მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არის საგანგაშო კორონავირუსი ჭარბწონიანებისთვის? - ექსპერტების განმარტება

კორონავირუსი და ჭარბი წონა
1642092547
COVID-19

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, კორონავირუსი ადამიანის ცხიმის უჯრედებში აღწევს. ეს კვლევა ხსნის, თუ რატომ გადააქვთ ჭარბწონიან ადამიანებს კორონავირუსი მძიმედ და რატომ გრძელდება კოვიდ-19 ჭარბწონიანები ხანგრძლივად. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ის, რომ ჭარბწონიანებს კორონავირუსი უფრო მძიმედ გადააქვთ, სიახლე არ არის. ეს, ერთი მხრივ, მათი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასთან არის დაკავშირებული, რაც ბევრ თანამდევ დაავადებას იწვევს. თუმცა ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, ახალი კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსი ცხიმის უჯრედებში აღწევს და მათ აზიანებს. დაავადების მძიმე ფორმის დროს კი იქ ანთებითი პროცესები იწყება.

„ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ცხიმის უჯრედებში ინფექცია და ამით გამოწვეული ანთებითი რეაქცია შეიძლება იმის ერთ-ერთი მიზეზი იყოს,  რის გამოც ჭარბწონიანი ადამიანები SARS-CoV-2-ით ინფიცირების დროს ასე ცუდად გრძნობენ თავს“, - ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის პროფესორი კეტრინ ბლიში.

ის, რომ ვირუსი ცხიმის უჯრედებში აღწევს, ადრეც იყო ცნობილი. ეს გრიპის ვირუსის შემთხვევაშიც არის ცნობილი. მასაც ძალზე „უყვარდა“ ცხიმოვან ქსოვილებში ჩანერგვა.

SARS CoV-2 ცხიმის უჯრედებში შესაღწევად ACE2 რეცეპტორებს იყენებს. მათი რაოდენობა ცხიმოვან უჯრედებში მეტია, ვიდრე სხვა უჯრედებში, მაგალითად, ფილტვებში.

ბლიშმა და მისმა გუნდმა კორონავირუსისგან გარდაცვლილი ადამიანების ცხიმის უჯრედები დეტალურად შეისწავლეს და დაადგინეს, რომ კორონავირუსი ამ უჯრედებს როგორც რეზერვუარს ისე იყენებს და იქ იმალება, რითაც იმუნურ სისტემას ატყუებს.

ხანგრძლივი კოვიდი და მისი მაღალი რისკი

ცხიმი ადამიანის ორგანიზმში მხოლოდ ცხიმის გროვები არ არის.  შიდა ორგანოები ფაქტობრივად, ცხიმის გარსშია. ამიტომ ცხიმის უჯრედების ინფიცირებას ანთების მთელი კასკადი შეიძლება მოჰყვეს. შემდეგ კი ვირუსი ამ ორგანოებზეც გადადის და ეს პროცესი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება.

იმის გამო, რომ ასეთი გზით ვირუსი ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზეც გადადის, იზრდება იმის რისკი, რომ პაციენტს ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენიმე თვეშიც დაუდგინდეს.

ექსპერტები ამბობენ, რომ კვლევებმა, შესაძლოა, ვაქცინაციის სტრატეგიასა და მკურნალობის მეთოდებში გარკვეული ცვლილება შეიტანოს, რადგანაც მკურნალობის დღევანდელ მეთოდებში ცხიმოვანი გროვების ფაქტორი გათვალისწინებული არ არის.

ხანგრძლივი კოვიდის მკურნალობის მეთოდები

ექსპერტებმა, ასევე, დაადგინეს, რომ ცხიმის უჯრედებში არსებული ვირუსი ანტივირუსულ თერაპიას ექვემდებარება (მაგ. რემდისივირით ჩატარებულ თერაპიაზე). ასევე, მოხდება იმ პრეპარატების შესწავლა, რომლებიც ცხიმის ქსოვილებში ანთებას ამცირებს.

ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი შეიძლება იყოს აცეტილსალიცილის მჟავა ანუ ასპირინი. საცილატებს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ფუნქციები აქვთ და სისხლში თრომბების გაჩენის რისკს ამცირებენ.  ამ კვლევების საფუძველზე უნდა გაირკვეს შედიან თუ არა ჭარბწონიანი ადამიანები რისკჯგუფში და ისარგებლებენ თუ არა ისინი გარკვეული პრიორიტეტით, მაგალითად ვაქცინაციის დროს.

ზედმეტი წონა მეტ რისკს შეიცავს

პანდემიის დასაწყისიდან ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტების დიდი ნაწილს ზედმეტი წონის პრობლემა ჰქონდა.

390 ათას პაციენტზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ჭარბწონიანი ადამიანები 113%-ით უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოებში, ვიდრე ნორმალური წონის მქონე პაციენტები, 74%-ით უფრო ხშირად ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ხვდებიან. ექიმების დაკვირვებით, მუცლის ცხიმი დიაფრაგმას აწვება, რომელიც, თავის მხრივ, აწვება ფილტვებს. შესაბამისად მცირდება ჰაერის ნაკადი და ფილტვები პატარავდება.

დამატებითი ნეგატიური ფაქტორები

ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ხშირად იმუნური სისტემა სუსტი აქვთ, უფიქსირდებათ ქრონიკული ანთება და თრომბების გაძლიერებული საფრთხე. თრომბები, პირველ რიგში, ფილტვებში შეიძლება გაჩნდეს, სადაც საკმაოდ წვრილი სისხლძარღვები არსებობს.

ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ მაღალი წნევა, გულის და ფილტვების დაავადებები და დიაბეტი. ეს ყველაფერი დამატებითი ნეგატიური ფაქტორებია, რაც კორონავირუსის დაავადებას ართულებს.  შესაბამისად, ამ პირებმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა კორონავირუსით არ დაინფიცირდნენ.

კონკრეტულად როგორ უნდა მიმდინარეობდეს ჭარბწონიანების მკურნალობა, ჯერჯერობით უცნობია. ამ საკითხზე მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ.

ამავე თემაზე:

📢 „ომიკრონით ძალით ინფიცირების მოსაზრება ბოლო დროს ძალზე მოდურია“ - ამერიკელი ექსპერტი

📢 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

📢 რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება

📢 კანაფის ნაერთებმა ადამიანის უჯრედების კორონავირუსით დაინფიცირებას ხელი შეუშალა - კვლევა