მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ შემოდგომამდე ამ კატეგორიის იარაღებით ვერ იქნება მიღწეული სერიოზული წარმატება, მაშინ დაისმება საკითხი, ხომ არ ჯობია დავსხდეთ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი

24 იანვარს გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინი დათანხმდა უკრაინისთვის ტანკების, Leopard 2-ის გაგზავნას და მათი რეექსპორტის ნებართვა მისცა სხვა ქვეყნებსაც, რომლებსაც ეს გერმანული ტანკები აქვთ. ამასთან, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ  აშშ განიხილავს კიევისთვის M1-Abrams-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესაძლებლობას.

👉 გერმანიამ უკრაინაში „ლეოპარდების“გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო - Spiegel

მედიის ცნობით, საუბარია მინიმუმ 14 ერთეულ Leopard 2-ზე. უკრაინისთვის გერმანული ტანკების მიწოდებას აპირებს, პოლონეთი, ნიდერლანდი და ესპანეთი, ასევე, იტალია, დანია და ფინეთი.

👉 ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, შესაძლოა, „აბრამსის“ ტიპის ტანკები გადასცეს - WSJ

აღნიშნულ საკითხებთან  დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან კონფლიქტოლოგმა პაატაა ზაქარეიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სამხედრო დახმარებამ ბრძოლის ველზე ვითარება უნდა შეცვალოს. 

ამასთან, ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ 2023 წელი გადამწყვეტი იქნება ბრძოლის ველზე ორივე მხარისთვის. 

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო გერმანიამ. ეს ნიშნავს იმას, რომ არამარტო „ლეოპარდებს“ გადასცემს გერმანია, არამედ სხვა ქვეყნებში სადაც არის ეს გერმანული იარაღი იმათაც მიეცემათ უფლება გადასცენ ტანკები უკრაინას. ის, რომ გერმანიამ მიიღო „ლეოპარდების“ გადაცემის გადაწყვეტილება, ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით უფრო მეტ „ლეოპარდის“ ტანკებს მიიღებს  უკრაინა.

„აბრამსიც“ სწორედ არის ამ კატეგორიის შემტევი მძიმე ტანკები, რომლებიც ახორციელებენ სერიოზულ შეტევით ოპერაციებს, რუსეთს კი ასეთი ტიპის ტანკები არ ჰყავს და, რა თქმა უნდა, ეს იქნება სერიოზული მხარდაჭერა უკრაინისთვის.

ამის შემდეგ უკრაინას შეუძლია განახორციელოს შემტევი ოპერაციები. მას შემდეგ, რაც მიიღებს ყველა ამ იარაღს უკრაინა რასაც ითხოვდა, უკვე  მთელი პასუხისმგებლობა გადადის უკრაინაზე. პირველ რიგში, არ დაკარგოს ეს ტექნიკა და რუსეთის ხელში არ ჩავარდეს, ეს მთავარი ამოცანაა, ამის ეშინია ყველას ვინც უკრაინას იარაღს აძლევს.

მეორე, უკრაინამ ეს იარაღები ეფექტურად უნდა გამოიყენოს, ანუ უნდა განახორციელოს შეტევა და თავის ამოცანები შეასრულოს, შეავიწროოს და განდევნოს რუსეთის ფედერაციის ჯარები  უკრაინის ტერიტორიიდან და ამიტომ მთელი მსოფლიო დაელოდება ეს როგორ მოხდება.

გაზაფხულიდან მოლოდინის რეჟიმი ჩაირთვება. თუ შემოდგომამდე, ამ კატეგორიის იარაღებით ვერ იქნება მიღწეული სერიოზული წარმატება, ანუ ვერ იქნება გადალახული მდინარე დნეპრი, არ იქნება რუსეთის ჯარები შევიწროებული და კიდევ უფრო მეტად შემცირებული მათი ყოფნა უკრაინის ტერიტორიაზე, მაშინ შემოდგომისთვის მსოფლიო დაუწყებს უკრაინას ლაპარაკს რაში და როგორ იყენებს ამ იარაღს, როდესაც წინ წაწევა არ ხდება და ადამიანები იღუპებიან. მთავარი ამოცანა იქნება, რომ უკრაინამ დაადასტუროს, მას ეს იარაღი სჭირდებოდა წარმატების მისაღწევად. თუ წარმატება მიღწეული არ იქნება, მაშინ დაისმება საკითხი, ხომ არ ჯობია დავსხდეთ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან? 

რუსების მთავარი ამოცანაა გაამყარონ პოზიციები, შეტევა კი არ განახორციელონ. მათი მიზანია გაამყარონ პოზიციები სადაც დგანან, რომ დაღალონ მსოფლიო, ამერიკა, ევროკავშირი რათა აგრძნობინონ, აზრი არ აქვს იარაღის მიწოდებას, ხომ ხედავთ ფეხს არ ვიცვლით ადგილიდანო. უკრაინამ უნდა გადაადგმევინოს უკან ფეხი რუსეთს, ეს იქნება მთავარი გამოწვევა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი. 

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ უკრაინა გამარჯვებამდე ომს აპირებს, მაგრამ შეძლებს თუ არა იგი ბოლომდე ომის წარმოებას, სრულადაა დამოკიდებული ამერიკულ და ევროპულ მხარდაჭერაზე.

კითხვაზე გაქვთ განცდა, რომ აშშ და ევროპა უკრაინას იქამდე აღმოუჩენს დახმარებას, ვიდრე რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებენ? კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება დროსა და უკრაინის მოქმედებებზე. 

„თუ  2023 წლის ბოლომდე არ მოხდება სერიოზული გარღვევა უკრაინის მხრიდან და ოქტომბრისთვის თუ იქნება ისეთივე მდგომარეობა როგორიც გვაქვს დღეს, მაშინ ევროკავშირის და ამერიკის ხედვები და გადაწყვეტილებები შეიძლება შეიცვალოს და თქვას რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს. თუ ომის მიმდინარეობა ერთი წელიწადი არ შეიცვალა, ეს არ შეიძლება შეიცვალოს 5 წელიწადი უკვე.

ომს თავისი დინამიკა აქვს. ან ჩერდებიან და ვერ მიდიან წინ, არ ჰყოფნით ძალები, რესურსები, ჯარისკაცები და იარაღი ან ვიღაცა მოძრაობს, უტევს და ვიღაც უკან იხევს. ამ ფონზე თუ წინ ვერ წაიწია, უკრაინა მთელი თვის განმავლობაში სერიოზულად, მაგალითად,  თუ დნეპრი ვერ დაიკავა და ვერ გადავიდა მეორე ნაპირზე, ჩაითვლება, რომ ვერ მიაღწია წარმატებას, მაშინ უკვე დიპლომატია ჩაერთვება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე საშინელი ომიც კი მთავრდება მოლაპარაკებით, ან კაპიტულაციით, რომელიმე მხარე აღიარებს დამარცხებას და იღებს მოწინააღმდეგე მხარის  პირობებს ან ხდება მოლაპარაკებები, ანუ მხარეები იყოფენ რაღაცას. ეს წელს უნდა გადაწყდეს. წლევანდელ წელს გაირკვევა ომი რა ფორმით სრულდება - ცეცხლის შეწყვეტით და მოლაპარაკებით თუ  რუსეთის კაპიტულაციით. კაპიტულაციაში ვგულისხმობ იმას, რომ  რუსეთი განდევნილი იქნება უკრაინის ტერიტორიიდან, მათ შორის, ყირიმიდანაც“, - დასძენს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ლეოპარდ-2“-ის ტიპის ტანკი - რა შეუძლია ამ საბრძოლო მანქანას? - BBC

👉 რატომ სჭირდებათ ქვეყნებს გერმანიის ნებართვა უკრაინაში „ლეოპარდის“ ტანკების გასაგზავნად?

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან სვატოვოსკენ მიმავალ გზაზე, ხოლო ოკუპანტები ცდილობენ წინსვლას ბახმუტში - საბრძოლო რუკები

👉 დასავლელი მოკავშირეები მოუწოდებენ უკრაინას, უარი თქვას ბახმუტში სასტიკ ბრძოლებზე და ყურადღება გაამახვილოს სამხრეთით შეტევაზე - CNN