მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთის პასუხი იქნება ძალიან მტკიცე და ძლიერი - ჩინეთის ელჩი აშშ-ში

ჩინეთის ელჩი აშშ-ში

„ჩინეთი გაბრაზებულია აშშ-ის პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტით. ჩინეთი უპასუხებს ძლიერად“, - ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ცინ განგმა CNN-ის ეთერში განაცხადა

„ჩვენ ვაპირებთ მივიღოთ ყველა შესაძლო ზომა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მტკიცე, ძლიერი და ძლიერი“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პელოსი წარმოადგენს ამერიკის ძალაუფლების უმაღლეს ეშელონს, ამიტომ მისი ვიზიტი ტაივანში არ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა.

„მის ვიზიტს, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ დროს მისი თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში, მოჰყვება უკიდურესად მტკივნეული პოლიტიკური რეაქცია და გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციას ტაივანის სრუტეში და შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში“, - დასძინა მან.

განგმა, ასევე თქვა, რომ უკანასკნელად აშშ-ის კონგრესის სპიკერი ტაივანს ეწვია 25 წლის წინ. მისი აზრით, ეს ვიზიტი იყო „შეცდომა“ და „გაკვეთილი“, რომელიც თითქოს აშშ-მა ვერ ისწავლა.

2 აგვისტოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. ტაიბეიში პელოსი ჩავიდა კონგრესის დელეგაციასთან ერთად, რომლებიც ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრას გეგმავენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში აშშ-ის მხრიდან სერიოზულ პოლიტიკურ პროვოკაციად აფასებს.

ცნობისთვის, აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

ამავე თემაზე: 

🔴 ჩინეთის მუქარის მიუხედავად, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა

🔴 „ეს ყველაფერი წმინდა პროვოკაციაა“ - დმიტრი პესკოვი

🔴 „ტაივანისთვის აშშ-ის სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას - ავტოკრატია თუ დემოკრატია“ - ნენსი პელოსი

🔴 ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტს არ არღვევს - ჯონ კირბი

🔴 ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა - ჩინეთის საგარეო უწყება