარატების შეტევების მოსაგერიებლად, რომლებსაც აქვთ შედარებით დაბალი სიჩქარე.

Pantsir-S1 - დადებითი და უარყოფითი მხარეები

Pantsir-S1 საზენიტო-სარაკეტო-ქვემეხის კომპლექსი შეიქმნა მცირე სამოქალაქო და სამხედრო ობიექტების საჰაერო თავდაცვისთვის. ის ახლო მოქმედების საზენიტო კომპლექსია, რომელიც საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებთან ერთად მასიური საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად იყო შექმნილი.

ეს შედარებით ახალი კომპლექსი შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც მობილური ვერსიით, რომელიც მძიმე სატვირთო მანქანაზეა დამონტაჟებული, ასევე, სტაციონარული ვერსიით. ოფიციალური ინფორმაციით, კომპლექსს შეუძლია ერთდროულად ოთხ საჰაერო სამიზნეზე ცეცხლის გახსნა 20 კმ-მდე დაშორებით და 15 კმ-მდე სიმაღლეზე. სამიზნეების მაქსიმალური სიჩქარეა 1000 მ/წმ, ანუ დაახლოებით 3 MAX, ამტკიცებდნენ კონსტრუქტორები.

მაგრამ, როგორც რეალურ საბრძოლო პირობებში გაირკვა, „პანცირის“ ეს მახასიათებლები ძალზე გადაჭარბებული აღმოჩნდა.

ჯერ კიდევ 2012 წელს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო და ტექნიკურ კონფერენციაზე, მოხსენების ავტორებმა Pantsir-S1 საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის ეფექტურობაზე საუბრისას მისი სერიოზული ნაკლოვანებები აღნიშნეს. კერძოდ, მოხსენებაში ნათქვამია:

✅ სროლის ტესტების რეალურმა შედეგებმა აჩვენა კომპლექსის დაბალი ეფექტურობა იმ სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებიც  2-3 კმ-ის სიმაღლეზე მანევრირების გამოყენებით დაფრინავს

✅ 400 მ/წმ-ზე მეტი სიჩქარით მფრინავ სამიზნეებზე სროლის შესაძლებლობა არ არის დადასტურებული, თუმცა კომპლექსის ტექნიკურ მახასიათებლებში 1000 მ/წმ-ის სიჩქარეა მითითებული

✅ სროლის მაქსიმალური დისტანცია - 20 კმ  შესაძლებელია საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ, რომელთა სიჩქარე 80 მ/წმ-ს არ აღემატება

ანგარიშში მოყვანილია კომპლექსის სხვა ხარვეზებიც, რომლებიც მხოლოდ ამ დარგის სპეციალისტისთვის არის გასაგები.

სირიაში რუსული სამხედრო ოპერაციის აქტიურ ფაზაში „Pantsir-S1“ ხმეიმიმში რუსულ ავიაბაზას იცავდა და არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა.

სამხედრო ექსპერტი, ჟურნალ „სამშობლოს არსენალის“ მთავარი რედაქტორი ვიქტორ მურახოვსკი, საჰაერო თავდაცვის ოფიცრების, სიტყვებს იმეორებს:

„სირიაში აღმოჩნდა, რომ „პანცირი“ მცირე ზომის და დაბალი სიჩქარით მოძრავ სამიზნეებს ვერ ხედავს, რომლებშიც საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები შედის“.

მისი თქმით, „პანცირის“ ეფექტურობა 19%-ს არ აღემატება.

შესაძლოა, ამის შემდეგ კომპლექსს მოდერნიზაცია ჩაუტარდა. 2018 წლის იანვარში  Tor-M2 საზენიტო სარაკეტო სისტემასთან ერთობლივად, Pantsir S1-მა აჩვენა კარგი შედეგები მასიური საჰაერო შეტევის მოგერიებისას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მაშინ „პანცირმა“ მტრის შვიდი დრონი ჩამოაგდო, ხოლო კიდევ ექვსი რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფებმა გაანეიტრალეს.

„Pantsir-S1 საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებს სერიოზული პრობლემები აქვთ ქალაქის პირობებში მუშაობისას. მაღალსართულიანი შენობები მნიშვნელოვნად ამცირებს საფრთხეების აღმოჩენის ეფექტურობას. გარდა ამისა, Pantsir-S1-ის რაკეტებს  აქვთ პრობლემები შენობების არიდების მხრივ, ბელგოროდში ეს კარგად იციან“, - წერს უკრაინელი სამხედრო-პოლიტიკური მიმომხილველი ალექსანდრე კოვალენკო.

ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინასთან ომის დასაწყისისთვის რუსეთის ჯარში 116 ერთეული Pantsir-S1 სისტემა იყო, მათგან მინიმუმ 12 საომარი მოქმედებების დროს განადგურებული იყო. არაოფიციალური მონაცემებით, დანაკარგებმა 30 ერთეულზე მეტ შეადგენს.

რისთვის დააყენეს „პანცირები“ მოსკოვში?

უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან რუსული არმია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დარტყმებს ახორციელებს, ძირითადად საბჭოთა და საკუთარი წარმოების რაკეტებით, ბოლო დროს კი ირანულ დრონებსაც იყენებს. მათი მსხვერპლი ხშირად მშვიდობიანი მოქალაქეები ხდებიან.

რაც შეეხება თავად რუსეთს, თავიდან მხოლოდ მისი სასაზღვრო რეგიონები გრძნობდნენ ომის სიახლოვეს, სადაც დროდადრო ფეთქდებოდა სამხედრო საცავები, ელექტროგადამცემი ხაზები, სარკინიგზო ლიანდაგები და საწვავის ტერმინალები, ჭურვები სახლებსაც ხვდებოდა და ისმოდა საჰაერო თავდაცვის ზალპების ხმა. მაგრამ თანდათან საომარი მოქმედებების გეოგრაფიის გაფართოება დაიწყო.

ოქტომბერში ყირიმის ხიდი ააფეთქეს, რომელიც ანექსირებულ ყირიმს კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს, ხოლო დეკემბრის დასაწყისში იერიშები რიაზანისა და სარატოვის რეგიონებში სამხედრო აეროდრომებზე განხორციელდა. განსაკუთრებული რეზონანსული იყო ენგელსის აეროდრომზე შეტევა - იქ დისლოცირებულია სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავები, რომლებიც  უკრაინაზე სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ.

როგორც მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, „შეტევა საბჭოთა წარმოების რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა“. ტელეგრამ-არხებმა დაადასტურეს, რომ აეროდრომების დასაბომბად საბჭოთა Tu-141 Strizh-ის უპილოტო საფრენი აპარატები შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული.

ენგელსისა და დიაგილევის აეროდრომებზე მომხდარ ინციდენტებზე უკრაინის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა არ აუღია. დეკემბრის ბოლოს სარატოვის რეგიონში ენგელსის აეროდრომზე შეტევა განმეორდა.

„სანამ ომი გრძელდება, რუსეთის ფედერაციის დედაქალაქს საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.

„მომავალში სიტუაცია გაუარესდება. მათ დასჭირდებათ უკრაინის დატოვება. და სანამ რუსეთი არ დატოვებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვში გარკვეული ექსცესების საფრთხე შენარჩუნდება“, - განაცხადა მან.

უკრაინული მხარე არ ასაჯაროებს თავის გეგმებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ე.წ. კამიკაძე-დრონების გამოყენების შესახებ. მაგრამ მოსკოვში საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების ნაჩქარევი დამონტაჟება შეიძლება მიუთითებდეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სერიოზულ პრობლემებზე.

შესაძლებელია, რომ რუსეთის არმიამ, რომელმაც ირანული კამიკაძე დრონები მიიღო, მათი დახმარებით საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემა გამოცადა და საკმაოდ იმედგაცრუებული დარჩა.

სრულიად ნათელია, რომ თუ ირანმა მოახერხა უპილოტო თვითმფრინავების დამზადება, რომლებსაც შეუძლიათ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის „გაჭრა“, მაშინ უკრაინა, თავისი სამხედრო-საკონსტრუქტორო ბაზით, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ამას დანამდვილებით შეძლებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 რა არის „პეტრიოტი“, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს

🔴 რა არის რუსული ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“, რომელიც პუტინმა ატლანტის ოკეანეში გაუშვა? - ვიდეო

🔴 უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2 - აზერბაიჯანის არმიის მთავარი დამრტყმელი ძალა

🔴 თურქული მინი-დრონი - მფრინავი ტყვიამფრქვევი Songar (ვიდეო)

🔴 „ლეოპარდ-2“-ის ტიპის ტანკი - რა შეუძლია ამ საბრძოლო მანქანას? - BBC