მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატოს გენერალური მდივანი გახდეს - The Telegraph

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც თანამდებობას მალე ოფიციალურად დატოვებს, შესაძლოა, ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს, - ამის შესახებ The Telegraph იუწყება. 

გადადგომის შემდეგ, ჯონსონი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაღალი თანამდებობის გარეშე დარჩეს, განსაკუთრებით უკრაინის ძლიერი მხარდაჭერის ფონზე, რომელმაც პოლიტიკოსის ლიდერის თვისებები აჩვენა.

ჯონსონის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატად წარდგენას მხარს უჭერენ ალიანსის თავდაცვის კომიტეტის წევრები რიჩარდ დრაქსი და მარკ ფრანსუა.

მეორე მხრივ, 2006-2009 წლებში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი რიჩარდ დანატი მიიჩნევს, რომ ჯონსონის ირგვლივ არსებულმა სკანდალებმა, რის გამოც მან გადადგომის შესახებ განაცხადა, შესაძლოა, პოლიტიკოსის მიმართ ნდობა შეარყიოს. 

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, ანონიმური წყარო ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროდან აცხადებს, რომ ჯონსონის სავარაუდო დანიშვნა ალიანსის გენერალურ მდივნად საეჭვოა.

„რეალობა ისაა, რომ ნატოს წარმომადგენლები ინიშნებიან ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, რომ რომელიმე პოლიტიკოსის კანდიდატურას ვეტო დაადოს. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი მაკრონი წარადგენს ბორის ჯონსონს ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე?“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ნატოს ამჟამად იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. იგი ამ თანამდებობაზე 2014 წელს 5 წლის ვადით დაინიშნა, თუმცა 2019 წელს მანდატი 2022 წლის ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდა. 24 მარტს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, ნატოს წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ სტოლტენბერგი თანამდებობაზე 2023 წლის 30 სექტემბრამდე უნდა დარჩეს. 

შეგახსენებთ, 7 ივლისს ბორის ჯონსონმა ოფიციალურად დატოვა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

მან სიტყვით გამოსვლის დროს ასევე მიმართა უკრაინელებს და განაცხადა, რომ ბრიტანეთი კვლავ გააგრძელებს ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას.

გადადგომას წინ უძღოდა კონსერვატორული პარტიისა და მთავრობის მიერ ბორის ჯონსონის კრიტიკა და მოწოდება მისი გადადგომის შესახებ.

ამავე თემაზე: 

🔴 ბორის ჯონსონი გადადგა

🔴  „სულელი კლოუნის სამწუხარო დასასრული“ - კრემლში ბორის ჯონსონის გადადგომას მხიარულება მოჰყვა

🔴  ჯო ბაიდენი ბორის ჯონსონის გადადგომას გამოეხმაურა