მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის ფარული ზამთრის ტალღა - BBC

პირბადიანი ქალი
1673436143
COVID-19

2022 წლის ოქტომბრის ბოლოს ეპიდემიოლოგებმა და ინფექციონისტებმა საკმაოდ საგანგაშო ტენდენცია დააფიქსირეს. ამის შესახებ BBC სტატიას აქვეყნებს. 

როგორც ეპიდემიოლოგმა ადამ კუჩარსკიმ Twitter-ზე დაწერა, Covid 19-ის ახალი ტალღა იყო მოსალოდნელი, მაგრამ ის თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. Covid 19-ის სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის საგანგაშო ტალღები, რომლებსაც ყველანი 2020 და 2021 წლებში ვაკვირდებოდით, შეიცვალა ყოველდღიური სიკვდილიანობის უფრო მზაკვრული სტატისტიკით.

„აი, მაგალითად, 2022 წლის 21 დეკემბრის მაჩვენებელი - ინგლისში კოვიდ-19-ით 133 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი შეხედვით ეს არის მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება შეუმჩნეველი ჩანდეს 2020 წელთან შედარებით, როდესაც ვირუსისგან ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპებოდა, - ამბობს ეპიდემიოლოგი ადამ კუჩარსკი.

მაგრამ, როგორც კუჩარსკი აღნიშნავს, ამ მაჩვენებელმა საკმაოდ მალე შეიძლება საგანგაშოს მიაღწიოს.

მთელი 2022 წლის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინგლისში 46,099 ადამიანი გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2020 წელს ან 2021 წლის სტატისტიკის გამეორება, როდესაც 75,240 და 74,558 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ მაინც იმაზე მეტია, ვიდრე საზოგადოებას ეგონა. გრიპის განსაკუთრებით მძიმე სეზონის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 30 000 ადამიანი იღუპება გრიპითა და პნევმონიით.

ეპიდემიოლოგი კუჩარსკი ამბობს, რომ ეს, ერთი შეხედვით, სიკვდილიანობის მცირე მაჩვენებელი, წლის განმავლობაში საგანგაშო ციფრს აჩვენებს, რაც მეცნიერებს აშკარად გამორჩათ.

„ჩვენ მსგავსი რამე 2021 წელს, Delta-ს ვარიანტთან დაკავშირებით ვიხილეთ. ეს არ იყო რაღაცა ნახტომისებური პიკი, მაგრამ ის სხვა ტალღებზე ბევრად უფრო დიდ ხანს გაგრძელდა, ამიტომ ჰოსპიტალიზაციის საერთო რაოდენობა 2020 წლის მსგავსი იყო. უბრალოდ ის უფრო ხანგრძლივ დროზე იყო გადანაწილებული“, - ამბობს კუჩარსკი.

იგივე ტენდენცია შეინიშნება შეერთებულ შტატებში, სადაც ყოველ კვირას  Covid 19-ით 2000-იდან 3000-მდე ამერიკელი კვლავ იღუპება.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი უილიამ ჰენეჯი ამბობს, რომ მან მისწერა მსხვილ მედია ორგანიზაციებს, რომ ამჟამინდელი ყოველკვირეულ დაღუპულთა რიცხვი მთელი წლის განმავლობაში რომ დავითვალოთ, ეს გრიპის სამი განსაკუთრებით მძიმე სეზონის ტოლი იქნება. მაგრამ მსგავსი რამე მედიას უკვე ისე აღარ აინტერესებს.

„ეს საკმაოდ საგანგაშო სტატისტიკაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილი გახდა“, - ამბობს ჰენეჯი.

2022 წლის იანვრიდან ნოემბრამდე ვირუსით 248 000-ზე მეტი ამერიკელი გარდაიცვალა. როგორ მივეჩვიეთ ყველანი ამ ციფრებს, თითქოს ახლა ასეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლები ჩვეულებრივი მოვლენაა.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი დენის ნეში ამბობს, რომ ბოლო დროს ადამიანები ყურადღებას მხოლოდ დიდ აფეთქებებს აქცევენ.

„თუ შევისწავლით სიტუაციას და დავინახავთ, თუ რამდენიმე ადამიანი იღუპება დღესაც კორონავირუსისგან, მივხვდებით, რომ სიტუაცია კვლავაც საკმაოდ საგანგაშოა“, - ამბობს ნეში.

მისი თქმით, სამთავრობო ვებ-საიტებით საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი ჯერ კიდევ იღუპება Covid 19-ით. ექსპერტი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემამ 2022 წელს ამ მხრივ სათანადო კვლევები არ ჩაატარა და, შესაბამისად, ზუსტი სურათის ნახვა შეუძლებელი იქნება. ტენესის ენშვილის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის პროფესორი უილიამ შაფნერის თქმით, ძირითადი რისკჯგუფი კვლავ მოხუცები და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები არიან.

ექიმების დიდი ნაწილი ამბობს, რომ სერიოზულ პრობლემას ბუსტერ-ვაქცინების გამოყენების დაბალი დონე წარმოადგენს. დიდ ბრიტანეთში 50 წელზე უფროს ადამიანებს შორის ვაქცინის ბუსტერდოზის მიღება 26 მილიონიდან მხოლოდ ნახევარმა გადაწყვიტა. აშშ-ში 65 წელზე უფროს მოსახლეობაში ბუსტერული დონა მხოლოდ 29,6%-მა მიიღო.

ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ მოხუცთა თავშესაფრებში მყოფ ადამიანებს ვაქცინაციის შედეგ იმუნიტეტი უკვე 3 თვის შემდეგ უქვეითდებათ. ჯანმრთელ ადამიანებს ვაქცინაციის ან ვირუსის გადატანის შედეგად მიღებული იმუნიტეტი ბევრად უფრო დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნდებათ.

„მთავრობამ და შესაბამისმა სტრუქტურებმა ვაქცინაციის საკითხს მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ. მაგრამ პოლიტიკური უყურადღებობის და პანდემიისგან დაღლილობის გამო დღევანდელი სიტუაცია შეიქმნა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისე გარდაიცვალნენ, რომ არც კი იცოდნენ ბუსტერ-ვაქცინის აუცილებლობის შესახებ. ამ ბუსტერებს კი მათი სიცოცხლის გადარჩება შეეძლოთ“, - ამბობს ეპიდემიოლოგი უილიამ ჰენეჯი.

ბერნის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ემა ჰოდკროფტი ამბობს, რომ შვეიცარიამ ბუსტერ-დოზები 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანს შესთავაზა და რომ ეს პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც უნდა იყოს გამოყენებული.

ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ახალგაზრდა ადამიანებისთვის კორონავირუსი შეიძლება სასიკვდილო არ იყოს, მაგრამ მათგან შეიძლება რისკჯგუფში შემავალი პირები ინფიცირდნენ, ხოლო ვაქცინა ამის შანსს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

2022 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი, XBB 1.5 აღმოაჩინეს, რომელსაც „ომიკრონის შვილთაშვილი“ დაარქვეს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს შტამი მაშინ გაჩნდა, როდესაც ომიკრონის ორი ქვეშტამით ერთი ადამიანი ინფიცირდა და მათ გენები შეეცვალათ, რამაც კიდევ უფრო გადამდები შტამი შექმნა.

👉 კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის?

2023 წლის იანვრისთვის XBB 1.5 28 ქვეყანაში გავრცელდა და ამჟამად აშშ-ში ყველა შემთხვევების 28%-ს შეადგენს. კორონავირუსის ახალი ვარიანტი იმაზე საშიში არ არის, ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ მეცნიერები მის უსწრაფესი გავრცელებით სერიოზულად არიან შეშფოთებულები.

პაქსლოვიდის მსგავსი პრეპარატების გამოყენების მხრივაც მრავალი სირთულე შეიქმნა. ითვლება, რომ ეს პრეპარატი სიკვდილიანობას ამცირებს. დიდმა ბრიტანეთმა პაქსლოვიდის 4,98 მლნ დოზა შეიძინა, მაგრამ მისი მხოლოდ მცირე ნაწილია გამოყენებული. აშშ-ში კი გაჩნდა შეკითხვები, იყო თუ არა პაქსლოვიდი იმ კატეგორიის ადამიანებში გამოყენებული, ვისაც ის განსაკუთრებით სჭირდებოდა.

„ექიმებს სულაც არ მიაჩნიათ, რომ ანტივირუსული პრეპარატი ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს და ეს სწორია. ეს წამლები მოხუცებისთვის უნდა გამოიყენებოდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პირები ვაქცინირებულები და რევაქცინირებულები იყვნენ. სწორედ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდნენ. ასევე ის პირები, ვისაც სხვა ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ“, - ამბობს ნეში.  

ამასთანავე, სპეციალისტის თქმით, ამ კატეგორიის ადამიანებში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაშიც კი იმუნიტეტი დიდი ხნის განმავლობაში არ ნარჩუნდება და ის ძალზე სწრაფად იკლებს, რაც ინფიცირების რისკს ზრდის. ასევე, საეჭვოა ამ პრეპარატების ეფექტიანობა ვირუსის ახალი ვარიანტების მიმართაც. 

სერიოზული პოლემიკა გაიმართა მონოკლინური ანტისხეულების შემცველი პრეპარატების გამოყენების ეფექტურობის საკითხზე. ასეთი პრეპარატების შეძენაში მილიონობით აშშ დოლარი დაიხარჯა, მაგრამ, მათი მიღების შემდეგ შედეგი ბევრ ეჭვს იწვევს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მოსახლეობამ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები კვლავ უნდა გამოიყენოს, პირველ რიგში საუბარია პირბადეებზე. ასევე, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს დახურულ სივრცეში ვენტილაციის გაუმჯობესებას, რაც დიდ შენობებში განსაკუთრებით პრობლემური საკითხია. 

„სიტუაცია უკეთესია, ვიდრე 2 წლის წინ, მაგრამ ყველგან არა. მხოლოდ მონიტორინგის გაგრძელებით შეიძლება ზუსტი სურათის შექმნა და, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებების გატარება“, - ამბობს  ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი ემა ჰოდკროფტი.

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ არ შეძლება ადამიანები ზედმეტად თავდაჯერებულები იყვნენ, რადგანაც ამ შემთხვევაში სიტუაციის გაუარესებას ჩვენ მოუმზადებლები შევხვდებით. იმის გამო, რომ სულ უფრო მეტი ახალი შტამი ჩნდება, რთულია მაშინვე დადგენა რამდენად საშიშია ვირუსის ესა თუ ის ვარიანტი. შესაბამისად, ძნელია ახალი ტალღის შესაძლებლობის დადგენაც. ამიტომ მუდმივი მონიტორინგი არსებულ სიტუაციაზე უაღრესად მნიშვნელოვანია.

ამასთანავე სპეციალისტების მეორე ნაწილი ამბობს, რომ Covid 19-თან დაკავშირებით პრაგმატული მიდგომაა აუცილებელი. მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს შეზღუდული რესურსები გააჩნიათ. ბუნებრივია, ვაქცინის ან სხვა პრეპარატის დროული გამოყენების შემთხვევაში ლეტალური შედეგის თავიდან აცილებაა შესაძლებელი, მაგრამ იმავეს თქმა შეიძლება გულის დაავადებებზე, მენინგიტზე ან ქრონიკულ დაავადებებზე.

„სიტუაცია იდეალური არასოდეს იქნება. მისი გამოსწორება და ოდნავ გაუმჯობესება, ბუნებრივია, შესაძლებელია, მაგრამ ეს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებზეც არის დამოკიდებული. 30 წლის წინ რადიკალურად რომ გვემოქმედა ადამიანების მიერ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით, ახლა ამდენი ონკოლოგიური დაავადება, ან გულის პრობლემები არ გვექნებოდა. ასე რომ ამ საკითხს  რეალისტურად უნდა მივუდგეთ“,  - ამბობს ემა ჰოდკროფტი. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📣 კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის?

📣 კრაკენი, იგივე XBB.1.5 - რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ ქვევარიანტზე და რამდენად საშიშია იგი?

📣 „ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ XBB.1.5 ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს“ - ზაზა წერეთელი ომიკრონის ქვეშტამზე

📣 მცდარია მოსაზრება, რომ ჩუტყვავილას დროს ბანაობა არ შეიძლება, პირიქით, უნდა დაიბანოს ხშირად ბავშვი  - თემურ მიქელაძე