მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ ჩინეთთან დაძაბულობით დაინტერესებული არ არის“ - თეთრი სახლი ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის გამო ჩინეთის რიტორიკას აკრიტიკებს

პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი

თეთრმა სახლმა დაგმო პეკინის რიტორიკა ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ აშშ-ში ჩინეთთან დაძაბულობით დაინტერესებული არ არიან. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება.

პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ პეკინმა შესაძლოა გამოიყენოს ვიზიტი, როგორც საბაბი პროვოკაციული საპასუხო ნაბიჯების გადასადგმელად, მათ შორის სამხედრო მოქმედებების ჩათვლით, როგორიცაა რაკეტების გასროლა ტაივანის სრუტეში ან ტაივანის გარშემო.

„მარტივად რომ ვთქვათ, არ არსებობს მიზეზი, რომ პეკინმა პოტენციური ვიზიტი გადააქციოს აშშ-ის გრძელვადიანი პოლიტიკის შესაბამისობაში ერთგვარ კრიზისად ან გამოიყენოს იგი, როგორც საბაბი, რათა გაზარდოს აგრესიული სამხედრო აქტივობა ტაივანის სრუტეში ან მის გარშემო“, - თქვა კირბიმ.

ამასთან, ტაივანის ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ პელოსი ტაივანში სამშაბათს ღამით ჩავა. 

„თუ პელოსი დაჟინებით მოითხოვს ტაივანში ვიზიტს, ჩინეთი მიიღებს მტკიცე ზომებს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჟაო ლიჯიანმა.

მანვე დასძინა, რომ ვინც ცეცხლს ეთამაშება, ის იღუპება. 

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ასევე გააფრთხილა აშშ, რომ არ ჩაერიოს პეკინის საქმეებში.

ცნობისთვის აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

ამავე თემაზე: 

🔴 „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“ - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს აფრთხილებს

🔴 ბაიდენის ადმინისტრაციის შეშფოთების მიუხედავად, პელოსი შესაძლოა, ტაივანს მაინც ეწვიოს - CNN

🔴 პელოსის ტაივანში ვიზიტის წინ, ორი ჩინური ავიამზიდი ზღვაში გავიდა - ჩინური მედია