მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დიდია გადადების სისწრაფე, გადამდებლობით მხოლოდ წითელას ჩამოუვარდება“ - ჩხაიძე კორონავირუსის მე-5 ვარიანტზე

ომიკრონი BA.4 BA.5
1657098562
COVID-19

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის ახალი ვარიანტის და არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ ისაუბრა. 

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, ორი კვირის წინანდელ სტატისტიკასთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი.

მისი თქმით, მათ მოუწევთ ყოველდღიურ სტატისტიკაზე გადასვლა და არა ყოველკვირეულზე.

ივანე ჩხაიძე შემოდგომაზე ცუნამის მსგავს ახალ ტალღას არ გამორიცხავს. 

„მდგომარეობა შეიცვალა, მივდივართ მატებისკენ. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა და 5-ჯერ არის მომატებული შემთხვევების რაოდენობა. ხუთჯერადი მატება ძალიან ბევრია და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ყველა კვირას  გაორმაგდება შემთხვევის რაოდენობა. პირველ რიგში, მოგვიწევს გადასვლა ყოველდღიურ სტატისტიკაზე და არა ყოველ კვირეულზე, ვინაიდან ეს მაჩვენებელი არის მართლაც საგანგაშო. 

შემოდგომაზე პიკის მოლოდინი რეალურად არსებობს. კონკრეტული თვეც არის დასახელებული - ოქტომბერი. ტერმინიც არის გამოყენებული, რომელიც ამ მოლოდინის სიმძაფრეს ასახავს, რომ შემოდგომაზე მოგველის კორონავირუსის ახალი ტალღა „ცუნამის“ მსგავსი. ეს ხატოვანი გამოთქმაა, მაგრამ რეალურ მოლოდინს ასახავს. ჩვენ ველოდებით, რომ შემოდგომაზე შემთხვევების მატება იქნება. ამ პროგნოზის საშუალებას კორონავირუსის ახალი ვარიანტები გვაძლევს, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად გადამდები არიან“, - ამბობს ივანე ჩხაიძე. 

ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ  მზარდი სტატისტიკის ფონზე საავადმყოფოში მიმართვიანობა მოიმატებს. 

ამასთან, მისივე თქმით, ახალი ვარიანტი გადამდებლობით BA.5 მხოლოდ წითელას ჩამოუვარდება.

მისი განმარტებით, ქვეშტამები 2-ჯერ მეტად აინფიცირებენ ბავშვებს. 

„რეინფიცირების თვალსაზრისით „ომიკრონი“ არის სრულიად უნიკალური ყველა სხვა მუტაციებს შორის. „ომიკრონის“ ქვემუტაციებს შორის ყველაზე მეტად გამორჩეული არის - BA.5.  მეხუთე ვარიანტი გადამდებლობით ჩამოუვარდება მხოლოდ წითელას. ძალიან დიდია მისი გავრცელების, გადადების სისწრაფე. ახალი მუტაციის რეპროდუქციული ინდექსი 20-ჯერ მეტია ვიდრე პირველი და მეორე ვარიანტის. მეხუთე ვარიანტით ინფიცირებული 1 ადამიანი  10-დან 12 ადამიანს აინფიცირებს. ჩვენთან  ძირითადად ცირკულირებს „ომიკრონის“ მე-4 და მე-5 ვარიანტი. 

შემთხვევათა მატების კვალდაკვალ მოიმატებს აუცილებლად  საავადმყოფოში მიმართვიანობა. ძირითადი რეკომენდაცია არის უცვლელი: ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ჰიგიენა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის მაქსიმალურად არიდება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში და რაც მთავარია, ვაქცინაცია.

ჯერჯერობით, პირბადის ტარების ვალდებულებას საკოორდინაციო და იმუნიზაციის საბჭო სავარაუდოდ, არ გამოაცხადებს, რადგან ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ თუ ინფიცირების გაორმაგების ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლებელია მომდევნო კვირების განმავლობაში ეს საკითხი იმუნიზაციის საბჭოზე განხილული იყოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ შემდეგი კვირის მონაცემები სტაბილური გახდეს, თუმცა თუ შემთხვევათა მატება ამ ტემპით გაგრძელდება, ალბათ, უახლოეს მომავალში შესაძლებელია დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობის საკითხი განხილული იყოს.

მესამე დამატებითი ბუსტერ დოზის გაკეთება ახლა არის იდეალური გამოსავალი მათთვის, ვისაც 2 დოზა აქვს გაკეთებული. ახლა აუცილებელია ვაქცინაცია. ყველა ახალი მუტაცია ზრდის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში ბავშვების ხვედრის წილს. 2-ჯერ და მეტჯერ აინფიცირებს „ომიკრონი“ ბავშვებს ორიგინალ ჩინურ ვარიანტთან შედარებით“, - აცხადებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „რეინფიცირების რისკი BA.5 და BA.4 ვარიანტების დროს ძალიან მაღალია“ - ივანე ჩხაიძე

👉 „გლობალურად ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“, - ალექსანდრე გოგინავა

👉 გამოკითხვა - უნდა ამოქმედდეს თუ არა კოვიდშეზღუდვები?

👉„BA.5 და BA.4 გვერდს უვლის უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“ - ალექსანდრე გოგინავა

👉 „ანტისხეულებს კორონავირუსის ახალი ვარიანტი BA.5 გვერდს უვლის“ - ზაზა წერეთელი