გაეროს უშიშროების საბჭო დღეს, 10 აგვისტოს საგანგებო სხდომას გამართავს, რათა ისრაელის გეგმა განიხილოს ღაზას ქალაქის აღებისა და ოკუპაციის შესახებ.
მოგეხსენებათ, რომ 8 აგვისტოს ისრაელის უშიშროების კაბინეტმა დაამტკიცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა ღაზას ქალაქში სამხედრო ოპერაციების გაფართოების შესახებ, სადაც ანკლავის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს.
ამ ნაბიჯმა მსოფლიოს დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, მაგალითისთვის, გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თქმით, „ეს სახიფათო ესკალაციაა, რომელსაც განვითარება არ უნდა მოჰყვეს“.
ევროპის საბჭოს წევრებმა: საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, სლოვენიამ, დანიამ და საბერძნეთმა მოითხოვეს სასწრაფო შეხვედრა ნიუ-იორკში. მედიის ცნობით, შეხვედრა აშშ-ის გარდა, ყველამ მხარი დაუჭირა.
სესია აღმოსავლეთის დროით, დილის 10 საათზე (14:00 GMT) დაიწყება.
ისრაელის გადაწყვეტილების შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, იტალიამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც კატეგორიულად უარყოფენ გეგმას და აღნიშნავენ, რომ ის „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის რისკს წარმოადგენს“.
მათი თქმით, ასეთი ოპერაცია „გააუარესებს არსებულ კატასტროფულ ჰუმანიტარულ სიტუაციას, საფრთხეს შეუქმნის მძევლების სიცოცხლეს და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი გადაადგილების დამატებით რისკს შექმნის“.
ისინი მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, „ყველა ღონე იხმაროს ამ საშინელი კონფლიქტის საბოლოოდ დასასრულებლად, დაუყოვნებლივი და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის გზით, რაც შესაძლებელს გახდის ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბურად, დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად მიწოდებას, მაშინ, როდესაც ღაზას სექტორი ყველაზე უარესი სცენარის - შიმშილის წინაშე დგას“.
ამასობაში, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შეაჩერა ისრაელში იარაღის ექსპორტი, რომელიც შესაძლოა ღაზას სექტორში გამოიყენებოდეს.
მისი თქმით, ისრაელის ქმედებები ოპერაციის თავდაპირველი მიზნების მიღწევას ართულებს.
„ამ ვითარებაში, გერმანიის მთავრობა შემდგომ შეტყობინებამდე არ დაამტკიცებს სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტს, რომელიც შესაძლოა, ღაზას სექტორში გამოიყენებოდეს“, - განაცხადა მან.
მერცმა ასევე გაიმეორა გერმანიის მთავრობის უკვე გაცხადებული პოზიცია ისრაელის უფლებასთან დაკავშირებით, დაიცვას თავი „ჰამასისგან“.
„მძევლების გათავისუფლება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადამწყვეტი მოლაპარაკებები ჩვენი პრიორიტეტია. „ჰამასის“ განიარაღება აუცილებელია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.