მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინას დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება და კონტრშეტევაზე გადასვლა სჭირდება - ვახტანგ კაპანაძე

სამხედრო ექსპერტი

„მივედით იქამდე, რომ უკრაინას უკვე სჭირდება დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება, მალე დაიწყება საუბარი საჰაერო საშუალებებზე, ავიაგამანადგურებლებზე, რომლებიც, ალბათ, გამოჩნდება უკრაინის ცაში“, - ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.

გენშტაბის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ  უკრაინისთვის ახლა ყველაზე ეფექტიანი ბრძოლის ველზე „ლეოპარდის“ ტანკი იქნება. 

მისი თქმით, ის ტანკები, რომლებიც უკრაინამ დახმარების სახით მიიღო, ნაკლებად პრიორიტეტულ მიმართულებებზე არ უნდა გაფანტოს და 2 დარტყმით დაჯგუფებაში უნდა გააერთიანოს.

„გერმანიის და აშშ-ის გადაწყვეტილებები მოსალოდნელი იყო. დადგა მომენტი, როდესაც უკრაინას სჭირდება შეტევითი იარაღი, რათა განახორციელოს კონტრდარტყმა. ამისთვის საჭირო იყო ჯავშანტექნიკა. „აბრამს“ აქვს ძალიან მოწინავე და რთული ელექტრონული სისტემები, დაახლოებით რაც ავიაგამანადგურებელს აქვს. ის მუშაობს საავიაციო საწვავზე.  მას აქვს მინუსებიც - ბევრს წვავს და აალებადი მიდრეკილება აქვს. „ჩელენჯერის“ ტანკს კარგი დაცვის სისტემა აქვს, თუმცა არის მძიმე, ვიდრე „ლეოპარდი“ და ამერიკული ტანკი. ვფიქრობ, ამ ბრძოლაში ყველაზე მისაღები, ეფექტიანი უკრაინისთვის არის „ლეოპარდი“. ითვლება, რომ „ლეოპარდი“ სამ რუსულ ტანკს უდრის.

ტანკი მაინც უნივერსალურ პლატფორმად ითვლება, მას აქვს: დარტყმითი შესაძლებლობა, საცეცხლე, სამანევრო და სადაზვერვო შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ტანკი ასე ცალკე არ უნდა იყოს გამოყოფილი, ტანკი არის კომპლექსური, ტანკს სჭირდება ქვეითი. ქვეითი იცავს ტანკს, ტანკი იცავს ქვეითს, მას სჭირდება საჰაერო თავდაცვა. ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ტანკისთვის არის თანამედროვე ვერტმფრენი. 1 ვერტმფრენს შეუძლია 12 ტანკი გაანადგუროს. ტანკს სჭირდება დაცვა, საცეცხლე მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ არის საჭირო ტანკის და ქვეითთა საბრძოლო მანქანის ერთად მოძრაობა. 

უკრაინაში მიწოდებული შეიარაღებით უნდა შეიქმნას 2 დაჯგუფება, რომელიც შეძლებს კონტრშეტევის განხორციელებას. ძალიან არ მინდა, უკრაინელებმა ეს ძალიან კარგი დახმარება, დაქსაქსონ და გაფანტონ ბახმუტისა და სოლედარის მიმართულების დაცვაზე. ძალიან ძნელია ადამიანი სანგრიდან ამოიყვანო და კონტრშეტევაზე წაიყვანო, რომელიც გადაღლილია, ამიტომ კონტრშეტევას ახორციელებს დასვენებული, მეორე ეშელონი ან რეზერვი, ის ხალხი, რომელიც არის დასვენებული, რომელიც ბრძოლით არ არის გადაღლილი“, - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე. 

გენშტაბის ყოფილი უფროსის განცხადებით, უკრაინას დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება და კონტრშეტევაზე გადასვლა სჭირდება. 

კაპანაძე, ასევე, უკრაინელებს მოუწოდებს, რომ  მეორე თაობის ომში რუსებს არ აჰყვნენ. 

„დასავლეთი არ ელოდა უკრაინის ასეთ მდგრად თავდაცვას და აწვდიდა იმ იარაღს, რომელიც იყო გადასატანი. არავის უნდა, მაღალი ტექნოლოგიის იარაღი მოხვდეს რუსეთის ხელში. 

დღეს მივედით იქამდე, რომ უკრაინას სჭირდება დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება, ანუ მას სჭირდება კონტრშეტევითი შესაძლებლობები. კონტრშეტევითი შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, არის ჯავშანტექნიკა. თუმცა მას სჭირდება ჰაერიდან დაცვა. ამდენად მალე დაიწყება საუბარი ახლო მხარდაჭერის საჰაერო საშუალებებზე, ავიაგამანადგურებლებზე, რომლებიც, ალბათ, გამოჩნდება უკრაინის ცაშიც.

რუსები ირანულ „შაჰედებს“ უკვე იყენებენ ჭკვიანურად. უკრაინას სჭირდება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა. ამასთან, უკრაინელები რუსებს მეორე თაობის ომში არ უნდა აჰყვნენ, ანუ პოზიციურ თავდაცვაზე ბევრი ძალა არ უნდა დახარჯონ“, - დასძინა გენშტაბის ყოფილმა უფროსმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ომის დასრულების შემდეგ უკრაინას სრულიად ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი შეიარაღებული ძალები ეყოლება - ზაზა გოგავა

👉 პოლონეთი უკრაინას Twardy-ის ტიპის 60 ტანკს გაუგზავნის

👉 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს კონტრშეტევა კრემენაიას რაიონში - საბრძოლო რუკა

👉  როგორ დაეხმარება უკრაინას „ლეოპარდები“ და „აბრამსები“ - შეიარაღების ექსპერტის განმარტება

👉„აბრამსები“, „ჩელენჯერები“ და „ლეოპარდები“ - ტანკების უპირატესობები, რომლებსაც უკრაინა მიიღებს