მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინისთვის F16-ის მიწოდების შემთხვევაში, არა მხოლოდ ჰაერში, არამედ ხმელეთზე ყველაფერი შეიცვლება და რუსეთი ადრე თუ გვიან დამარცხდება - გიორგი კობერიძე

 „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსი მკვლევარი

„რუსეთმა ისეთი პრეცედენტი შექმნა, ამას რომ არ უპასუხოს დასავლეთმა აგრესორის სტრატეგიული მარცხით, სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ კონფლიქტების უსაზღვრო მასშტაბს“, - ამის შესახებ „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა და ჯიპას პროფესორმა, გიორგი კობერიძემ „პალიტრას“ ეთერში საუბრისას განაცხადა. 

ცოტნე კობერიძის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებაში თითქმის აღარ არის ისეთი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც უკრაინის ხელთ არსებულ შეიარაღებას გაანადგურებს.

„ლეოპარდი“ ეს არის საკმაოდ სწრაფი ტანკი, რაც ყველაზე მთავარია საკმაოდ ადვილად ასათვისებელი უკრაინელებისთვის. პრაქტიკულად, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ უკრაინელებისთვის ეს არის სწრაფი კონტრშეტევისთვის განკუთვნილი ტანკი. ფრონტის ხაზზე რუსული T-34 არ გამოჩნდება. რუსეთი მობილიზებულებს ძველ ტანკებზე ავარჯიშებს.

„ლეოპარდის“ მიწოდება შეიძლება, იყოს გრძელვადიანი, მაგრამ „ლეოპარდის“ ათვისება შედარებით უფრო მარტივად ხდება. ხოლო „აბრამსის“ შემთხვევაში, ეს იქნება შედარებით ხანგრძლივი პერიოდი იმიტომ, რომ მასთან მიმართებით ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. რუსეთის შეიარაღებაში თითქმის არ გვხვდება ისეთი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც გაანადგურებს ამ ტანკებს“, - აცხადებს ცოტნე კობერიძე. 

ჟურნალისტიკის კითხვაზე, რატომ არ ჩქარობდა დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსმა მკვლევარმა გიორგი კობერიძემ უპასუხა, რომ დასავლეთს იარაღის დაკარგვის ეშინოდა. 

„დასავლეთი იმიტომ არ ჩქარობდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რომ მისი დაკარგვის ეშინოდა. გარდა ამისა, დასავლეთში ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო შიში იმის თაობაზე, რომ თუკი უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღს მაწვდიდნენ, შეიძლება ამას უფრო მძიმე ვითარება გამოეწვია. ამ შემთხვევაში სხვადასხვა სახის იარაღზე მაქვს საუბარი, არა მარტო მასობრივი განადგურების. ამიტომ, ფრთხილობდნენ ასე სწრაფად შოკის მეთოდის გამოყენებას“, - აღნიშნა კობერიძემ. 

„საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსი მკვლევარი, ასევე, აცხადებს,  რომ უკრაინისთვის F16-ის მიწოდების შემთხვევაში, არა მხოლოდ ჰაერში, არამედ ხმელეთზე შეიცვლება ყველაფერი. 

„დღეს უკრაინელებს ჰყავთ მოიერიშე თვითმფრინავები. მოიერიშეების მთელი იდეა არის ის, რომ ქვეითებს გაუწიონ მხარდაჭერა. მრავალფუნქციურ ბომბდამშენებს შეუძლიათ  კოლონების დაბომბვაც კი. უკრაინისთვის F16-ის მიწოდების შემთხვევაში, არა მხოლოდ ჰაერში, არამედ ხმელეთზე შეიცვლება ყველაფერი. ავიაციის სწავლას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ამ პროცესიის განხორციელება შეიძლება დაიწყოს დღეს, თუმცა ავიაციას ვერ ვიხილავთ ივნისი ივლისის ბოლომდე“, - განაცხადა „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა. 

გიორგი კობერიძის განცხადებით, რუსეთის სამხედრო რესურსი ამოწურულია და მან  ჩრდილოეთ კორეისგან მიწოდებული ჭურვების გამოყენებაც კი დაიწყო უკრაინასთან ომში. 

„გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთმა ყველა „წითელი ხაზი გადალახა“ და „წითელი ხაზები“ უბრალოდ აღარ არსებობს, მოლოდინიც აღარ არის, რომ რუსეთმა შეიძლება რაიმე გააკეთოს ისეთი, რაც აქამდე არ გაუკეთებია. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც რესურსი ამოუწურავი აქვს. რუსეთის რესურსი ამოწურულია, განსაკუთრებით ამოწურვადია იმ ფონზე, რომ მან მთელი ფრთოსანი რაკეტები, საარტილერიო რაკეტები, ჭურვები გახარჯა აღმოსავლეთ ფრონტზე დიდწილად წარმატების მისაღწევად. დღეს მსოფლიოში თუკი ვინმეს გამორჩეულად ბევრი საარტილერიო ჭურვი აქვს არის - ჩრდილოეთ კორეა. ჩრდილოეთ კორეისგან მიწოდებული ჭურვების გამოყენებაც  და გახარჯვაც კი დაიწყო რუსეთმა“, - აღნიშნავს გიორგი კობერიძე. 

„საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ თუ დასავლეთმა რუსეთს არ უპასუხა სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ კონფლიქტების უსაზღვრო მასშტაბს.

„რუსეთმა ისეთი პრეცედენტი შექმნა, ამ პრეცედენტს რომ არ უპასუხოს დასავლეთმა აგრესორის სტრატეგიული მარცხით, სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ კონფლიქტების უსაზღვრო მასშტაბს. ევროპის კონტინენტზე ქვეყნის ანექსია, ამის დაუსჯელობა და აგრესორის არდამარცხება, იქნება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში პანდორას ყუთის გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს სტრატეგიული მარცხი დადგება, უბრალოდ, არ არის საუბარი დღეს და ხვალ, თუმცა, რუსეთს სწორედ დროის იმედი აქვს, რომ დასავლეთი ამით დაიღლება“, - აცხადებს კობერიძე. 

გიორგი კობერიძემ რუსეთის მუქარას ატომური ბომბის გამოყენების შესახებ ბლეფი უწოდა.

„ფაქტია, აგრესიულ ომში ატომური ბომბის გამოყენების მუქარა არის ცარიელი ბლეფი და ამ ბლეფის ძალიან ბევრი მაჩვენებელი ვიხილეთ. აგრესიულ ომში ატომური ბომბის გამოყენება იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც თავს იცავს, ეს იქნება მსოფლიო ატომური ომის დასაწყისი და ამაზე წამსვლელი რუსეთი არ არის. თუ იქნება, დიდი ალბათობით, კრემლის ლიდერი ვინც არ უნდა უყოს, ის იქნება პირველი სამიზნე მსოფლიოს მიერ, იმიტომ, რომ ეს პანდორას ყუთი აღარ არის, ეს არის უკვე მსოფლიოს ყოფნა-არყოფნის საკითხი“, - აღნიშნავს გიორგი კობერიძე.

გიორგი კობერიძის განცხადებით, პუტინს სახის გადარჩენის საშუალება მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ ყირიმის საკითხი პოლიტიკური იქნება. 

მისი თქმით, რუსეთი უკრაინასთან ომში ადრე თუ გვიან დამარცხდება.

„ყირიმის საკითხი თუ იქნება პოლიტიკური, ამ შემთხვევაში რუსეთს შეიძლება მიეცეს რაიმე ლავირების საშუალება. თუ ყირიმის საკითხი იქნება სამხედრო და ხანგრძლივი დროით ისევ გაიწელა კონფლიქტი, სადაც რუსეთმა დიდი რაოდენობით სამხედრო ძალების  გამოყვანა კვლავ დაიწყო ისე, რომ არაფერზე კომპრომისული ნაბიჯი არ გადადგა, მაშინ შეიძლება ვიხილო ყირიმზე სამხედრო მოქმედება. ყირიმის სამხედრო გათავისუფლება იქნება რუსეთისათვის იმ მახვილის ჩარჭობა, რომელსაც ამ ეტაპზე რუსეთშიც კი არ ელიან. 

უკრაინელებმა რუსეთის სამხედრო ძალები ბახმუტსა და სოლედარში გამოფიტეს და ეს ძალიან კარგი გათვლა იყო. ბახმუტის დატოვება ჯერჯერობით არ ჩანს. რუსეთი უკრაინასთან ომში ადრე თუ გვიან აუცილებლად დამარცხდება“, - დასძენს „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსი მკვლევარი.   

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 როგორ დაეხმარება უკრაინას „ლეოპარდები“ და „აბრამსები“ - შეიარაღების ექსპერტის განმარტება

👉 თუ შემოდგომამდე ამ კატეგორიის იარაღებით ვერ იქნება მიღწეული სერიოზული წარმატება, მაშინ დაისმება საკითხი, ხომ არ ჯობია დავსხდეთ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან - პაატა ზაქარეიშვილი

👉 ლეოპარდ-2 - რა შეუძლია ამ საბრძოლო მანქანას და რატომ არის სახიფათო ის რუსეთისთვის - BBC

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიწევენ კრემენაიას მახლობლად, ოკუპანტები მიიწევენ ბახმუტის სამხრეთით - საბრძოლო რუკა

👉 რატომ სჭირდებათ ქვეყნებს გერმანიის ნებართვა უკრაინაში „ლეოპარდის“ ტანკების გასაგზავნად?