მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის?

კორონავირუსის ახალი ვარიანტი კრაკენი, იგივე XBB.1.5
1673018515
COVID-19

კრაკენი  (XBB.1.5) - კოვიდის ახალი ვარიანტი, რომელმაც აშშ-ში დიდი ხმაური გამოიწვია და რომელიც  სწრაფად ვრცელდება. რამდენიმე შემთხვევა უკვე დიდ ბრიტანეთშიც დაფიქსირდა. რა უნდა ვიცოდეთ XBB.1.5-ის (კრაკენის) შესახებ, ამაზე სტატიას BBC ავრცელებს. 

რა არის ХВВ.1.5 - იგივე კრაკენი?

ეს არის ომიკრონ კორონავირუსის ვარიანტის კიდევ ერთი სახეობა, რომელიც ამჟამად დომინანტურია მთელ მსოფლიოში. ის 2021 წლის ბოლოს გამოჩნდა და ვირუსის ადრინდელი მუტაციები - ალფა, ბეტა და დელტა ჩაანაცვლა.

ომიკრონმა მრავალი ქვევარიანტი გააჩინა, რომლებიც ორიგინალზე უფრო მეტად გადამდებია.

იკრაკენის, იგივე XBB.1.5-ის სიმპტომები ომიკრონის წინა ვერსიების სიმპტომების მსგავსია, მაგრამ ჯერ ადრეა დაზუსტებით ამაზე საუბარი. სიმპტომები ძირითადად გაციების მსგავსია.

არის თუ არა კრაკენი (XBB.1.5) უფრო გადამდები ან საშიში, ვიდრე წინა ვარიანტები?

თავად კრაკენი (XBB.1.5) წარმოიშვა XBB-იდან, რომელმაც ბრიტანეთში გავრცელება 2022 წლის სექტემბერში დაიწყო, მაგრამ ჯანდაცვის ორგანოებმა ვერ იპოვეს საკმარისი მიზეზი, რომ ის კლასიფიცირებული ყოფილიყო როგორც „შემაშფოთებელი“.

XBB-ს მუტაცია გააჩნდა, რომელიც მას ორგანიზმის იმუნური დაცვის „გარღვევის“ შესაძლებლობას აძლევდა, მაგრამ ზუსტად იგივე მუტაციამ ადამიანის უჯრედებში ვირუსის შეღწევის უნარი შეამცირა.

ლონდონის იმპერიული კოლეჯის პროფესორი ენდი ბარკლი ამბობს, რომ XBB.1.5-ს აქვს მუტაცია, რომელიც ცნობილია გენეტიკოსებისთვის, როგორც F486P. ის აღადგენს ვირუსის შესაძლებლობას შეაღწიოს უჯრედებში ისე, რომ არ დაკარგოს ჩვენი იმუნური სისტემისგან დამალვის უნარი. ეს კი ვირუსის გავრცელებას აადვილებს.

ბარკლის თქმით, ვირუსის გენომის ეს ცვლილებები შეიძლება შევადაროთ ევოლუციური კიბის საფეხურებს: განვითარებისას  ვირუსი პოულობს ახალ გზებს დამცავი მექანიზმების გვერდის ასავლელად.

სენგერის ინსტიტუტში, გენეტიკოსები ყოველ კვირას  ვირუსული გენომის სულ მცირე 5000 ნიმუშის გაშიფვრას ახორციელებენ, რათა ახალი ვარიანტების გაჩენა არ გამორჩეთ.

ინსტიტუტის თანამშრომლის ევენ ჰარისონის თქმით, დიდი ალბათობით კრაკენი (XBB.1.5) გაჩნდა ომიკრონის ორი განსხვავებული ვერსიით ერთ-ერთი პაციენტის ერთდროულად ინფიცირების შედეგად.

„ერთი ვირუსის გენომის ნაწილი გაერთიანდა მეორის ფრაგმენტთან და შემდეგ დაიწყო ამ ფორმით გავრცელება“, - განმარტავს ის.

4 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაადასტურა, რომ ზრდისა და გავრცელების თვალსაზრისით, კრაკენის ვარიანტს უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, ვიდრე მეცნიერებისთვის აქამდე ცნობილ სხვა ვირუსული ვარიანტებს.

ამავდროულად, ჯანმო ხაზს უსვამს, რომ არ არსებობს მიზეზი, რომ ეს ქვევარიანტი უფრო სერიოზულად ან საზიანოდ ჩაითვალოს, ვიდრე ჩვეულებრივი ომიკრონი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ისინი ყურადღებით დააკვირდებიან ლაბორატორიულ ტესტებს, საავადმყოფოების მონაცემებს და XBB.1.5 ინფიცირების სტატისტიკას, რათა უკეთ გაიგონ, თუ რა გავლენას ახდენს ეს ინფექცია ავადმყოფებზე.

სად ვრცელდება კრაკენი - XBB.1.5?

ექსპერტების გაანგარიშებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსული ინფექციების 40%-ზე მეტი გამოწვეულია XBB.1.5-ით, რაც მას დომინანტურ ვარიანტად აქცევს.

დეკემბრის დასაწყისში ის ინფექციების საერთო რაოდენობის მხოლოდ 4%-ს შეადგენდა, ანუ კრაკენმმა სწრაფად გადაუსწრო ომიკრონის წინა ვერსიებს.

ბოლო კვირების განმავლობაში, შეერთებულ შტატებში კოვიდ-19 ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციის რაოდენობამ ზრდა დაიწყო და ქვეყნის ხელისუფლებამ კვლავ დააბრუნა ვირუსის უფასო ტესტირების პროგრამა.

შეიძლება თუ არა კრაკენის აფეთქება მოხდეს დიდ ბრიტანეთში?

დარწმუნებით ამის თქმა რთულია, მაგრამ ასეთი პერსპექტივა შესაძლებელია. დიდმა ბრიტანეთმა 2022 წელს ომიკრონის ხუთი ტალღა გადაიტანა და მსგავსი ტალღები  მომავალშიც გარდაუვალია.

სენგერის ინსტიტუტის ინფორმაციით, 17 დეკემბრის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ინფიცირების 25-იდან მხოლოდ ერთი იყო კრაკენის ვარიანტი.

თუმცა, იმ დროისთვის ახალი ქვესახეობის მხოლოდ ცხრა ვარიანტი იყო იდენტიფიცირებული, ამიტომ უფრო დეტალური სურათი არ არსებობს. მომავალ კვირას დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო გეგმავს გამოაქვეყნოს მოხსენება დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტების გავრცელების შესახებ.

„თუ ახალი ვარიანტი გავრცელდება დიდ ბრიტანეთში, როგორც ეს ხდება აშშ-ში, ექიმები იმ შემთხვევების ზრდისთვის უნდა მოემზადონ, როდესაც პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ“, - განაცხადა პროფესორმა ბარკლიმ.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ  „ტვინდემიასთან“ დაკავშირებით მათი შიში, როდესაც არსებობს - კოვიდისა და გრიპის ერთდროული ეპიდემია - გამართლდა. ორივე ვირუსი ზეწოლას ახდენს ისედაც გადატვირთულ საავადმყოფოებსა და კლინიკებზე.

არიან თუ არა მეცნიერები კრაკენის გამო შეშფოთებულები?

პროფესორი ბარკლი არ არის განსაკუთრებულად შეშფოთებული დიდ ბრიტანეთში ვირუსის ახალი ქვევარიანტის გავრცელებით, რადგანაც ის ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ XBB.1.5 მძიმე დაავადებისგან დაცვას გაარღვევს, რასაც ვაქცინები უზრუნველყოფენ.

შეშფოთებას იწვევს გაურკვევლობა, თუ რა გავლენას ახდენს კრაკენი სხვადასხვა რისკ-ჯგუფის ადამიანებზე - მათ შორის სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებზე, რომლებსაც ვაქცინები ნაკლებად ეხმარებათ.

პროფესორი ჰანტერი, ასევე, ვერ ხედავს იმის მტკიცებულებას, რომ XBB.1.5 შეიძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე ომიკრონის სხვა ვარიანტები. შესაბამისად, ამჟამინდელ ვარიანტს პაციენტის სტაციონარში მოთავსების ან მოკვლის სხვაზე მეტი შანსი არ აქვს.

„სასაცილო ის არის, რომ ყველა აკვირდება ახალი ვარიანტების შესაძლო გაჩენას ჩინეთში, კრაკენი კი აშშ-ში გამოჩნდა“, - აღნიშნავს ის.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორი დევიდ ჰეიმანი აღიარებს, რომ ახალი ვარიანტის შესახებ ჯერ კიდევ ბევრია შესასწავლი. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის სერიოზულ პრობლემებს ისეთ ქვეყნებში გამოიწვევს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, რომელსაც აქვთ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლები და ინფექციებთან წინა ბრძოლის გამოცდილება.

მეცნიერებს ნამდვილად აწუხებს ჩინეთი, სადაც ვაქცინაზე მოთხოვნა შემცირდა ხანგრძლივი ლოკდაუნების გამო, ხოლო ვირუსის მიმართ იმუნიტეტი მოსახლეობის უმრავლესობაში საკმაოდ დაბალ დონეზეა.

„ჩინეთს სჭირდება კლინიკური ინფორმაციის გაზიარება ინფიცირებულთა შესახებ, რათა გამოჩნდეს, თუ როგორ იქცევა ეს ვარიანტი არავაქცინირებულ მოსახლეობაში“, - ამბობს პროფესორი ჰეიმანი.

📣 კრაკენი, იგივე XBB.1.5 - რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ ქვევარიანტზე და რამდენად საშიშია იგი?

📣 „ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ XBB.1.5 ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს“ - ზაზა წერეთელი ომიკრონის ქვეშტამზე

📣 მცდარია მოსაზრება, რომ ჩუტყვავილას დროს ბანაობა არ შეიძლება, პირიქით, უნდა დაიბანოს ხშირად ბავშვი  - თემურ მიქელაძე